September 30, 2025

“მოვუწოდებთ ქართულ პოლიციას, ემსახურეთ ქართველ ხალხს და არა „ქართულ ოცნებას“, „ქართულ ოცნებას“ კი მივმართავთ, გაათავისუფლოს რეჟიმის ტყვეები და გამოთქვას მზაობა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე” - ლევან ცუცქირიძე

„თავისუფლების მოედანი” ყოველთვის იყო სამართლიანი პროტესტის მონაწილე და ლიდერი. როგორც აქამდე ვიყავით საერთო წინააღმდეგობის ერთგული, ისევე ვიქნებით 4 ოქტომბერსაც და ბოლომდე, სანამ არ ასრულდება ჩვენი საერთო მიზანი: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის აღდგენა, - ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ” მის მიერ გატარებული ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით ჩიხში შეიყვანა ქვეყნის განვითარება და ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს მომავალი.

 

„დღეს პროტესტის 307-ე დღეა და ამ ხნის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ” თავისი უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით ქვეყანა კიდევ უფრო ღრმა პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანა, რის შედეგადაც საკუთარ ხალხს და მის ეროვნულ ინტერესებს დაუპირისპირდა. შექმნილი კრიზისის განმუხტვა სწორედ მისი ვალია, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა მოვლენათა შესაძლო გამწვავებაზე სწორედ მას დაეკისრება. „ქართულმა ოცნებამ” მის მიერ გატარებული ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით ჩიხში შეიყვანა ჩვენი ქვეყნის განვითარება და ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს მომავალი; უსამართლოდ დაპატიმრებული ადამიანები, მოპარული ხელისუფლება, დეგრადირებული სასამართლო, პროკურატურა, ძალოვანი სტრუქტურები და ელიტური კორუფცია - ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუარესების ფონზე - ჩვენს ქვეყანას უმძიმესი განსაცდელის წინაშე აყენებს.

 

მოვუწოდებთ ქართულ პოლიციასა და სხვა სამართალდამცავ ორგანოებში დასაქმებულ თანამოქალაქეებს: ემსახურეთ ქართველ ხალხს და არა „ქართულ ოცნებას,“ დაიცავით თანამოქალაქეები, თქვენ მიერ დადებული ფიცი და არა კრიმინალთა მითითებები; უერთგულეთ კონსტიტუციას და არა კორუმპირებულ პოლიტიკოსებს.

 

მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება - მის მიერვე შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს რეჟიმის ტყვეები, შეაჩეროს ბოლო 1 წლის განმავლობაში მიღებული უკანონო სამართლებრივი აქტების მოქმედება და გამოთქვას მზაობა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების უმოკლეს ვადაში დანიშვნის შესახებ, შესაბამისი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფით.

 

„თავისუფლების მოედანი“, როგორც დემოკრატიული წინააღმდეგობისაგან წარმოშობილი პარტია, ყოველთვის იყო სამართლიანი პროტესტის მონაწილე და ლიდერი. ამიტომ, როგორც აქამდე ვიყავით საერთო წინააღმდეგობის ერთგული, ისევე ვიქნებით 4 ოქტომბერსაც და ბოლომდე, სანამ არ ასრულდება ჩვენი საერთო მიზანი: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის აღდგენა“, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

წაკითხვა 159 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 30 2025

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.