“რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება, მივიღე გადაწყვეტილება ორი მსჯავრდადებულის – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების თაობაზე” - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პარტია – „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, მიუხედავად სხვადასხვა გარემოებებისა, პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება.
„გუშინ დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცესი. რეგისტრირებულ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის არის ერთი პარტია – „ძლიერი საქართველო – ლელო“, რომლის ლიდერები ამჟამად კონკრეტული დანაშაულისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიან სასჯელს.
უდავოა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კონკურენტულ გარემოში მათი პატიმრობის პირობებშიც ჩატარდება. ამასთან, ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ საზოგადოდ, არჩევნები არ უნდა იქცეს ინდულგენციად არცერთი პოლიტიკოსისთვის, რომელიც დანაშაულს სჩადის. არც ის გარემოებაა მხედველობიდან გასაშვები, რომ ჩემს შეთავაზებას შეწყალების შესახებ შესაბამისმა პატიმრებმა რამდენიმე კვირის წინ უარით უპასუხეს, რითაც პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის შეურაცხყოფის მიყენება სცადეს.
თუმცა, ყველა ზემოაღნიშნული გარემოების მიუხედავად, რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება, მივიღე გადაწყვეტილება ორი მსჯავრდადებულის – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების თაობაზე. გამოვთქვამ იმედს, რომ მომავალში ისინი კანონის პატივისცემით განაგრძობენ პოლიტიკურ საქმიანობას.
მოვუწოდებ ყველა საარჩევნო სუბიექტს, ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჯანსაღ და მშვიდ გარემოში ჩატარებას. წარმატებებს ვუსურვებ ყველა საარჩევნო სუბიექტს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მუნიციპალიტეტების განვითარებისა და მოსახლეობის ინტერესების რეალიზების გულწრფელი სულისკვეთებით მონაწილეობს“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაში.
სიახლეები
- “ანტიქართულმა „ოცნებამ“ გადაწყვიტა, დემოკრატიას მიაყენოს გადამწყვეტი დარტყმა” - ირაკლი კუპრაძე
- “კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ეპარქიულ კომისიაზე არქიმანდრიტ დოროთეს მიერ მოთხოვნილი ფორმატი არ დაკმაყოფილდება, რადგან ეს არის უპრეცედენტო და დაუშვებელი” – საპატრიარქო
- “საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლი დაუშვებლად მიიჩნევს ისეთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობას, „რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა” – პაპუაშვილი
- “ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის მოთხოვნით” – პაპუაშვილი
- “გიორგი გახარია არის ქრონიკული მოღალატე” - ირაკლი ფავლენიშვილი
