September 9, 2025

“საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდის სახე - ერთ მუშტად უნდა ვიყოთ შეკრული, რათა ეს საფრთხე მშვიდობიანად ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას” - გიორგი ბარამიძე

ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდის ნამდვილი სახე, - ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარი დაპირისპირება.

როგორც ბარამიძემ განაცხადა, მომხდარი ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქართულმა საზოგადოებამ რაც შეიძლება სწრაფად და მშვიდობიანად უნდა ჩამოაცილოს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას.

 

„მინდა გამოვეხმაურო იმ საზარელ, კრიმინალურ ფაქტს, რაც გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე მოხდა ამ ქურდების მოყვარული კალაძის რუსული სპეცოპერაციის შტაბთან. ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდის ნამდვილი სახე, რაც საზოგადოებამ ისედაც კარგად იცოდა. წლების განმავლობაში, თუნდაც მოყოლებული კორცხელის საზარელი დარბევიდან, თუ როგორ კრიმინალურ ბანდასთან და არა მარტო სამშობლოს მოღალატეებთან, არამედ კრიმინალური აზროვნების ბანდასთან გვაქვს საქმე. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქართული საზოგადოება ერთ მუშტად უნდა იყოს შეკრული იმისთვის, რომ ეს ძალიან დიდი საფრთხე ჩვენი საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნისთვის რაც შეიძლება სწრაფად, მშვიდობიანად ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას და სახელისუფლებო ბერკეტებს. ამ ბანდის ხელისუფლებაში არსებობის ყოველი დღე და კვირა მიაქანებს საქართველოს იმ უფსკრულისკენ, რასაც საერთაშორისო იზოლაცია და რუსეთის დამონებულ, „კვაზი“ სახელმწიფოდ გადაქცევა ჰქვია. მეორე მხრივ, ქვეყნის შიგნით, ქართველებისგან იცლება საქართველო“,- განაცხადა ბარამიძემ.

 

მან ქართულ საზოგადოებას მოუწოდა, რომ ყველანი უნდა იყვნენ მოქმედი პირები „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საბრძოლველად.

 

„პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობოების ან ცალკეული ჯგუფების ამარა ეს პროცესი ვერ იქნება. ამ რეჟიმის მოქმედების დროს პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ყველა დასუსტებულია. რომ არსებობენ, ისიც კი გასაკვირია. ამიტომ, საზოგადოებამ შინაგანი ძალა უნდა გამონახოს, რომ მოხდეს საზოგადოების მობილიზაცია. საზოგადოებას არ სჭირდება ძალადობა, მას სჭირდება ერთ მუშტად შეკვრა და ძალიან მკაფიო - არას თქმა ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდის საწინააღმდეგოდ“,- განაცხადა ბარამიძემ.

 

შეგახსენებთ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ხმაური და დაპირისპირება იყო. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფიზიკური დაპირისპირებისას აქციის 10-ზე მეტი მონაწილე დაშავდა, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები.

წაკითხვა 192 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 09 2025
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.