October 6, 2025

“4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების გადაწყვეტილებები იყო უპასუხისმგებლო, ჩვენ უარს ვამბობთ ძალადობრივ მოქმედებებზე, „ლელომ“ და გახარიას პარტიამ კი განიცადეს კრახი, მათთვის არაფერი მაქვს სათქმელი!” - ლევან ცუცქირიძე

4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების გადაწყვეტილებები იყო არასწორი და უპასუხისმგებლო, - ამის შესახებ პარტია „თავისუფლების მოედნის“ ხელმძღვანელმა, ლევან ცუცქირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, რითაც 4 ოქტომბრის აქცია და ასევე, ათონელის ქუჩაზე განვითარებული მოვლენები შეაფასა.

როგორც მან აღნიშნა, როდესაც საზოგადოება უპირისპირდება ისეთ რეჟიმს როგორიც ახლა არის საქართველოში ჩამოყალიბებული, ბრძოლის საუკეთესო სტრატეგია არის არაძალადობრივი პოლიტიკური ბრძოლის სტრატეგია.

 

რაც პრემიერ-მინისტრის შეფასებას, რომ ყველა, ვინც 4 ოქტომბრის აქციაზე მივიდა, მივიდა „დამხობის აქციაზე“, ცუცქირიძის თქმით, მათი პარტიის წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გასაპროტესტებლად გავიდნენ 4-ში, ისე როგორც 3-ში და გასული თვეების განმავლობაში.

 

„მთელი თბილისი დამნაშავე გამოდის, კობახიძისა და მათ შეშლილ რიტორიკას რომ მოუსმინო. არაერთხელ მითქვამს, რომ „თავისუფლების მოედანი“ ამ დემოკრატიული წინააღმდეგობის მონაწილეა უკვე ძალიან დიდი ხანია. ჩვენი პროტესტის გამოსახატად არავის დაპატიჟება რუსთაველზე არ გვჭირდება. ჩვენ იქ 4-ში ვიყავით ისე, როგორც ვიყავით 3-ში, ისე როგორც ვიყავით გუშინ, ისე როგორც ვიქნებით დღეს და ხვალაც. ჩვენ რუსთაველზე გასვლით ვაპროტესტებთ იმ პოლიტიკას, რასაც „ქართული ოცნება“ ეწევა და გამოვხატავთ ჩვენს შეურიგებლობას იმ უსამართლობის მიმართ, რაც მან ამ ქვეყანაში დამკვიდრდა. ამ მიზნით ვიყავი მე და ამ მიზნით ვიქნები მომავალშიც, ბოლომდე. რაც შეეხება ათონელზე განვითარებულ მოვლენებს, მე ეს მიმაჩნია შეცდომად და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებად, რაც იქნა მიღებული ორგანიზატორების მიერ. აქვე მინდა ვთქვა, რომ პიროვნულად ძალიან განვიცდი იმას, რაც ამ ადამიანებისა და ოჯახების გარშემო ახლა ხდება. მესმის, რამდენად მძიმეა ადამიანურად ეს ყველაფერი, მაგრამ ვალდებულად მივიჩნევ თავს, რომ ჩემი პოლიტიკური შეფასება ამ გადაწყვეტილებას მივცე. ჩვენ უნდა ვისწავლოთ შეცდომებზე და არ გავიმეოროთ ისევ. ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, ვაგრძელებთ ბრძოლას იმ მეთოდებითა და მიდგომებით, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა, რამაც შეინარჩუნა პროტესტი 300-ზე მეტი დღე. 313-ე დღეა დღეს. მე მესმის, რომ ხანდახან ისეთ განცხადებებსა და დაპირებებს, რომლებიც შეიცავს ამა თუ იმ პრობლემის მყისიერ გადაწყვეტას, აქვს მეტი მომხიბვლელობა. ეს სენსაციონალიზმი ხშირად მიმზიდველია ხოლმე სხვა ადამიანებისთვის, განსაკუთრებით, ადამიანებისთვის, რომლებიც დაიღალნენ ამდენი ხანი ამის შემყურე, მაგრამ როდესაც ჩვენ ვუპირისპირდებით ისეთ რეჟიმს როგორიც ახლა არის საქართველოში ჩამოყალიბებული, ბრძოლის საუკეთესო სტრატეგია არის არაძალადობრივი პოლიტიკური ბრძოლის სტრატეგია. ასეთ ბრძოლაში ჩვენ გვჭირდება, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავაბათ და ამაში მონაწილეობა მიიღოს საზოგადოების ფართო სპექტრმა. არაძალადობრივი ბრძოლის ფორმებში ბევრად უფრო მეტი ადამიანია მზად რომ ჩაერთოს, ვიდრე სხვა ფორმებში. ყოველთვის როდესაც რეჟიმებს ეძლევათ შესაძლებლობა ძალადობაში დასდონ ბრალი მათ მოწინააღმდეგეებს, საპროტესტო მოძრაობებს და ა.შ. მათ უფრო უადვილდებათ მათ წინააღმდეგ რეპრესიებისა და ძალადობის გამოყენებისთვის რაღაც ლეგიტიმური სარჩულის მიცემა. ასეთ დაპირისპირებაში ყოველთვის უპირატესობა აქვს იმას, ვინც აკონტროლებს შეიარაღებულ ძალებს, სამართალდამცავებს და ა.შ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ასპექტი. ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო მხარდაჭერა, ჩვენს პროტესტს სჭირდება საერთაშორისო ლეგიტიმაცია და ამას არ ეხმარება, რაც ათონელზე მოხდა. ეს არის ელემენტარულად ის საკითხები, რომელიც ამ ბრძოლის დაგეგმვისას უნდა გავითვალისწინოთ.

 

როცა რეჟიმის შიგნით არის ბზარები, ურთიერთდაპირისპირება, კლანებს შორის თუ ა.შ. ნებისმიერი რამ შეიძლება წარმოჩინდეს, როგორც მათ წინააღმდეგ ძალადობა, მათ კონსოლიდაციას უწყობს ისევ ხელს. ესეც არ არის პროტესტისთვის ხელის შემწყობი. ეს არის ფაქტორები, რის გამოც ჩვენ უარს ვამბობთ ყოველგვარ ძალადობრივ აქციებსა და მოქმედებებზე. ჩვენ ვერავის ავუკრძალავთ რაღაც აქციების დაორგანიზებას. ყველა ორგანიზატორი იმ აქციებზე აგებს პასუხს, რომელსაც ის აწყობს და აორგანიზებს, მაგრამ არაერთხელ მითქვას, რომ არ მიმაჩნია მიზანშეწონილად და გამართლებულად რაღაც კონკრეტული თარიღებისა და და საათების დასახელება. ჩვენ იმ აქციაზე ვიყავით და ვიქნებოდით ისედაც, რომ არ ყოფილიყო ეს აქცია და არაერთხელ გვითქვამს ეს. ადამიანები იქ გამოვიდნენ ძალიან ბევრი მოტივის გამო და მათი უმრავლესობა იზიარებს ახლა იმ მოსაზრებას, რასაც მეც ვამბობ თქვენს ეთერში. ამიტომ ადამიანები რომ პროტესტის გამო ქუჩაში გამოდიან, ისინი არ გამოდიან მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც შეჰპირდა მათ, რომ სამ საათში დაამთავრებდა „ქართულ ოცნებას“. მე არ მჯერა, რომ თბილისის მოსახლეობის ამხელა ნაწილი, რომელიც გამოვიდა გარეთ და ბევრი ხალხი იყო, ფიქრობდა, რომ „რაღაც სპექტაკლს ვუყურებ, სამ საათში მორჩება და წავალთ სახლში“. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანურად მძიმეა და არავის ციხეში წასვლა, მით უმეტეს იმ ადამიანების, რომლებიც ამ რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდნენ, არ გვიხარია, ეს გადაწყვეტილებები რომლებიც მათ მიიღეს, იყო არასწორი და უპასუხისმგებლო. არათუ ის, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რაც ადგილზე ვერ მიიღეს იყო არასწორი, არამედ ის რა პრინციპიც, სარჩულიცა და მოლოდინებიც შექმნეს ამ კონკრეტული დღის მიმართ. სწორედ ამიტომაც, ჩვენ ვამბობდით, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდეს სხვაგვარად და მომავალშიც, არ უნდა ველოდოთ იმას, რომ სამ საათში რაღაც მორჩება. არასწორია ეს ყველაფერიც“, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

 

ამასთან, მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ აღმოჩენილ საბრძოლო მასალასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტს „ჩირქი მოსცხოს“.

 

„უპირველეს ყოვლისა, ვიცით, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არიან არა დამოუკიდებელი ინსტიტუტები, არამედ პოლიტიკური პარტიის ნაწილი. ემსახურებიან ბიძინა ივანიშვილს, პარტიის მითითებებს და არა ეროვნულ ინტერესებს. ისინი ამ მოვლენებს შეეცდებიან დააშენონ საკუთარი კონსპირაციის გამამყარებელი რაღაცები. მაგალითად თქვან, რომ ეს იყო არა რაღაც იზოლირებული ამბავი, არამედ შეეცდებიან ჩირქნი მოსცხო მთელ პროტესტს, წინააღმდეგობას და თქვან, რომ აი, ჩვენ რომ ვლაპარაკობდით „დიფ სთეითზე“, „გლობალური ომის პარტიაზე“, რომელსაც საქართველოს ომში ჩართვა და მეორე ფრონტის გახსნა უნდა, იქ უკრაინა რაღაცას ცდილობს და ა.შ. აი, ეს არის ყველაფერი. ფაქტები და საკუთარი მომხრეები კიდევ ერთხელ მოატყუონ, რომ არსებობს რაღაც გლობალური შეთანხმება საქართველოს დაქცევისა და განადგურებისთვის და ამის მონაწილე არის მთლიანად ის საზოგადოება, რომელიც არის ამ წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩართული. ეს, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილია, ზოგი აქტიურად არის ჩართული, ზოგი თანაუგრძნობს, ზოგი შედარებით პასიურად, ეს ამ გაყალბებულ არჩევნებზეც გამოჩნდა“, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

 

რაც შეეხება „ლელო - ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ მიერ თვითმმართველობის არჩევნებზე მიღებული შედეგის შეფასებას, ლევან ცუცქირიძის შეფასებით, ეს იყო „პოლიტიკური კრახი“ და მათ ამ გადაწყვეტილებით დაკარგეს ათეულობით ათასი ხმა.

 

„მე მათთვის არც არაფერი მაქვს სათქმელი. მათ, ჩემი აზრით, ყველაზე მეტს ეტყვის ის ციფრები, რომელიც გამოჩნდა ამ არჩევნების შედეგად თუ როგორ დაკარგეს ათეულობით ათასი ხმა. მე ასეთი პოლიტიკური კრახი ძალიან ცოტა მახსენდება თანამედროვე ისტორიაში. არასდროს ასე პირდაპირ არ ვუპირისპირდებოდი და ვაკრიტიკებდი მათ ამ გადაწყვეტილებებს იმიტომ, რომ თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი, თავად ფაქტები იქნებოდა ყველაფრის მეტყველი. „ქართულმა ოცნებამ“ ეს არჩევნები გამოაცხადა ერთგვარი ნდობის რეფერენდუმად. ჩვენ ახლა ვნახავთ მოგვცემს თუ არა ქართველი ხალხი ნდობის მანდატსო. „ქართული ოცნება“ და პირადად ივანიშვილი ამ არჩევნებით უნდა იყვნენ ძალიან უკმაყოფილოები. ეს არჩევნები ჩატარდა პრინციპში ისე, როგორც მათ უნდოდათ. არც დამკვირვებლები იყვნენ, ვერც მედია ახერხებდა ისე მუშაობას, არც რეალური ოპოზიციური მნიშვნელოვანი მონაწილეობა იყო. ბოიკოტის გადაწყვეტილება იყო სწორი და ეს ახლაც გამოჩნდა, რომ სწორი იყო. მათ თქვეს, რომ ეს არის ჩვენთვის ნდობის რეფერენდუმიო, თბილისში დაასახელეს მათი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი, ყველაზე ძლიერი ფალავანი გამოიყვანეს თბილისში. შედეგად, თბილისში იყო 30%-იანი აქტივობა და თბილისელი რეგისტრირებული ამომრჩევლის მხოლოდ 20%-მა დაუჭირა მხარი კახა კალაძეს. ამ 20%-იდან გამორიცხეთ ის ადამიანები, რომლებიც შეიძლება შანტაჟის, სამსახურის დაკარგვის და ა.შ. მიიყვანეს არჩევნებზე და რაღა დარჩება კახა კალაძისა და „ქართული ოცნების“ რეალური მხარდამჭერი?!“- განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

წაკითხვა 93 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 06 2025

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.