როგორ და რატომ ცდილობს კრემლი მოლდოვის არჩევნებში ჩარევას
მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე 74 ადამიანი დააკავეს. ისინი ეჭვმიტანილი არიან არჩევნების დროს არეულობის მომზადებაში. ხელისუფლების ცნობით, დაკავებულებმა სერბეთში გაიარეს წვრთნა რუსული დაფინანსებით.
კაცი მეტსახელად „ეშმაკი“
დაკავებულთა უმეტესობა 19-დან 45 წლამდე ასაკის მამაკაცები არიან. მოლდოვის სპეცსამსახურების ცნობით, ისინი მასობრივი არეულობის მოწყობას გეგმავდნენ საპარლამენტო არჩევნების დროს, რომელიც კვირას, 28 სექტემბერს გაიმართება.
„ჩვენი ინფორმაციით, სერბეთში დაგეგმვისა და კოორდინაციის უკან დგას მამაკაცი მეტსახელად „ეშმაკი“, რომელიც რუსეთის ერთ-ერთ სპეცსამსახურს წარმოადგენდა. მისი ვინაობა მალე დადგინდება. ამავე დროს რუსეთის სპეცსამსახურების კიდევ ერთი წარმომადგენელი, რომელიც მოლდოვის რესპუბლიკაში რამდენიმე ჯგუფს უწევდა კოორდინაციას, არის რუსეთის მოქალაქე ანდრეი ვლადიმირის ძე პავლოვი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს, იმავე გრუ-ს ოფიცერი“, განაცხადა ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურის დირექტორმა ალექსანდრ მუსტიაცამ.
რუსულ მედიას კი მოჰყავს ციტატა საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებიდან, რომელმაც საპასუხოდ ევროკავშირი დაადანაშაულა „მოლდოვის ოკუპაციის“ დაგეგმვაში. სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ალიონა არშინოვამ განაცხადა, რომ მოლდოვაში „ბენზინგასამართ სადგურზე“ უკვე შენიშნეს საფრანგეთის სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ჯარისკაცები.
„დღეს სრული სერიოზულობით გეუბნებით, რომ ჩვენი სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, მთლიანობა და ევროპული მომავალი საფრთხეშია. კრემლი ასობით მილიონ ევროს ხარჯავს ასობით ათასი ხმის შესაძენად დნესტრის ორივე მხარეს და ქვეყნის საზღვრებს გარეთ“, განაცხადა პრეზიდენტმა მაია სანდუმ.
„განსაკუთრებით აქტიურობენ მოლდოვაში“
ევროპული ინტეგრაციის შესახებ შარშანდელი რეფერენდუმის დროს კრემლი უკვე ეწეოდა ხმების პირდაპირ ყიდვას. ამან საქმეს არ უშველა და სანდუს კურსის მხარდამჭერებმა გაიმარჯვეს.
Bloomberg-ისა და BBC-ის ჟურნალისტების ცნობით, რუსეთის სადაზვერვო სამსახურები აგრძელებენ თავიანთ კურსს და მოლდოვაში არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობენ. დოკუმენტების თანახმად, კრემლმა შეიმუშავა გეგმა, რათა ხელი შეუშალოს მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებას და უკრაინასთან ქვეყნის კავშირების გაძლიერებას. საამისოდ ის ცდილობს, ხელისუფლებიდან ჩამოაშოროს „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ (PAS), რომელსაც მაია სანდუ უდგას სათავეში.
„როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, ტაქტიკა მოიცავს საზღვარგარეთ, მათ შორის რუსეთში მყოფი მოლდაველების რეკრუტირებას საარჩევნო უბნებში ხმის მისაცემად ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში, სხვა პირების რეკრუტირებას დესტრუქციული საპროტესტო გამოსვლების ორგანიზებისთვის და სოციალურ მედიაში მასშტაბური სადეზინფორმაციო კამპანიის წარმოებას“, ნათქვამია Bloomberg-ის სტატიაში.
BBC-მ მსგავსი გამოძიების დასკვნები გამოაქვეყნა. შეფარულმა რეპორტიორმა შეაღწია პრორუსულ ქსელში, რომელსაც კოორდინაციას უწევდნენ ტელეგრამის მეშვეობით და რომელსაც აფინანსებდა გაქცეულ მოლდაველ ოლიგარქ ილან შორთან დაკავშირებული „პრომსვიაზბანკი“. ქსელის მონაწილეებს ასწავლეს, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით როგორ შეექმნათ „ფეიკები“, შემდეგ კი თვეში სამი ათას ლეის (დაახლოებით 170 დოლარი) დაჰპირდნენ ფეისბუკსა და ტიკტოკზე პოსტებისა და ვიდეოების გამოქვეყნებისთვის, რომლებიც სანდუსა და მისი მთავრობის დისკრედიტაციას ახდენდა (კერძოდ, სანდუს „ბავშვებით ვაჭრობაში“ ედებოდა ბრალი). ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ქსელი შედგება ტიკტოკის მინიმუმ 90 ანგარიშისგან, რომელთაგან ზოგიერთი რეალურ საინფორმაციო საშუალებად წარმოაჩენს თავს.
BBC-ის ცნობით, მარტო ტიკტოკზე გამოქვეყნებულმა ათასობით ასეთმა ვიდეომ 23 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. შედარებისთვის, მოლდოვის მთელი მოსახლეობა თითქმის ათჯერ უფრო ნაკლებია.
„ჩვენ ვაკვირდებით რუსეთის ოპერაციებს 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ და ვისწავლეთ რუსული სპეცსამსახურების კვალის აღმოჩენა სხვადასხვა ქვეყანაში. მათ საქმიანობას ვაკვირდებოდით მთელს აღმოსავლეთ ევროპაში - ისინი განსაკუთრებით აქტიურობენ მოლდოვაში. იქ ტარდება ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, ამასთან, კენჭისყრა ევროპის კავშირის მიმართ მოლდოვის პოზიციის თაობაზე. გარკვეულწილად, ეს არის პირველი დიდი დაპირისპირება რუსეთსა და ევროპას შორის“, განუცხადა რადიო თავისუფლების ტელეპროექტ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ Reset Tech-ის დირექტორმა ბენ სკოტმა.
სიახლეები
- გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საგარეო უწყება დატოვა - მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია
- “ეს არის ბოლო დაფინანსებული რევოლუციური სცენარი” - ირაკლი ზარქუა ოპოზიციის მიერ დაანონსებულ რევოლუციაზე
- “მე არ ვიცი, რას ნიშნავს მშვიდობიანი დამხობა, ეს არის რაღაც სისულელეების ბჟუტური” - თამარ ჩერგოლეიშვილი
- პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა
- ქუთაისელმა ექიმებმა ახალგაზრდა გოგონა გადაარჩინეს