“17 ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ხელმოწერით გავრცელდა წერილი, რომელიც უნდა შეფასდეს, როგორც მორიგი უხეში და უსამართლო თავდასხმა ქართველ ხალხზე” – “ქართული ოცნება”
“17 ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ხელმოწერით გავრცელდა წერილი, რომელიც, სამწუხაროდ, უნდა შეფასდეს როგორც მორიგი უხეში და უსამართლო თავდასხმა ქართველ ხალხზე და ქართულ დემოკრატიაზე” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში წერია.
მათივე ცნობით, განცხადება გაჯერებულია საბჭოური სტილის დეზინფორმაციით და ცრუ ბრალდებებით.
“შესაბამისად, მოვუწოდებთ წერილის თითოეულ ხელმომწერს, საკუთარ განცხადებებს მომავალში მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ.
ქართველი ხალხის წინააღმდეგ ორკესტრირებულ თავდასხმას, რომელმაც 26 ოქტომბრის შემდეგ ახალი შინაარსი შეიძინა, აქვს ერთადერთი მიზეზი – ქართველმა ხალხმა არ დაუშვა ხელისუფლებაში „დიპ სტეიტის“ აგენტურის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, რასაც ღიად გულშემატკივრობდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში და კონკრეტული ევროპელი და ყოფილი ამერიკელი ჩინოვნიკები.
ყველა ხედავს, რომ საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ვერავინ აყენებს ეჭვქვეშ. გარდა ობიექტური სინამდვილისა, არჩევნების ლეგიტიმურობას ამყარებს როგორც ეუთო/ოდირის დასკვნა, ისე ეუთოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირების განცხადებები, მათ შორის ეუთოს გენერალური მდივნის რამდენიმე დღის წინანდელი განცხადება იმის შესახებ, რომ 2024 წლის არჩევნები ქართველი ხალხის ნებას სრულად ასახავდა. აშკარაა, რომ ევროპელი ჩინოვნიკები არა არჩევნების შინაარსით, არამედ მისი შედეგით არიან უკმაყოფილო.
18 ევროპელი ჩინოვნიკის განცხადებაში მოცემული ერთ-ერთი დეზინფორმაცია უკავშირდება რადიკალი პოლიტიკოსების დაპატიმრებას, რომელსაც „პოლიტიკურად მოტივირებულს“ უწოდებენ და მის მიზნად ადგილობრივი არჩევნების წინ „პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობას“ ასახელებენ. პირველ რიგში, ყველას უნდა შევახსენოთ, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გეგმავდნენ/გეგმავენ. ხელმომწერ ჩინოვნიკებს ისიც უნდა შევახსენოთ, რომ კანონი, რომლის საფუძველზეც პოლიტიკოსებს პატიმრობა შეეფარდათ, საქართველოში სამი ათეული წლის წინ არის მიღებული და ის ევროპულ პრაქტიკას და სტანდარტებს სრულად შეესატყვისება. შესაბამისი სისხლის სამართლის საქმეები სრულიად მარტივი და გამჭვირვალეა. კონკრეტული პოლიტიკოსები არ გამოცხადდნენ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში, რისთვისაც კანონმდებლობა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და ამ დანაშაულისთვის მათ 7-8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. ვინც გამოცხადდა, მას არც არავითარი სასჯელი შეფარდებია. მეტიც, სწორედ თვითმმართველობის არჩევნების კონტექსტში, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ შეიწყალებდა ყველა პოლიტიკოსს, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამდა და შესაბამისი განცხადებით პრეზიდენტს მიმართავდა. თუმცა, ამ შემთხვევაშიც რადიკალმა პოლიტიკოსებმა გამოხატეს სრული უპატივცემულობა სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ, რასაც ევროპელი ჩინოვნიკები მდუმარე მხარდაჭერით შეხვდნენ”, – წერია განცხადებაში.
სიახლეები
- “ვერაფერს იზამს უცხოეთი – შეგვიტევენ და ბოლოს და ბოლოს, ღმერთი თავის ძალას აჩვენებს ყველას” - მეუფე იაკობი
- მერაბ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო მებრძოლად დაასახელეს
- “დემოკრატია არ მიიღწევა ბოიკოტით, ის მიიღწევა ბრძოლით” - ელეონორა არჩაია
- “ყველას გვინდა, შევახსენოთ, რომ თუკი სადმე შეიძინა პოლიტიკური ელფერი პოლიტიკოსების სამართლებრივმა დევნამ, ეს სწორედ გერმანია და საფრანგეთია” – “ქართული ოცნება”
- საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 12 მოციქულის ხსენების დღეს – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს