“დიდი ხანია ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებებს - დაყადაღების შემდეგ ორგანიზაციებს ფუნქციონირება გაუჭირდებათ” - ნინო დოლიძე
ჩემს პერიოდში რაც ხდებოდა ორგანიზაციაში, რა თქმა უნდა, ყველაფერი ქართული საქმე იყო - ეს არის სამოქალაქო ორგანიზაციების მორიგი დევნა, დაყადაღების შემდეგ ორგანიზაციებს გაუჭირდებათ ფუნქციონირება, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების” ყოფილმა ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც ე.წ. „საბოტაჟის საქმეზე“ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხება.
როგორც ნინო დოლიძემ აღნიშნა, დიდი ხანია ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებებს.
„როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ დააყადაღეს სამოქალაქო ორგანიზაციები და ერთ-ერთი არის „სამართლიანი არჩევნები“, რომლის ხელმძღვანელიც მე გახლდით 4 წლის განმავლობაში. საუბარია, რომ დაყადაღების მიზეზი იყო სხვადასხვა საქმიანობა, მათ შორის პირბადეების შეძენა. სავარაუდოდ, ამასთან დაკავშირებით ვარ დაბარებული. პროკურატურამ დამიბარა და ვთხოვე, სასამართლოში დაკითხვა მერჩივნა.
ჩემს პერიოდში რაც ხდებოდა ორგანიზაციაში, რა თქმა უნდა, ყველაფერი ქართული საქმე იყო. ჩვენს ქვეყანას ვემსახურებოდით, ვიცავდით თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ადამიანის უფლებებს. ცხადია, ამ საკითხებზე ვისაუბრებ.
ჩვენ დიდი ხანია ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებებს. იქნებოდა ეს დისკრედიტაციის კამპანიები, მათ შორის ჩემი ორგანიზაციის თუ ჩემს წინააღმდეგ, ასევე საკანონმდებლო ცვლილებები, ივანიშვილის „ფარა“ და ასე შემდეგ. საკანონმდებლო ორგანოს დონეზეც ვხედავდით შევიწროების მცდელობებს. ეს არის სამოქალაქო ორგანიზაციების მორიგი დევნა, დაყადაღების შემდეგ ორგანიზაციებს გაუჭირდებათ ფუნქციონირება“,- აღნიშნა დოლიძემ.
ამასთან, აღნიშნა, რომ „სამართლიან არჩევნებს“ აქციებისთვის არასდროს არაფერი არ შეუძენია.
„პირბადეები, რომელზეც სავარაუდოდ გვედავებიან თანამშრომლებისთვის იყო თითო-ოროლა, რომელიც თქვენც გეკეთათ, როდესაც აქციებს აშუქებდით.
ჩემი თანამშრომლების უსაფრთხოება უნდა დამეცვა, ეს ადამიანები ადამიანის უფლებებს იცავდნენ, მონიტორინგს ახორციელებდნენ, ვალდებული ვიყავი როგორც დირექტორი დამეცვა მათი უფლებები, სავარაუდოდ თქვენი მედიის მფლობელებიც დაგიცავდნენ თქვენ იმის გამო, რომ გაზით არ გაგუდულიყავით“,-აღნიშნა დოლიძემ.
ცნობისთვის, 27 აგვისტოს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნული იყო, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ (ა)იპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" , ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის", ა(ა)იპ „დემოკრატიის მცველების" , ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" , ა(ა)იპ „საფარის" , ა(ა)იპ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის" საბანკო ანგარიშებზე ყადაღების დადების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას.
მოგვიანებით, საქართველოს პროკურატურამ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა. როგორც საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქმე ეხება 12 იურიდიული პირის - ფონდების და არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღებას, რითაც შეიზღუდა ფულადი სახსრების შემდგომი არამიზნობრივი განკარგვა.
„სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2024 წლის პერიოდში საქართველოს პარლამენტის წინ და ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციებზე მიმდინარე ძალადობრივი საპროტესტო აქციების დაგეგმვასა და ორგანიზებაში აქტიურად მონაწილეობდნენ როგორც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ასევე ცალკეული ფონდების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აღნიშნული გარემოებები და სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები საფუძვლად დაედო 12 იურიდიული პირის - ფონდების და არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღებას, რითაც შეიზღუდა ფულადი სახსრების შემდგომი არამიზნობრივი განკარგვა“, - ნათქვამია განცხადებაში.
სიახლეები
- “4 ოქტომბერს ვატარებთ ეროვნულ კრებას; ორ მილიონ მოსაწვევს ვარიგებთ და რამდენი მოვა, ეს უკვე სხვა ამბავია” – პაატა ბურჭულაძე
- ტრამპის თქმით, აშშ-ის სამხედროებმა ვენესუელელ ნარკოტიკებით მოვაჭრეთა გემზე 11 ადამიანი მოკლეს
- საბა სხვიტარიძეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- “დასცინოდა სააკაშვილს, როდის ჩამოვაო და ახლა თვითონ გაუხდა ასარჩევი, რომელი გზებით ჩამოვა” - მაჭარაშვილი გახარიაზე
- 3 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი