კალაძე კრივის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა - ის რუსეთში ავტობიზნესითაცაა დაკავებული
ხელისუფლებაში მყოფი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, რომელიც ამავდროულად არის დედაქალაქის მერი, საქართველოში მყოფ რუს სპორტსმენს, უმარ კრემლევს, შეხვდა.
კალაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ კრივის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტთან, რომელსაც რუსეთში წარმატებული ბიზნესი აქვს, დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებს.
„უმარი გახლავთ მსოფლიო ბოქსის ასოციაციის პრეზიდენტი. მე მას დიდი ხანია ვიცნობ და არაფერი, საქართველოში იყო უბრალოდ ჩამოსული. უბრალოდ, მეგობრული ვიზიტი იყო. [შევხვდი] კი“, - თქვა კახა კალაძემ.
უმარ კრემლევი მედიისთვის საინტერესოა თავისი ბიზნესსაქმიანობის გამოც. სპორტსმენი რუსეთში ავტობიზნესითაა დაკავებული. ის ფლობს კომპანია „როლფს“, რომელიც კომპანიის ვებსაიტის მონაცემებით, 2024 წელს, როცა რუსეთი უკრაინაში ომს აწარმოებდა, ლიდერი იყო ავტომობილების გაყიდვით მიღებული შემოსავლებით - კომპანიას 121 შოურუმი აქვს რუსეთში და ჯამში 30 ბრენდის ახალ და მეორად ავტომობილებს ყიდის.
„ჩვენ მხოლოდ ბიზნესზე არ ვართ ორიენტირებულნი. ჩვენ ეროვნული განვითარებისკენ ვართ ორიენტირებულნი“, - წერია „როლფის“ 34-ე იუბილეზე უმარ კრემლევის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.
კახა კალაძეს ჟურნალისტმა უმარ კრემლევის ბიზნესსაქმიანობაზეც ჰკითხა: „როგორც თავისუფალი მედია წერს, ის აკონტროლებს ბიზნესსაც და კრიმინალურ სამყაროსაც“.
„ეს არის თქვენი სპეკულაციები. საერთოდ არ მაინტერესებს თქვენი შეფასებები, არც თქვენი პოლიტიკური შეხედულებები. თქვენ ხართ იქ, სადაც ქართველმა ხალხმა მოგიჩინათ ადგილი - ხართ პოლიტიკურ სანაგვეზე“, - უთხრა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა ჟურნალისტს.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 ოქტომბრისთვის
- მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის გადაწყვეტილებით, არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს კომისიაზე „არასაპატიო მიზეზით არგამოცხადებისთვის მკაცრი გაფრთხილება ეძლევა“, ახსნა-განმარტებისთვის კი ის მომავალ კომისიაზე უნდა გამოცხადდეს
- საქართველოში რუსეთის 5 მოქალაქე დააკავეს
- იტალიელი მოდელი შეყვარებულმა დანით მოკლა
- ზუგდიდში, მართვის მოწმობის გამოცდაზე 6-ჯერ ჩაჭრილი მოქალაქე, გამომცდელს დანით დაემუქრა