“რუსეთს შემოდგომიდან მოლდოვაზე კონტროლის მოპოვება სურს” - ვახტანგ მაისაია
“რუსეთი მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში უპრეცედენტო ჩარევისთვის ემზადება, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა. “რუსეთის ფედერაციას სურს, რომ შემოდგომიდან მოლდოვის რესპუბლიკაზე კონტროლი მოიპოვოს და სექტემბრის არჩევნებში უპრეცედენტო ჩარევისთვის
ემზადება”, - თქვა სანდუმ. მისივე თქმით, სექტემბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს საარჩევნო კორუფცია და რუსეთის მხრიდან არალეგალური საგარეო დაფინანსება წარმოადგენს. ცნობისთვის, მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები 28 სექტემბერს გაიმართება. საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია რუსეთის მიერ მოლდოვას არჩევნებში ჩარევის გზებს განიხილავს და აღნიშნავს, რომ მისთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია პრორუსულმა ძალებმა გაიმარჯვოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “რუსეთს შემოდგომიდან მოლდოვაზე კონტროლის მოპოვება სურს”" - სანდუ მოსკოვის არჩევნებში სერიოზულ ჩარევაზე საუბრობს.
“პრინციპში, ეს მართალია, რადგან წინა არჩევნებში მოსკოვი პირდაპირ იყო ჩარეული და ახორცილებდა ზემოქმედებას, მათ შორის ეს იყო ფინანსური დახმარება პრორუსული ძალებისთვის. ასევე, ის ახალისებდა დნეპრისპირეთში სეპარატისტულ ჯგუფების ლიდერებს და აქტიურად იყენებდა საინფორმაციო და კიბერ ომის ელემენტებს. სხვათა შორის, საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაციები ხორციელდებოდა ნატოს წევრი ქვეყნებიდანაც. ჩეხეთიდან და პოლონეთიდან რუსეთი ახერხებდა მოლდოვის პოლიტიკურ სისტემაზე გავლენის მოხდენას. ამიტომ ახლა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია მოლდოვაში სიტუაციის არევა, ვინაიდან ჯერ ერთი, მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შანსი გაეზარდა. სავსებით რეალურია, რომ რამდენიმე წელიწადში ევროკავშირის წევრი გახდეს. ეს სულ უფრო რეალური ხდება. მართალია მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობაზე პრობლემა აქვს, თუმცა არსებობს კვიპროსის მაგალითი, რომელსაც იგივე ვითარება აქვს, მაგრამ ევროკავშირის წევრი არის. ასე რომ, მოლდოვას ამ მხრივ პრობლემა არ ექნება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“თან ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 30% ევროკავშირის მოქალაქედ ითვლება, ანუ მათ აქვთ რუმინული პასპორტები. ასევე, საინტერესო ფაქტი არის ის, რომ სეპარატისტული რეგიონის სავაჭრო ბაზარი ევროკავშირისაზეა მიმართული. ალბათ, ძალიან კარგი იქნებოდა, რომ მოლდოვის ეს კონკრეტული მაგალითი საქართველომაც გაითვალისწინოს, რომ ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის ეკონონიკა ევრობაზარზე იყოს მიბმული და არა რუსეთის. ეს ნამდვილად კარგ დივიდენდებს მოგვიტანდა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მოლდოვის ევროკავშირის წევრობა რუსეთისთვის პირდაპირი საფრთხეა. რუსეთს უნდა, რომ ხელში ოდესა ჩაიგდოს და იგივენაირი ოკუპაცია მოახდინოს, როგორც თავის დროზე ყირიმის შემთხვევაში გააკეთა. მისი სურვილია, ეს ქალაქი აქციოს რუსულად, გაავრცელოს თავისი იურიდიქცია. ოდესის ოკუპაციის ამბავი შეუძლებელია მოლდოვის კონტროლის გარეშე. ყოველ შემთხვევაში ეს ძალიან რთულია, რადგან დნეპრისპირეთი პირდაპირ ემიჯნება ოდესას”, - განმარტავს რესპონდენტი.
“შესაბამისად, თუ მოლდოვაში პრორუსული ძალები მოვლენ და ეს ქვეყანა გახდება თუნდაც პროევრაზიული ორიენტაციის, როგორც საქართველოს შემთხვევაშია, უფრო იოლი იქნება რუსეთისთვის ოდესაზე პირდაპირი ზემოქმედების განხორციელება. ამას მოჰყვება ისიც, რომ მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდება, ვინაიდან როგორც ვთქვი, რუსეთისთვის ეს არის პირდაპირი სამხედრო-პოლიტიკური და გეოპოლიტიკური საფრთხე. ამასთან, მოლდოვაზე კონტროლი რუსეთს საშუალებას მისცემს მთლიანად შავიზღვისპირეთი გააკონტროლოს. ეს სამი ძირითადი მიზეზია, რატომაც შეეცდება რუსეთი მოლდოვის არჩევნებში ჩარევას”, - დასძენს ვახტანგ მაისაია.
სიახლეები
- “ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქმიანობას აკადემიური სექტორის მნიშვნელოვან პოზიციაზე ვიწყებ” - ირაკლი შენგელია
- 2 თვე არჩევნებამდე და 2 დღე ოპოზიციის საბოლოო პასუხამდე - ვის წარადგენს ოპოზიცია მერობის კანდიდატად
- „მთელი გულით მზად ვარ იმ გზისთვის, რომელიც წინ მელოდება“ - ნანა კუხალეიშვილი
- "ბიძინა დავამარცხოთ-თქო, პროტესტი გავააქტიუროთ-თქო, მგელს პირში ვუვარდები და აქეთ „ოპოზიციურ“ ველზე გამოჩნდნენ ნოსტრადამუსები"
- "ივანიშვილი შავ აგვისტოს უმზადებს საქართველოს" - მიხეილ სააკაშვილი