ზურაბიშვილის თქმით, „ამ პირობებში“ თვითმმართველობის არჩევნები გამარჯვების მომტანი ვერ იქნება
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში დღეს არსებული მოცემულობის პირობებში ეწინააღმდეგება ოპოზიციური პარტიების თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. ამის შესახებ მან თავის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და დაასახელა რამდენიმე მიზეზი.
„ადგილობრივი არჩევნების დანიშვნა და მასში მონაწილეობა, როცა ქვეყანაში გვყავს 60-ზე მეტი პოლიტპატიმარი, ცოტა გასაკვირია და ჩემთვის გაუგებარიც კია. როცა არ არსებობს ამ ქვეყანაში (ამას ვხედავთ ყოველდღიურად, როცა ვუსმენთ და ვუყურებთ, რა ხდება სასამართლოში), რომ არანაირი ნდობა არ შეიძლება არავის ჰქონდეს სასამართლოსი და იმისი, რომ სასამართლო რომელიმე არჩევნებში, ასეთ სასამართლო თუ იქნა და არა შეტანილი ცვლილებები ამ სასამართლოს მოქმედებაში, რომ რომელიმე დავას გაამართლებს, რომელიმე პარტიისთვის, თუ ვინმეს ამის სჯერა, როგორც მინიმუმ, მიამიტობაზე უნდა ვისაუბროთ“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ ეს არის მისი პირადი მოსაზრება და არა „წინააღმდეგობის მოძრაობის“, რომლის ლიდერი თავადაცაა.
მისი თქმით, მძიმე მდგომარეობაშია მედია, რომელსაც „ქართული ოცნების“ მიღებული ახალი კანონით ჯარიმები და მაუწყებლობის უფლების გაუქმება ელის:
„ვინც აქ ხართ, ჩემზე უკეთ იცით, რა დღეშია დღეს მედია. მედია არის აუცილებელი კომპონენტი არჩევნებისა ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში და ჩვენთან არა მხოლოდ ნელ-ნელა იზღუდება ის სივრცე, რომელშიც მედიები ოპერირებენ, ყოველდღე მძიმდება სიტუაცია“.
მიზეზებს შორის მან ისაუბრა დამკვირვებლების შემზღუდველი კანონის მიღებაზეც:
„დამკვირვებლების უფლებები კიდევ უფრო შეიზღუდა. რეალურად ვერაფერზე დაკვირვებას ვერ შეძლებენ. საერთაშორისო დამკვირვებლები იშვიათად თუ მიდიან ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად... ამ პირობებში ვინმეს თუ აქვს რაიმეს იმედი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის, მე ვერ ვხედავ, არ მესმის, როგორ შეიძლება ამან მოიტანოს გამარჯვება და არ მოიტანოს იმედგაცრუება“.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა არ უნდა მიიღონ მასში მონაწილეობა, რადგან ეს იქნება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისა და 2024 წლის მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმაცია.
სიახლეები
- აქტივისტ უჩა ქემაშვილს სასამართლომ 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
- “მე შემეძლო არ გადამეხადა გირაო, მაგრამ გადავიხადე იმიტომ, რომ ეს პროცესი კიდევ ერთხელ გაიწელოს და კიდევ ერთხელ ყველამ დაინახოს, რომ ჩვენ არც სასამართლო გვაქვს, არც სამართალი” - მამუკა ხაზარაძე
- სომხეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი მოჭრილი ყვავილები უკან გაბრუნებას დაექვემდებარა
- ლარის კურსი
- “საქართველოსთვის დიდი დანაკარგი არ იქნება, „ლელო“ ანა დოლიძესთან ერთად იქნება, თუ ცალკე” - გიორგი ვოლსკი