June 5, 2025

“ბრძოლა თუ ცხადდება, უნდა მიიღო მონაწილეობა, სტრატეგიული შეცდომაა იმ პარტიების დამუნათება, რომლებიც აპირებენ მონაწილეობის მიღებას” - კახა გოგოლაშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე

“რაციონალურად არის ასე: ბრძოლა თუ ცხადდება, უნდა მიიღო მონაწილეობა, უნდა შეეცადო, რომ გაიმარჯვო, “- ამის შესახებ “ევროპული კვლევების ცენტრის“ დირექტორმა, „რონდელის ფონდის“ მკვლევარმა კახა გოგოლაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების შესაძლო მონაწილეობაზე საუბრისას, ტელეკომპანია “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, თუ ოპოზიცია 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და საზოგადოებას აჩვენებს, რომ არჩევნები გაყალბდა, პროტესტის მუხტი კიდევ უფრო გაიზრდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, “ქართულ ოცნებას” ექნება ძლიერი არგუმენტი. შესაბამისად, გოგოლაშვილის განცხადებით, სტრატეგიული შეცდომაა იმ პარტიების დამუნათება, ვინც აპირებს, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.

 

“თუ საუბარია პატრიოტიზმზე, მცდელობაზე და კიდევ იმაზე, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრიო, რა იმედი ჰქონდა 300 არაგველს, როცა შეებნენ აღა მაჰმად ხანის უზარმაზარ გამარჯვებულ არმიას კრწანისში? არ ჰქონდათ არაფრის იმედი, მაგრამ მათ იცოდნენ, რომ ამ ბრძოლით ამტკიცებდნენ საქართველოს ლტოლვას დამოუკიდებლობისადმი. ეს პათეტიკური მაგალითი მოვიყვანე, მაგრამ, ძალიან რაციონალურზე რომ ჩამოვიდეთ, რაციონალურად არის ასე: ბრძოლა თუ ცხადდება, უნდა მიიღო მონაწილეობა, უნდა შეეცადო, რომ გაიმარჯვო, ეგზიტპოლები აჩვენებს, შენ გაიმარჯვე თუ არ გაიმარჯვე და დანარჩენი, რა შედეგსაც “ქართული ოცნება” ეგზიტპოლების საწინააღმდეგოდ აჩვენებს, იქნება იმის დამამტკიცებელი საბუთი, რომ ეს არჩევნები გაყალბდა. აქედან გამომდინარე, პროტესტის მუხტი, ამ შემთხვევაში, კიდევ უფრო გაიზრდება, მაგრამ, თუ შენ საერთოდ არ იღებ [არჩევნებში] მონაწილეობას, რა იმედი გაქვს იმისა, რომ პროტესტის მუხტს შეინარჩუნებ და “ოცნებას” აიძულებ საპარლამენტო არჩევნებზე წამოსვლას. მათ ექნებათ ძალიან ძლიერი არგუმენტი: ჩვენ შევთავაზეთ მონაწილეობა – მათ არ მიიღეს, ჩვენ გავიმარჯვეთ სუფთად, ე.ი. პრინციპში, ოპოზიციას მხარდამჭერები არ ჰყავს, ყოველ შემთხვევაში, ვერ გვაჩვენეს ვერაფერი. სტრატეგიული შეცდომაა, იმ პარტიების დამუნათება, რომლებიც აპირებენ მონაწილეობის მიღებას. რა თქმა უნდა, ისინი უნდა ეცადონ, საპროტესტო მუხტი შემოირტყან გარშემო და აიძულონ რაღაც-რაღაც კანონების შეცვლა.” – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

 

მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიები როდესაც არ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას, ისინი ან იატაკქვეშეთში გადადიან, ან საერთოდ აღარ არსებობენ, ხოლო, მოსუფთავებული პოლიტიკური ველი “ქართული ოცნების” ინტერესში შედის.

 

“პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას, ადრე თუ გვიან, ან გადადიან იატაკქვეშეთში და მიდის დისიდენტური ბრძოლა, ან იკარგებიან და საერთოდ აღარ არსებობენ. “ოცნებასაც” ეს უნდა. “ოცნებას” უნდა, რომ მოსუფთავდეს პოლიტიკური ველი, ანუ, არააქტიურები დარჩნენ პოლიტიკაში ეს პარტიები.
ადგილობრივი არჩევნები ინიშნება არა იმიტომ, რომ ლეგიტიმურია მთავრობა, არამედ, იმიტომ, რომ ეს არის შესაძლებლობა, რომელიც კონსტიტუციით არის გათვალისწინებული და ამ შესაძლებლობას იყენებენ პოლიტიკური ძალები. მგონია, რომ აქ კონცეპტუალური შეცდომაა. რა თქმა უნდა, თუ რადიკალიზაციაზე მიდის პოლიტიკური სპექტრი და ურჩევნია რადიკალიზაცია, უნდა გაზომოს, რამდენად აქვს რადიკალურ გარემოში და სრული ბოიკოტის გარემოში გამარჯვების, რაიმე შედეგის მიღწევის შესაძლებლობა.” – აღნიშნა კახა გოგოლაშვილმა.

წაკითხვა 313 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 03 2025

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.