August 1, 2025

2 თვე არჩევნებამდე და 2 დღე ოპოზიციის საბოლოო პასუხამდე - ვის წარადგენს ოპოზიცია მერობის კანდიდატად

“ოპოზიცია ისევ დუმს - არჩევნებამდე ორი თვეა დარჩენილი, თუმცა, ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში უკვე დაზუსტებით მონაწილეობენ, მერობის კანდიდატთან დაკავშირებით ინფორმაციას კვლავ არ ავრცელებენ. ამბობენ, რომ საბოლოო პასუხი 31 ივლისს იქნება. მმართველ პარტიაში მიანიშნებენ, რომ მათი წარმომადგენელი კვლავ კახა კალაძეა.

ვინ იქნება ოპოზიციიდან მერობის სავარაუდო კანდიდატი და შეძლებს თუ არა საზოგადოებაში მხარდაჭერის მოპოვებას. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ “ძლიერი საქართველოს” ლიდერი ალეკო ელისაშვილი მერობის კანდიდატურას უარყოფს, ის შესაძლოა მაინც წარადგინონ, რადგან 2015 წლის მუნიციპალურ არჩევნებში მას საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდა. ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე კი ამბობს, რომ ელისაშვილის კანდიდატურის წარდგენა მისთვის კომიკური იქნება. ის აღნიშნავს, რომ ოპოზიციაში არ ეგულება ისეთი ადამიანი, რომელიც საზოგადოებაში მხარდაჭერით სარგებლობს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით 2 თვე არჩევნებამდე და 2 დღე ოპოზიციის საბოლოო პასუხამდე - ვის წარადგენს ოპოზიცია მერობის კანდიდატად.

“შეიძლება შედგეს კონკრეტული შეთანხმება. ვიცით, რომ ელისაშვილმა უარყო, რომ ის იქნება მერობის კანდიდატი, მაგრამ, არ არის გამორიცხული, რომ ის მაინც იყოს - მე ასე ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ ის აღნიშნულს უარყოფს. რატომ? პირველ რიგში იმიტომ, რომ თავის დროზე, 2015 წელს, როცა გაიმართა მუნიციპალური არჩევნები, თუ არ ვცდები, ჩუღურეთი ან საბურთალო იყო, “ოცნებას” რეიტინგი მაშინ ძალიან მაღალი ჰქონდა - ელისაშვილმა მანდ მოიპოვა გამარჯვება. ვფიქრობ, ელისაშვილს გარკვეული რესურსი შეიძლება ჰქონდეს. სხვათა შორის, მერობაზეც იყარა კენჭი - 18% აიღო. დღეს კი, ბატონო, სხვა ვითარებაა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ელისაშვილის წარდგენა მაინც მოხდეს. და თუ ეს არ გამართლდა, კონკრეტულ ადამიანს მართალია, ვერ დაგისახელებთ, მაგრამ შესაძლებელია შეთანხმება მოხდეს და მერობის კანდიდატი არ იყოს არც გახარიას პარტიიდან და არც “ლელოდან”, არამედ იყოს პირი, რომელიც ოპოზიციურადაა განწყობილი და ემხრობა იდეას, რომ ოპოზიცია გაიმარჯვებს არჩევნებში”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“მე არ მეგულება არავინ - რადგან მოხდა დისკრედიტაცია მეტ-ნაკლებად ცნობილი პირებისა, მე უბრალოდ ოპოზიციაში არავინ მეგულება. ყველამ გავიცინეთ, როცა გავიგეთ, რომ “ლელო” აპირებდა ელისაშვილის წარდგენას - ნამდვილი კლოუნი. ჩვენ ყველას გვახსოვს მისი გამოსვლები ტელევიზიით - ლანძღავდა, საკუთარი ღირსების შელახვის დონეზე სხვებს, შემდეგ იგივე დონეზე აქებდა. ეს ყველაფერი ხალხს ახსოვს. მოკლედ, კურიოზული პიროვნებაა, და ამის წარდგენაზე საუბრობდნენ... ოპოზიციას რჩება ის, რომ მოძებნონ საზოგადოებისათვის ცნობილი ფიგურა, რომელიც არ არის გასვრილი მათ ბინძურ საქმეებში. მაგრამ მოძებნიან? არსებობს ასეთი? უნდა იყოს ისეთი ადამიანი, რომელსაც თბილისელები გამოუცხადებენ ნდობას, ხელს მოკიდებს მერობის ურთულეს საქმეს თბილისში და დაიცავს ქალაქელების ინტერესებს - მთელი საქართველოსთან ერთად. მე ვერ წარმომიდგენია, იპოვიან თუ არა ასეთ ადამიანს. ელისაშვილზე თუ არის ლაპარაკი - ნებისმიერს შეუძლია მოკიდონ ხელი და წარადგინონ. მაგრამ ეს კიდევ ერთი კომედია იქნება. შეიძლება წარადგინონ ციხეში მჯდომი ადამიანი? ხაზარაძე ან ჯაფარიძე? - შეიძლება, თუმცა ზუსტად ვერ ვიტყვი”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.

“დღევანდელი მოცემულობით, ოპოზიციას კალაძისთვის კონკურენციის გაწევა გაუჭირდება - იმის ფონზე, რომ “ნაცმოძრაობისა” და კოალიცია “ცვლილებებისთვის” მომხრეები არ იზიარებენ იმ იდეას, რომ ოპოზიციამ არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა. გამომდინარე აქედან, რომ კალაძე არ იყოს და სხვა იყოს, “ოცნების” ამომრჩეველი არჩევნებზე მაინც მივიდოდა - დიდ ქალაქებში განსაკუთრებით, როცა, ვთქვათ, ბევრი ოპოზიციური ამომრჩეველი უბრალოდ არ მივა. ვფიქრობ, ძალიან გაუჭირდებათ იმ ოპოზიციონერებს, რომლებიც იღებენ არჩევნებში მონაწილეობას, კალაძისთვის და “ოცნებისთვის” კონკურენციის გაწევა. დღეს არავინ ჩანს, რომ მერობის არჩევნებზე მეორე ტური მაინც “გაქაჩოს”. დღეს ასეა. ჩემი შეფასებით, ხალხი პიროვნებას აძლევს ხმას - ლიდერს. იმას კი არ უყურებენ, სიაში ვინ ჰყავთ ჩაწერილი - აი, ლიდერს აკვირდებიან. ასე იყო ამ წლების განმავლობაში. და ასეთი ლიდერი ოპოზიციაში არ ჩანს. ამიტომაც, ვფიქრობ, ოპოზიციას დღევანდელი მოცემულობით, დიახ, კონკურენციის გაწევა ძალიან გაუჭირდება”, - დაასკვნის მამრაძე.

“მედიაში, განსაკუთრებით სამთავრობო ტელეკომპანიებში, აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ “ლელოსა” და გახარიას მერობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი იქნებოდა. თუმცა თავად ელისაშვილი ამას უარყოფს: “სამწუხაროდ, „რუსთავი 2” თანდათან სჯობნის ტყუილებში “იმედს” და “პოსტ ტვ-ს”. გუშინ თქვენ გაავრცელეთ ინფორმაცია, რომ ჩვენი პარტია და გახარიას პოლიტიკური ჯგუფი 31 ივლისის მერობის კანდიდატად წარმადგენენ - ტყუილი იყო ეს ამბავი. 31 ივლისი მოვა, “აღდგომა და ხვალეო”, ვნახოთ აბა, წარმადგენენ თუ არა. ხომ მარტივი გადასამოწმებელია, 2 დღე დაელოდეთ და გაიგებთ, წარმადგენენ, არ წარმადგენენ ან ვის წარადგენენ საერთოდ... ბევრ კანდიდატურასთან დაკავშირებით არის მსჯელობა. 31 ივლისს დაელოდეთ და მიხვდებით, რომ ძალიან დიდი ტყუილი დააბრეხვეთ”- განუცხადა ელისაშვილმა ჟურნალისტს. დარდა ამისა, მან თვითმმართველობის არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 4 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“თვითმმართველობის არჩევნები ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყანაში იმიტომ, რომ ეს არის პირველი დონის ხელისუფლება. ყველაზე მეტად ხალხს რაც სჭირდება, ის პრობლემები უნდა მოაგვაროს თვითმმართველობამ, როგორც საკრებულოებმა, ასევე გამგეობებმა, მერიამ. ჩვენი, მოღალატეების ხელისუფლება ერთადერთი რამით არის დაკავებული, რომ არჩევნების წინ მოგვატყუოს და არჩევნების მერე არ გააკეთოს არაფერი და თან ფული მოიპაროს”, - თქვა ელისაშვილმა. მმართველი პარტიის წევრები კი ამბობენ, რომ ოპოზიციამ თბილისის მერობის კანდიდატი რაც შეიძლება მალე დაასახელოს, რათა მათ კანდიდატზე “ყველამ ერთად ვიცინოთ”. ასე უპასუხა “ქართული ოცნების” დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, თუ როგორ შეაფასებდა ოპოზიციის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, თუ “ქართული ოცნება” კვლავ კახა კალაძეს წარადგენს, მათ კანდიდატის დასახელება გაუადვილდებათ. შარმანაშვილმა დაადასტურა, რომ თბილისში “ოცნება” კვლავ კახა კალაძეს წარადგენს: “ცალსახად, გადაჭრით და პირდაპირ ითქვა, რომ “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება. ასე რომ, ამ თემაზე დისკუსია ალბათ უნდა დაიხუროს”, - თქვა მან”, - დასძენს გამოცემა.

წაკითხვა 76 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.