“სააკაშვილმა არაერთი პირი, რომელიც ჩადიოდა წამებას, საპრეზიდენტო ორდენებით დააჯილდოვა - უნდა ეთხოვოს პრეზიდენტს, უზრუნველყოს 2004-2013 წლებში გაცემული ჯილდოების საკითხის გადასინჯვა” - თეა წულუკიანი
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანის განცხადებით, საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში დაუსჯელობის სინდრომი იყო გამეფებული და მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდათ სამართალდამცავ სტრუქტურებს ძალადობის განხორციელებაზე.
როგორც წულუკიანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო ორდენებით დააჯილდოვა ის პირები, რომლებიც თავად ჩადიოდნენ წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას, ან სათავეში ედგნენ ძალადობრივ სისტემას,
წულუკიანის თქმით, უნდა ეთხოვოს მიხეილ ყაველაშვილს, 2004-2013 წწ-ში გაცემული ჯილდოების საკითხი გადასინჯოს.
„მიმდინარეობდა ციხეში მყოფი პატიმრების შენიღბული და მიზანმიმართული განადგურება, რასაც მოწმობს, ერთი მხრივ, ის ფაქტი,რომ ციხეებში ყოველწლიურად ტუბერკულოზის 2 ათასამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა. ჯანმრთელი და გადამდები დაავადების პატიმრები ერთ საკანში იყვნენ განთავსებული. ერთად განთავსების ეს დამკვიდრებულო პრაქტიკა იყო ზოგჯერ მიზანმიმართულად ჯანმრთელი პატიმრის დათრგუნვის ან მასზე შურისძიების მიზნით განხორციელებული. მეორე მხრივ, C ჰეპატიტის მკურნალობის ხელოვნურად შეფერხება, მეტიც ამ დაავადების სკრინინგის აკრძალვა, რათა საზოგადოებისთვის დაფარული ყოფილიყო ციხეებში ამ დაავადების უფრო გავრცელება, იქცა პრაქტიკად. პროკურატურა, როგორც წამყვანი სამართალდამცავი ორგანო, არათუ არ ასრულებდა მისთვის კანონით დაკისრებულ მოვალეობებს და არ ატარებდა სრულყოფილ, ობიექტურ გამოძიებას წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, პირდაპირ იყო თავად ჩართული პატიმართა მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევაში. საგამოძიებო კომისია, იმ მრავალი საქმის განხილვის შედეგად, რომელიც წარმოდგენილ დასკვნაშია მოცემული, ასევე დაადგინა, რომ დაუსჯელობის სინდრომი იყო გამეფებული და მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდათ სამართალდამცავ სტრუქტურებს ძალადობის განხორციელებაზე. ამიტომ, ძალადობა მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილმა არაერთი პირი, რომელიც თავად ჩადიოდა წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას, ან სათავეში ედგა ძალადობრივ სისტემას, საპრეზიდენტო ორდენებით დააჯილდოვა. საგამოძიებო კომისია თვლის, რომ უნდა ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, სხვა შესაბამისი ორგანოების ხელშეწყობით უზრუნველყოს 2004-2013 წწ-ში გაცემული ჯილდოების საკითხის გადასინჯვა, განსაკუთრებით კი იმ პირების შემთხვევაში, რომელთაც ადამიანის წინააღმდეგ დანაშაული აქვთ ჩადენილი“, - განაცხადა წულუკიანმა.
მისი თქმით, სასამართლო ხელისუფლება არ რეაგირებდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, რითაც უხეშად არღვევდა საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო ნორმებს. ამასთან, თეა წულუკიანის განმარტებით, ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მასობრივი საინფორმაციო საშუალებები უარს ამბობდნენ წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გაშუქებაზე.
„ნიშანდობლივია, რომ პატიმრებს, რომელსაც მოუწიათ ფსიქოლოგიური შემოწმების გავლა, სამხარაულის ექსპერტიზის მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, მრავალი წლის მერეც, პრაქტიკულად, ყველას დარჩა მათთვის „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მმართველობის დროს მიყენებული მორალური ზიანის და ტკივილის კვალი“, - განაცხადა წულუკიანმა.
სიახლეები
- შსს-ს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 16 პირია დაკავებული
- “საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ 2004 წლიდანვე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცხინვალის რეგიონსა და კოდორის ხეობასთან მიმართებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სამშვიდობო პროცესისთვის საზიანო ნაბიჯები გადადგეს” - თეა წულუკიანი
- “საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ 2004-12 წლებში, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაკავებულ პირთა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა, იყო სისტემატური და სისტემური” - თეა წულუკიანი
- “საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ პატიმართა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სხვადასხვა, სასტიკი მეთოდების გამოყენებას ჰქონდა თითქმის ყოველდღიური ხასიათი” - თეა წულუკიანი
- საყოველთაო ნათლობის 72-ე ეტაპისთვის მსურველთა რეგისტრაცია იწყება