,,ვისაც პოლიტიკური ინტერესი არ აქვს, ყველამ იცის, რომ ეს ევროპული კანონია და მედია ამ ფუნდამენტურ სტანდარტებს უნდა იცავდეს"- კახა ბექაური

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა დღეს გამართულ სხდომაზე, მედიის წარმომადგენლებს და საზოგადოებას შეახსენა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები სრულად ევროპულია და ის ევროპის ყველა ქვეყანაში დიდი ხანია მოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

კერძოდ, მათივე ცნობით, ევროპული ქვეყნები მაუწყებლებს წლებია ავალებს ისეთი ჟურნალისტური ფუნდამენტური სტანდარტების დაცვას, რასაც პასუხისმგებლიანი მედია ისედაც უნდა აკეთებდეს.

„აღნიშნული კანონით მაუწყებლებს მოეთხოვებათ, რომ ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია ჯეროვანი სიზუსტით გადასცენ მაყურებელს. ასევე, დაიცვან სამართლიანობის და მიუკერძოებლობის სტანდარტი, მკაფიოდ გამიჯნონ ერთმანეთისგან ფაქტი და მოსაზრება, ახალ ამბებში და საზოგადოებრივ პოლიტიკურ გადაცემებში არ გამოხატონ პოზიცია, ასეთი ჟურნალისტური სტანდარტების დაცვა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ევროპაში ეს დიდი ხანია აღარ არის სადავო, იქ მაუწყებლებში მსგავსი პრობლემები აღარ აქვთ და ახლა უკვე სოციალურ მედიაში ხდება მსგავსი დარღვევების პრევენცია. იმის საპირისპირო მოსაზრება და ფაქტი, რომ ეს ევროპული კანონია, მე ჯერ არ მომისმენია, მესმის მხოლოდ სკეპტიციზმი, ისიც კარგად მესმის, რომ გაქვთ კითხვები კანონის აღსრულების ნაწილში, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ამ მიმართულებით მედიას ღელვის საფუძველი არ აქვს, ვინაიდან კომისიას აქვს ერთადერთი მიზანი – გააჯანსაღოს მედია გარემო. უამრავი კომენტარი მოვისმინე, რომ ეს მედიის სადამსჯელო კანონია, გარწმუნებთ, რომ ასე არ არის და კომისია ყველაფერს გააკეთებს, რომ მჭიდრო თანამშრომლობით მაუწყებლებთან, ვისაც გულწრფელად აღელვებთ ეს საკითხი, აღმოფხვრას მედიაში ისეთი პრობლემები, რომელიც მაყურებელს და მედიას აზიანებს“, – განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა.

მისივე თქმით, გარკვეულ ნაწილს ადამიანებისას, ვინც კომისიას უამრავ ბრალდებას უყენებს, ეს შესაძლოა პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდებოდეს, თუმცა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ კომისია ასეთ დღის წესრიგს არ მისდევს და თავისი დღის წესრიგით გააგრძელებს მუშაობას.

„ვისაც პოლიტიკურად სჭირდება, რომ ილაპარაკოს ცენზურაზე, ეს მისი საქმეა, მე ამ დღის წესრიგს არასოდეს მივსდევ, არც არასდროს მიმიქცევია ყურადღება. ის ადამიანები, ჟურნალისტები და პროდიუსერები, ვისაც მედიის ბედი აღელვებს და დაინტერესებულია ამით, ყველამ კარგად იცის, რომ ეს ევროპული კანონია და მედია ამ ელემენტარულ ფუნდამენტურ სტანდარტებს აუცილებლად უნდა იცავდეს. საბედნიეროდ, იმ ნაწილის გარდა, ვისაც პოლიტიკური ინტერესები აქვს, ჩვენ მედიაში არიან მაღალი დონის პროფესიონალები, რომლებმაც ზუსტად იციან ჟურნალისტური სტანდარტი რა არის. იციან, როგორ იმიჯნება ფაქტი მოსაზრებისგან, როგორ უნდა გააკეთონ ეს, რა არის ფაქტი და რა ჩაითვლება ფაქტის დამახინჯებად. ამიტომ, ჩვენ ისეთ ადამიანებთან, რომელთაც ეს იციან და გულწრფელი სურვილიც აქვთ ეს სტანდარტი დაიცვან, რომ შეცდომაში არ შევიდეს ჩვენი მაყურებელი, მაქსიმალურად მჭიდროდ ვითანამშრომლებთ“, – განაცხადა კომისიის სხდომაზე კახა ბექაურმა.

წაკითხვა 150 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.