September 1, 2025

“ამდენი ხანია პოლიტიკაში ვარ და ხომ შეიძლება ჩემს შესახებ ერთი კანონდარღვევა ან არასწორი გადაწყვეტილება წარმოადგინოთ? ცხოვრებაში კანონდარღვევა არ ჩამიდენია” - კახა კალაძე

„ცხოვრებაში კანონდარღვევა არ ჩამიდენია და არ გადამიდგამს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი. ვერ წარმოადგენთ მსგავს ფაქტს, რადგან ასეთი რამ არ არსებობს“, – ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა მედიასთან ე.წ. ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის საკითხის შესახებ ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ შენდება აღნიშნულ მისამართზე საცხოვრებელი კომპლექსი და არა რეკრეაციული სივრცე, კახა კალაძემ უპასუხა, რომ ტერიტორია შეიძინა კერძო კომპანიამ და თბილისის საკრებულოსთან შეთანხმებულ პროექტს ახორციელებს, რაშიც კანონდარღვევა არაფერია.

 

„და რატომ უნდა გამოგვეყენებინა რეკრეაციულ სივრცედ? აღნიშნული ტერიტორია იყო საკუთრება ბადრი წილოსანის, რომელმაც კონკრეტული არეალის განვითარების მიზნით, განაშენიანების რეგულირების გეგმა შეათანხმა და ეს საკრებულოში დამტკიცდა. შემდეგ ილია წულაიას კომპანიამ შეიძინა და ის გეგმა და პროექტი, რომელიც დამტკიცებული იყო, ამას ახორციელებს. რა არის ამაში ცუდი და სად ნახეთ კორუფცია?

 

რაც შეეხება ჩემი და ილია წულაიას ნათესაურ კავშირს, მე ამას არ ვმალავ. სანამ მე ხელისუფლებაში მოვიდოდი, ეს ადამიანი მანამდეც ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა და დღესაც აგრძელებს. იმის გამო, რომ ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვართ და ჩემი შვილის ნათლიაა, ბიზნესს თავი დაანებოს? რამე უკანონოდ აქვს ამ ადამიანს გაკეთებული? კერძო საკუთრება იყიდა და რა შუაშია აქ ჩემი გავლენა? კერძო პირისგან კერძო პირმა ტერიტორია იყიდა და პროექტს ახორციელებს. ვინმემ ისარგებლა იმით, რომ ჩემი ოჯახის ახლობელია? მომიტანეთ ერთი ფაქტი“, – განაცხადა თბილისის მერმა.

 

ამასთან, კახა კალაძის თქმით, არაერთხელ გავრცელდა მის წინააღმდეგ ბრალდებები, თუმცა, ვერავინ მოიყვანს ფაქტებს, რომ კანონდარღვევა ჩაიდინა.

 

„მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩემს წინააღმდეგ სიბინძურის გავრცელებით, ტყუილების შეთითხვნით ხართ დაკავებული. ამდენი ხანია პოლიტიკაში ვარ და ხომ შეიძლება ჩემს მიერ ერთი კანონდარღვევა ან არასწორი გადაწყვეტილება წარმოადგინოთ კონკრეტული ფაქტებით? მაგრამ ვერ წარმოადგენთ, რადგან ასეთი რამ არ არსებობს. ცხოვრებაში კანონდარღვევა არ ჩამიდენია და არ გადამიდგამს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი. პირველ რიგში, საკუთარ თავს ვცემ პატივს და ვუფრთხილდები იმ დამოკიდებულებას, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას ჩემს მიმართ აქვს. ამას ძალიან ვაფასებ და ვუფრთხილდები“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

წაკითხვა 212 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 01 2025

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.