“არ მგონია, რომ ვიზალიბერალიზაციას რაიმე საფრთხე შეექმნას, თუმცა იმ ილუზიებით არ ვართ შეპყრობილი, რომ მანამდე ასეთი მოწოდებები არ იქნება” - გიორგი კახიანი
არ მგონია, რომ ვიზალიბერალიზაციას რაიმე საფრთხე შეექმნას, თუმცა იმ ილუზიებით არ ვართ შეპყრობილი, რომ მანამდე ასეთი მოწოდებები არ იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
როგორც კახიანმა აღნიშნა, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებამდეც გარედან იქნება მცდელობა საქართველოს მოსახლეობა ვიზალიბერალიზაციის საკითხით დააშანტაჟონ.
„მე ვფიქრობ, რომ რეალურად და ობიექტურად თუ შევხედავთ, ევროსტრუქტურებში საბოლოო ჯამში საღი აზრი ყოველთვის იმარჯვებს და მე არ მგონია, რომ ვიზალიბერალიზაციას რაიმე საფრთხე შეექმნას. თუმცა იმ ილუზიებით არ ვართ შეპყრობილი, რომ მანამდე არ იქნება ასეთი მოწოდებები. სხვათა შორის, იმდენად პროგნოზირებადი გახდა არჩევნების პერიოდში შიდა რადიკალები და გარედან მმართველები როგორ იმოქმედებენ, რომ დარწმუნებული ვარ, 13 სექტემბერს დაანონსებულ აქციამდე რამდენიმე დღით ადრე, რაღაც განცხადებები იქიდანაც გაკეთდება, რომელიც ვიზალიბერალიზაციის თემით მოსახლეობის დაშანტაჟების მცდელობა იქნება. ამასაც ერთი მიზანი აქვს, რომ ოპოზიციას, რომელიც ფაქტობრივად განადგურებულია და არანაირი მხარდაჭერა არ აქვს რაღაცნაირად მუხტი შემატონ“,- განაცხადა კახიანმა.
მან ასევე ისაუბრა იმაზე, მოქმედებს თუ არა ვიზალიბერალიზაციის თემით მოსახლეობის დაშანტაჟების მცდელობა ამომრჩეველზე.
კახიანის თქმით, ასეთმა განცხადებებმა მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაში, აქციებისთვის მუხტის მოსამატებლად შეიძლება ივარგოს.
„რატომ ვერ ხვდებიან, რომ ასეთი განცხადებები გრძელვადიან პერსპექტივაში საზოგადოების იმედგაცრუებას იწვევს ევროპულ სტრუქტურებთან მიმართებაში?! შეიძლება ვიღაცისთვის იმ კონკრეტულ საპროტესტო აქციაზე გამოსვლის საფუძველი იყო, მაგრამ საზოგადოების უდიდეს ნაწილში ეს უდიდეს იმედგაცრუებას იწვევს, რადგან ხედავენ, რომ თავად ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული ინდექსებით, ბევრი კრიტერიუმით საქართველო ცალსახად რეგიონში არის პირველი სახელმწიფო. კანდიდატ ქვეყნებშიც პირველი სახელმწიფოა და ბევრი ინდექსის ფარგლებში ევროკავშირის თუ NATO-ს წევრ ქვეყნებსაც კი ვუსწრებთ. ასეთ ფონზე რა გამოდის, რომ გარკვეული ძალები ევროკავშირიდან გვეუბნებიან, რომ გაგიუქმებთ ვიზალიბერალიზაციას და მეორე ხელით გვეუბნებიან, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფო. რაც ბუნებრივია საზოგადოებაში იწვევს უსამართლობის განცდას“, – აღნიშნა კახიანმა.
სიახლეები
- ძლიერი მიწისძვრა მოხდა აშშ-ში
- “გერმანიის მთავრობა ქართული საზოგადოების გასაგონად ბოლომდე არ ამბობს, სად რას რიცხავს და ვის როგორ შეხვდა – ეს არის ორმაგი სტანდარტი” - გურამ მაჭარაშვილი
- ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში რეისები ოთხი მიმართულების ნაცვლად, მხოლოდ მოსკოვში შესრულდება
- “გამჭვირვალობის მომხრე ვართ, საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ” - გიორგი შარაშიძე
- “2024 წელს საქართველოში მომსახურების ექსპორტი 9.1 პროცენტით გაიზარდა” - საქსტატი
