რატომ ვირჩევთ ევროპას?

 

„საქართველოს ხელისუფლებამ სავიზო პოლიტიკა შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს ევროკავშირის სიასთან, სადაც ის ქვეყნებია მოცემული, რომლებიც ვიზებს საჭიროებენ, განსაკუთრებით იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ევროკავშირისთვის საფრთხეს წარმოადგენენ არალეგალური მიგრაციის ან უსაფრთხოების თვალსაზრისით“,- ამის შესახებ ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის ბეატე გმინდერის წერილშია ნათქვამი, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს  უგზავნის.

ამასთან, წერილს დანართის სახით თან ერთვის 8 რეკომენდაციის სია, რომლის თანახმადაც საქართველოს ხელისუფლებამ:

 

"საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები უნდა უზრუნველყოს და დაიცვას, მათ შორის გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვა. (ვრცლად იხილეთ ბმულზე)

 

 

რატომ ვირჩევთ ევროპას? - ამ საკითხზე საინფორმაციო სააგენტო FirstNews.ge-მ გამოკითხვა ჩაატარა:

 

მათე ჩაფიჩაძე - ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორი

 

„ევროპის არჩევა ნიშნავს განათლების, ჯანდაცვისა და ეკონომიკისა განვითარებას. ეს არის გზა უსაფრთხო და ადეკვატური შრომის ანაზღაურებისაკენ, სადაც ხვალინდელი დღის შიშის გარეშე ცხოვრობ, სადაც არის ნამდვილი მშვიდობა.

ევროპული გზა ასევე გულისხმობს ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, კანონის უზენაესობას, თანასწორობასა და ადამიანის უფლებების დაცვას. ეს არის არჩევანი უკეთესი მომავლისთვის“.

 

ირაკლი თევზაძე - RICDOG გენერალური მდივანი

 

„ვირჩევთ ევროპას, რადგან ის წარმოადგენს ეკონომიკური კეთილდღეობის, მაღალი ხარისხის განათლებისა და დემოკრატიული ფასეულობების სივრცეს, სადაც თითოეულ ახალგაზრდას აქვს შესაძლებლობა სრულად გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი და ჩაერთოს ქვეყნის განვითარებაში.

 

ევროპა ნიშნავს ღირებულებებზე დაფუძნებულ საზოგადოებას, ძლიერი სამოქალაქო სივრცითა და ადამიანის უფლებების დაცვით - სწორედ ამიტომ, საქართველოს მოსახლეობის 80% ირჩევს საქართველოს გზას ევროპაში!“

 

სალომე ბაკურაძე - სამართალმცოდნე

„ვირჩევთ ევროპას, რადგან ევროპა არის, წინსვლა, განვითარება და ადამიანურ ღირებულებებზე ორიენტირებული სამყარო.“

 

თათია ახვლედიანი - ჟურნალისტი

„საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია, სწორედ ამიტომ ჩვენი არჩევანი ევროპული ღირებულებებია, სადაც დაცულია ადამიანის თავისუფლება და მისი ყველა უფლება, იყოს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. ევროპასთან ერთად შეგვიძლია სტაბილური, ძლიერი და განვითარებაზე ორიენტირებული ეკონომიკა გვქონდეს, რაც საშუალებას მოგვცეს რომ ქვეყანა არ დაიცალოს და ქართველმა ღირსეული სამუშაო პირობები თავისსავე ქვეყანაში მიიღოს, იქ სადაც მისი ოჯახია.

ევროპა გვაძლევს შესაძლებლობას მივიღოთ მაღალი ხარისხის განათლება და სამედიცინო მომსახურება.

მნიშვნელოვანი მონაპოვარია ჩვენთვის ვიზალიბერალიზაცია, რომელიც არა თუ გაძლევს საშუალებას ნებისმიერ დროს ჩანთა აიღო და შემოიარო მთელი ევროპა, არამედ ეს არის უდიდესი საშუალება გქონდეს წვდომა დასაქმების ძლიერ ბაზარზე, ჯანდაცვის მაღალი დონის სისტემაზე, ბიზნესის მარტივად წარმოებაზე. ვიზალიბერალიზაცია აერთიანებს ემიგრაციით გახლეჩილ ოჯახებსა და სწორედ ამიტომ გვჭირდება ევროპა, ჩვენი ძირძველი ოჯახი რომ არ დავკარგოთ დღევანდელი ოჯახები“.

 

თამუნა ჯიქია - მენეჯმენტის მაგისტრი

 

„რატომ ევროპა? ევროპა არ არის მხოლოდ გეოგრაფიული არეალი. ეს არის არჩევანი მომავლისთვის. თავის დროზე ევროპის მოსახლეობამ გააკეთა არჩევანი, რამაც მათ მოუტანა ეკონომიკური კეთილდღეობა, ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა, გამართული განათლების სისტემა, სამართლიანი მართლმსაჯულება, სტაბილური და კონკურენტული შრომის ბაზარი და კიდევ უამრავი სხვა სიკეთე. ვფიქრობ, ჩემი ქვეყნის კულტურისა და ტრადიციების მრავალფეროვნებით, ევროპის  ღირსეული და საინტერესო ნაწილი ვიქნებით. შევინარჩუნებთ ჩვენს თვითმყოფადობას და ამავდროულად ფეხს ავუწყობთ აწმყოს გამოწვევებს. ასე წარმომიდგენია ევროპული მომავალი ჩემი ქვეყნისთვის.“

 

რომა ხარიბეგაშვილი - სტუდენტი

 

„მაღალი ანაზღაურება, უვიზო მიმოსვლა, მაღალი დონის განათლება და უამრავი გაცვლითი პროგრამა, მეტი სამუშაო სივრცე და კარიერული განვითარების მაღალი საფეხურები“.

 

თიკო ჭელიშვილი: სოციალური მუშაკი, თემის განვითარების ფასილიტატორი

 

„კორუმპირებული სისტემისთვის ევროინტეგრაცია ნიშნავს:

მკაცრ ანტიკორუფციულ მექანიზმებს;

გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას;

სამართლის უზენაესობას;

დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას.

მთავრობა იყენებს:

"ღირსების" და "ტრადიციების" რიტორიკას;

დასავლური "აღვირახსნილობის" მითოსს;

რუსული პროპაგანდის ნარატივებს ომისა და დესტაბილიზაციის შესახებ;

შიშის კულტურას, რომ ადამიანებმა არ მოითხოვონ რეალური ცვლილება;

ევროპული კულტურულ-ღირებულებითი სისტემის მთლიანობაში ინტეგრაცია, შესაძლებლობას მოგვცემს ამოვიდეთ სიღარიბიდან, კორუფციიდან და რუსული გავლენიდან. ეს არის გზა ღირსეული ცხოვრებისკენ, სადაც ადამიანს ექნება პერსპექტივა და თავისუფლება.

 

თამარ ფანჩვიძე - ფილოლოგი

ევროპა ყოველთვის იყო და არის ის ფუნდამენტური დემოკრატიული ღირებულება და დიდებული მიზანი, რომლისკენაც ქართველი ერი, მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა,  ჯიუტად და პრინციპულად მიისწრაფვოდა.

მიზეზი, რის გამოც ახლაც ღირსეულად მიიწევს ევროპული მომავლისკენ ქართველი საზოგადოების საღად და პროგრესულად მოაზროვნე ნაწილი, უპირველეს ყოვლისა,  ადამიანის კონსტიტუციური უფლებების დაცულობაა. ევროპული ქვეყნები ასოცირდებიან ისეთ ღირსშესანიშნავ ცნებებთან როგორებიცაა: დემოკრატია და კანონის უზენაესობა, ჯანდაცვა და უსაფრთხოება, განათლება და განვითარების შესაძლებლობა, ეკონომიკური სტაბილურობა და სოციალური უზრუნველყოფა, აზრის გამოხატვის თავისუფლება.

აღნიშნული რაციონალური მიზეზების გარდა, ევროპული არჩევანის კონტექსტში,  ემოციური მიზეზებიც ყურადსაღებია. მაგალითად, პიროვნული თავისუფლების იდეა. ამ მხრივ ევროპა ასოცირდება სივრცესთან, სადაც შეიძლება იყო ის, ვინც რეალურად ხარ, ყველანაირი მიზეზებისა და ახსნა-განმარტების გარეშე, უბრალოდ უნიკალური, განსხვავებული, მაგრამ მიღებული ინდივიდი.

ასევე ძალადობისა და სტრესის მინიმუმამდე დაყვანის ხარჯზე, უსაფრთხო და სტაბილურ გარემოში, პიროვნულ განვითარებაზე დაფუძნებულ რეალობაში ცხოვრების იდეა. ბევრისთვის ევროპა უკავშირდება სიმშვიდეს, წესრიგს, თავისუფალ გადაადგილებას და უბრალოდ ,,ნორმალური ცხოვრების” პერსპექტივას რაც ალბათ თითოეული ადამიანის ოცნებაა.

 

 

წაკითხვა 282 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 21 2025
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.