“მოვუწოდებთ მთავრობას, ეუთოს სადამკვირვებლო მისია მოიწვიოს” - ბრიტანეთის საელჩო
ბრიტანეთის საელჩო საქართველოში მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია 2025 წლის ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებზე და გაითვალისწინოს ორგანიზაციის რეკომენდაციები.
„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს ეუთო/ოდირის მისია ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების დასაკვირვებლად და გაითვალისწინოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოდირის საბოლოო ანგარიშში გაცემული ყველა რეკომენდაცია“, - წერს ბრიტანეთის საელჩო 18 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.
„ქართველი ხალხის იმედები და მისწრაფებები მიმართულია დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ, და ვიმედოვნებთ, რომ დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს თანამშრომლობა, ისევე როგორც საქართველოს თანამშრომლობა ევროპულ ინსტიტუტებთან, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ამ მიზნების მიღწევას“, - აცხადებს საელჩო.
ერთი კვირით ადრე, 11 ივნისს, ბრიტანეთის საელჩომ განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო იძულებული გახდა, „გრანტების კანონში“ ცვლილებების შედეგად გაეუქმებინა დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა საარჩევნოდ გამჭვირვალობის ხელშეწყობას.
მოგვიანებით ინტერნეტგამოცემა „ტაბულამ“ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მას შეეხო - „ტაბულამ“ მოიგო გრანტი 50 000 ფუნტის ოდენობით, რომელიც „უნდა მოხმარებოდა თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ქართული საზოგადოების ინფორმირებას“.
იმავე დღეს პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია საელჩოს სხვა ბენეფიციარებთან დაკავშირებით. კერძოდ, „იმედის“ თანახმად, „ტაბულას“ გარდა, იგეგმებოდა შემდეგი ორგანიზაციების დაფინანსება:
- „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ - 99,988 ფუნტი
- „კანონის უზენაესობის ცენტრი“ - 97,868 ფუნტი
- „საქართველოს მომავლის აკადემია“ - 99,975 ფუნტი.
„ბრიტანეთის საელჩო აპირებდა პროპაგანდის და რადიკალიზმის დაფინანსებას და მიიღო გადაწყვეტილება, რადგან ახლა თანხმობა სჭირდებოდა“, - განაცხადა სადავო პარლამენტის სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა 12 ივნისს.
ბრიტანეთის საელჩო დღევანდელ განცხადებაში წერს: „საქართველოს მთავრობა თავად უჭერდა მხარს ამ საქმიანობას და ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ამ საქმიანობის აღწერას, როგორც „პროპაგანდისა და ექსტრემიზმის“ დაფინანსებას“.
„ეს არ შეესაბამება სიმართლეს. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მონიტორინგს, რაც პროფესიონალური და გამჭვირვალე საარჩევნო ზედამხედველობის მნიშვნელოვანი ნაწილია“, - წერს საელჩო.
ბრიტანეთის საელჩო ახსენებს 2019 წელს საქართველოსა და ბრიტანეთის მთავრობის მიერ ხელმოწერილ სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებასა და შეთანხმების მე-4 მუხლს, რომელიც, საელჩოს თანახმად, ავალდებულებს მხარეებს:
„ითანამშრომლონ დემოკრატიული ინსტიტუტების სტაბილურობისა და ეფექტიანობის გასაძლიერებლად, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის უზრუნველსაყოფად, სასამართლო რეფორმის ხელშეწყობისთვის“.
„სწორედ ამის საფუძველზე დიდი ბრიტანეთი ბევრი წელია მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში“, - განმარტავს საელჩო.
სიახლეები
- “"ძალიან მძიმე საყურებელია რაც ხდება. ვისაც გიხარიათ ან ვისთვისაც ეს სულ ერთია, ძალიან მალე საკუთარ თავზე გამოცდით რას ნიშნავს როცა უსამართლობისგან ვერც ერთი სახელმწიფო უწყება დაგიცავთ” - ლონდა თოლორაია
- 4 000 ლარით დააჯარიმეს ბაია პატარაია ფეისბუკ-სტატუსის გამო
- “ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად, არ დაგვიკარგავს არცერთი გოჯი მიწა” - “საქართველოსთვის”
- ,,სიძემ სიმამრი მოკლა” – რას ამბობენ ადგილობრივები ხაშურში მომხდარ მკვლელობაზე
- კარტოფილის ღვეზელი