“გეტყვით, რა მოხდება 4 ოქტომბერს, 20:00 საათისთვის...” - ვახტანგ ძაბირაძე

“ეს არჩევნები მნიშვნელოვნად განსხვავდება ყველა იმ არჩევნებისგან, რომელიც კი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გვინახავს. პირველ ყოვლისა, განსხვავდება იმით, რომ ოპოზიციაში ვერ მოიძებნა შეხებისა და შეთანხმების წერტილები, არადა, სურვილის შემთხვევაში ეს თითქოს არცთუ ისე რთული უნდა ყოფილიყო. ოპოზიციას თუ რეალურად სურს “ქართული ოცნების” დამარცხება, სწორედ შეთანხმების გზით უნდა წასულიყო. რაღა დაგიმალოთ და, ზუსტად არჩევნების დღეს - 4 ოქტომბერს აქციის დანიშვნა ჩემთვის ცოტა გაუგებარია.

რა ვიცი, 3-ში ან 5-ში რომ დაენიშნათ, შესაძლოა ეს გაცილებით წარმატებული ყოფილიყო. მე არ მომისმენია მათგან არგუმენტები იმისა, რატომ უნდა გაიმართოს აქცია მაინცდამაინც 4-ში. მიუხედავად ამისა, შექმნილი ვითარებიდან კიდევ შეიძლებოდა გამოსავლის პოვნა. ყველას კარგად ესმის, რომ შუაზე გაყოფილი ოპოზიცია მხოლოდ `ქართული ოცნების~ წისქვილზე ასხამს წყალს და არ უწყობს ხელს ოპოზიციური ელექტორატის მობილიზებას”, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “გეტყვით, რა მოხდება 4 ოქტომბერს, 20:00 საათისთვის...”

“უკვე შექმნილ ვითარებაში ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა, ოპოზიციურ ამომრჩეველს არჩევნებშიც მიეღო მონაწილეობა და პროტესტშიც, რაზეც ილაპარაკა კიდეც `ლელოს~ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ. მეც კარგა ხანია ვამბობ, რომ სავსებით შესაძლებელია ამომრჩეველმა იბრძოლოს ორივე ფრონტზე. ამის წინააღმდეგ რატომ მიდის ის ოპოზიცია, რომელიც ბოიკოტის მომხრეა, არ ვიცი. მე მათგან ამის არგუმენტები ვერ მოვისმინე, მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ამ აქციით აპირებენ ხელისუფლების შეცვლას, მაგრამ როგორ, რა მექანიზმით?! თუ არჩევნებში მონაწილეობის მომხრე პარტიების მხარდამჭერებიც მივლენ საპროტესტო აქციაზე, ეს ხომ ნიშნავს, რომ პროტესტი უფრო მასობრივი იქნება. ამიტომ ვერ გავიგე, რის საფუძველზე, რატომ გადაწყვიტეს, რომ არჩევნებში მონაწილეობა და საპროტესტო აქციაზე მისვლა, ერთმანეთს გამორიცხავს.... მოკლედ, სწორედ ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება განასხვავებს ყველაზე მეტად ამ არჩევნებს წინა არჩევნებისგან. სხვა შემთხვევებში ოპოზიცია მეტ-ნაკლებად ახერხებდა შეთანხმებას - თუ ერთი ფრონტით არ გადიოდნენ, იმას მაინც ახერხებდნენ, ერთმანეთს არ დაჰპირისპირებოდნენ.”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“გარდა ამისა, გაუგებარია, რომელი პოლიტიკური ძალები იღებენ პასუხისმგებლობას მასშტაბური აქციის ორგანიზებასა და ხელისუფლების შეცვლის დაპირებაზე და თუ არ შეიცვალა, მერე რას გეგმავენ?! გეტყვით, რაც მოხდება... 4 ოქტომბრის 20:00 საათისთვის ხელისუფლება რომ არ შეიცვლება, ვფიქრობ, ყველასთვის გასაგებია. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რამდენად რეალურია ეს დაპირება, რადგან როდესაც შედეგი არ დადგება, უფრო მეტად იმედგაცრუებული არ დარჩეს. კი, პროტესტი აუცილებელია, აგერ 300 დღეზე მეტია ხალხი ქუჩაშია, ეს უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ფუჭი იმედის შექმნა არ არის საჭირო! რაც შეეხება მმართველ გუნდს, მას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება - არ უნდა წაუცდეს ხელი ძალის გადამეტებაზე. უნდა ახსოვდეთ 2007 წლის 7 ნოემბრის გაკვეთილები!”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ოპოზიციიაში ერთმანეთს “ოცნებასთან” გარიგებაში ადანაშაულებენ და ამით უფრო აძლიერებენ “ოცნებას”. არ მინდა ვინმეს რაიმე იარლიყო მივაკერო და ვინმე გარიგებაში დავადანაშაულო, მაგრამ ვიტყვი ერთს - ბიძინა ივანიშვილმა ლამის მთელი საქართველო იყიდა და ოპოზიციის ყიდვაც არ გაუჭირდებოდა. ჩვენს ბოლო 30-წლიან ისტორიას თუ გადავხედავთ, პოლიტიკოსების ყიდვა-გაყიდვა დიდი პრობლემა არასდროს ყოფილა. დღეს ამის დოკუმენტური დადასტურება არა მაქვს, ამიტომ ვერაფერს დავამტკიცებ, თუმცა ეჭვები არსებობს. არის მეორე ფაქტორიც, გაცილებით რეალური - ვერც ბოიკოტის მომხრე და ვერც მოწინააღმდეგე ვერ უარყოფს, რომ თბილისი არის ოპოზიციური. ჯამურად, მინიმუმ, ასე განაწილდება ხოლმე მხარდაჭერა: 60% ოპოზიციური ძალები, ხოლო 40% “ქართული ოცნება”. თუ ვინმემ არ იცის, უნდა ისწავლოს ან გაიხსენოს უახლესი ისტორია. ზოგიერთმა საკუთარი პარტიის ჩამოყალიბებისა და წარმატების ისტორიაც რომ ნახოს, კარგი იქნება _ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ვგულისხმობ...”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“სწორედ მათ გასაგონად ვამბობ - “ნაციონალური მოძრაობა” და მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში 2002 წელს მოვიდნენ. რომ არ ყოფილიყო 2002 წელი, იქნებოდა კი 2003 წლის “ვარდების რევოლუცია”? ამასთანავე, თუ ოპოზიციური ამომრჩეველი არის 60%, თბილისისთვის ბრძოლას წინ რა უდგას? როდესაც ამაზე ამბობ უარს და რაღაც მითურ სცენარს მთავაზობ, 4 ოქტომბერს რომ შეიკრიბება ხალხი და არ დაიშლება, ვიდრე ძალაუფლებას არ დათმობს მმართველი ძალა, ბუნებრივად მიჩნდება კითხვა, როგორ აპირებ ამას? თუ ამათ უნდათ 2003 წლის სცენარის გამეორება, ეს არ გამოვა, რადგან მაშინ სულ სხვა პოლიტიკური რეალობა იყო. როდესაც ამ ყველაფერზე არგუმენტირებული პასუხები არ ჩანს, ბუნებრივია, ჩნდება ეჭვი, ვის წისქვილზე ასხამს წყალს ის ოპოზიცია, რომელმაც არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა? ვერაფრით გავიგე, რატომ არის ცუდი ოპოზიციურმა ამომრჩეველმა, განსაკუთრებით თბილისში, არჩევნებში და პროტესტშიც მიიღოს მონაწილეობა?” - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.

“საგამოძიებო კომისიის დასკვნა საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლებრივი პროცედურების წამოწყების საფუძველი რომ გახდეს, ესეც წინასაარჩევნო ხრიკია - ცდილობენ ოპოზიციაში მთავარ ძალად წარმოაჩინონ ისევ და ისევ “ნაციონალური მოძრაობა”, მიუხედავად იმისა, რა შედეგები მიიღო ამ პარტიამ წინა საპარლამენტო არჩევნებზე... მაინტერესებს, თუ “ნაციონალური მოძრაობის” წვერებს აეკრძალებათ პოლიტიკური საქმიანობა, ეს შეეხება თუ არა იმ ათასობით ყოფილ “ნაციონალს”, რომლებიც ახლა “ქართული ოცნების” რიგებში ყველაზე თავგადაკლული “მეოცნებეები” არიან, მათ შორის არჩევნების გაყალბების საქმეში? ისინი ხომ ზუსტად ისევე იქცევიან, როგორც “ნაციონალური მოძრაობისთვის” ირჯებოდნენ... მოკლედ, მეეჭვება “ქართულმა ოცნებამ” “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ რეალური ნაბიჯები გადადგას. მე-13 წელია ვუყურებთ, რომ “ქართულ ოცნებას” “ნაციონალური მოძრაობა” ჰაერივით სჭირდება...” - თვლის რესპონდენტი

“კიდევ ერთი - რაც უფრო გააძლიერებს პროპაგანდისტულ ზეწოლას ხელისუფლება, ეს იმუშავებს იმისთვის, რომ ბოიკოტი გაძლიერდეს და ოპოზიციური ამომრჩეველი არ მივიდეს არჩევნებზე. “ქართულ ოცნებას”, რა თქმა უნდა, ურჩევნია ქუჩაში იყოს ხალხი, ვიდრე საარჩევნო უბნებზე. ჩემი აზრით, ამისთვის გააკეთებინეს ახლა წულუკიანს მორიგი განცხადება. ის მანამდეც ლაპარაკობდა ამაზე. “ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვა ერთ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, რაც მარტო ამ ძალას კი არა, მთელ რეალურ ოპოზიციას, ასევე არასამთავრობო სექტორსა და მედიასაშუალებებს შეეხება. ვგულისხმობ იმ შემთხვევას, თუ ქვეყანაში ჩამოყალიბდება სრულმასშტაბიანი ავტორიტარული მმართველობა. ჯერჯერობით ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით, რომ სრულად ავტორიტარულ რეჟიმში ვცხოვრობთ, თუმცა “ქართულ ოცნებას” სწორედ იქით მიჰყავს ქვეყანა”, - დასძენს ძაბირაძე.

წაკითხვა 63 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 01 2025
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.