“სტუდენტებს აშორებენ თბილისს, ამოცანაა ფულის დაზოგვაც, ასევე, სახელმწიფო უნივერსიტეტებს გაუყიდიან ქონებას - „განათლების რეფორმას“ არაფერი აქვს საერთო გაუმჯობესებასთან” - სერგი კაპანაძე
სამ გვერდზე გამოქვეყნებულ „განათლების რეფორმის“ კონცეფციას არაფერი აქვს საერთო რეფორმასთან და გაუმჯობესებასთან - ჯამში ძალიან არეულ, პოლიტიზებულ, კონკურენციამოკლულ უმაღლეს განათლებას მიიღებენ და რა თქმა უნდა, ავტორიტარულ ხელისუფლებას ასეთი განათლების სისტემა ყველაზე მეტად აწყობს, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს.
კაპანაძის შეფასებით, განათლების სისტემას ბოლონიის პრინციპებს აშორებენ.
„ასე შეხედეთ: ჯამური სწავლების პერიოდს მაგისტრატურის ჩათვლით ამცირებენ 3 წლით, ანუ 6 წლის ბავშვი რომ შევა სკოლაში, 21 წლის უკვე მაგისტრი იქნება; საბაკალავრო თან სამი წელი უნდა იყოს, თან ქართული უნდა ასწავლონ, თან ენები. დათვალეთ 180 კრედიტიდან რამდენი დარჩება რეალურ საგნებზე. თუ საბაკალავრო ნაშრომსაც წერ - ყველაზე მინიმალური საგნები დარჩება გასავლელი; რეალურად სტუდენტებს აშორებენ თბილისს. ეტყობა ახალგაზრდების პროტესტი არ მოსწონთ და უნდათ, რომ სტუდენტები რეგიონებში გაყარონ; როგორც ჩანს, ერთი ამოცანაა ფულის დაზოგვა. ეტყობა განათლების დაფინანსება გაუჭირდათ. ბიუჯეტის 25%-ს დაზოგავენ; ითქვა, რომ ეს ნიშნავს, რომ 30 ათასი უნივერსიტეტდამთავრებული უფრო მალე შეუერთდება სამუშაო ბაზარსო. ეს არის უზედაპირულესი განცხადება. თუ ბაზარი ითხოვს მუშახელს, ეგ 30 ათასი კურსდამთავრებული ისედაც არსებობს. არაა საჭირო უნივერსიტეტიდან დროზე ადრე გამოგდება, რომ სამუშაო ადგილები შეავსო; როგორც ჩანს, აქცენტი პროფესიულ განათლებაზე იქნება. ოღონდ, მიუხედავად იმისა, რომ ეგ კარგი იდეაა, როგორ აიძულებ ადამიანებს, რომ პროფ-ში ჩააბარონ, სრულიად გაუგებარია. უბრალოდ უნივერსიტეტებში დახურავ მისაღებ ადგილებს და სხვა გზას არ მისცემ? ეგ ნიშნავს, რომ წირავ ამ ახალგაზრდებს ისეთ საქმიანობაზე, რაც არ უნდათ; ასევე, სახელმწიფო უნივერსიტეტებს გაუყიდიან ქონებას. ალბათ, ვაკეში არსებულ კორპუსებს დაერევიან. პირველ და მეორე კორპუსებს არ შეეხებიან, სავარაუდოდ, მაგრამ მეოთხე, მეექვსე, მეცხრე, ილიაუნის კორპუსები და ა.შ. გაიყიდება. მაგ ფულით აპირებენ სადღაც ქალაქგარეთ კორპუსების აშენებას და იქ სტუდენტების წასხმას“; რაც მთავარია, დაასამარებენ კონკურენციას უმაღლესი განათლების სფეროში. თუ რამე ზრდის ხარისხს არის სხვა უნივერსიტეტებთან კონკურენცია. თუ ქალაქში ერთი ფაკულტეტი დარჩება - კონკურენცია არ იქნება; ოღონდ ამ ყველაფერს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ კერძო უნივერსიტეტებსაც დაერევიან. როგორც ჩანს, საქართველოს უნივერსიტეტი იქნება პირველი. სხვებიც მიყვებიან. შეუძლებელია დეკონცენტრირებულმა ფაკულტეტებმა იმუშაოს, თუ კერძოები აგრძელებენ ისევე მუშაობას, როგორც აქამდე. უბრალოდ საუკეთესო სტუდენტები კერძოებში წავლენ და მაშინ მთელ ამ "რეფორმას" აზრი ეკარგება;
რა თქმა უნდა, დაერევიან მიუღებელი, განსხვავებული აზრის მქონე პროფესორებს და ლექტორებს. ესაა ამ რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია. მათ ჩანაცვლებასაც შეძლებენ. ხარისხი თუ გაუარესდება, აი დარდი. პოლიტიკური ამოცანა აქვს რეჟიმს და ასრულებს ნებისმიერ ფასად; განათლების სისტემას ამგვარად ძალიან დააშორებენ ბოლონიის პრინციპებს. 11-კლასიანი სკოლა არ ჯდება ბოლონიის კონცეფციაში. პირველი კურსიდან სტუდენტები ვეღარ წავლენ უცხოეთში სწავლის გასაგრძელებლად. ამაშიც პლუსი აქვთ ნანახი - აქ დატოვებენ ბავშვებს, რომ აქაური იდეოლოგიზებული სწავლების მსხვერპლი გახადონ რაც შეიძლება მეტი ადამიანი. ამასთან, გარეთ წასული სტუდენტებისთვის აქედან გასული გადასახადებიც დაეზოგებათ და ქვეყანაში დარჩება. როცა ფული შემოაკლდათ, ამ ზომაზეც მიდიან; ყველა ის არგუმენტი, რომ მეთორმეტე კლასში მაინც არაფერს აკეთებენ ბავშვებიო, უბრალოდ რეალობას აცდენილია. ასე, არც მეთერთმეტე კლასში გააკეთებენ არაფერს. ყველა ბოლო წელი ეგეთია ქართულ რეალობაში. მაგას სხვა პრობლემა აქვს სათავეში, რომელი სხვა განხილვის საგანია; ჯამში მიიღებენ ძალიან არეულ, პოლიტიზებულ, კონკურენციამოკლულ უმაღლეს განათლებას.
რა თქმა უნდა, ავტორიტარულ ხელისუფლებას ასეთი განათლების სისტემა ყველაზე მეტად აწყობს.
პ.ს. ის ხედვა, რომ ყველა მიმართულებას უნდა ჰყავდეს ერთი პროფესორი, სამი ასოცირებული და ათი ასისტენტ პროფესორი, იმდენად არასწორი და რეალობას აცდენილია, რომ სერიოზული კომენტირება შეუძლებელია“.
სიახლეები
- “ამ ჯერზე ევროპული განათლების სისტემისგან გვთიშავს” – სალომე ზურაბიშვილი კობახიძის განცხადებაზე
- “ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში რასაკვირველია, ზოგადად, კითხვები დაისმება, როდესაც პრეზიდენტი თავის ოჯახს, დედამისს ჩუქნის შენობას” - გიორგი ვოლსკი
- “სააკაშვილის მიერ დედისთვის ერთ ლარად გადაცემული ტექნიკური უნივერსიტეტის შენობების საკითხს სჭირდება ახსნა-განმარტება” - გურამ მაჭარაშვილი
- 17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 ოქტომბრისთვის