“იმედი გვაქვს, გერმანიის მთავრობაში დაფიქრდნენ და გააანალიზეს, რომ მოქმედი ელჩის საქართველოში საქმიანობით ხელისუფლებებს შორის ურთიერთობებში მხოლოდ სირთულეები იქმნებოდა” – პაპუაშვილი
“გუშინ ვნახეთ განცხადება. როგორც ჩანს, გერმანიის ხელისუფლებაში დაფიქრდნენ მაინც იმაზე, რომ ნაცვლად იმისა, გერმანიის მოქმედი ელჩი მთავრობებს შორის ხიდის როლს ასრულებდეს, მან აირჩია კედლის როლი ჩვენ ქვეყნებსა და მთავრობებს შორის. ეს სამწუხაროა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„მისი [გერმანიის ელჩის] მხრიდან ვხედავდით თავდასხმებს საქართველოს ხელისუფლებაზე, მხარდაჭერას რადიკალური ჯგუფების მიმართ, რაც სამწუხარო იყო. სხვა დროსაც ვთქვი, რომ 30-წლიანი განსაკუთრებული პარტნიორობა გერმანიის ელჩის ხელში დავიდა ძალიან დაბალ ნიშნულზე. ამიტომ, იმედი გვაქვს, ეს არის გადატვირთვის სიგნალი. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, გერმანიასთან ურთიერთობები დაბრუნდეს იქ, სადაც იმსახურებს, რომ იყოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თავად ფაქტი, რომ გერმანიის ელჩი იქნა გაწვეული. დანარჩენზე სიღრმეებში აღარ შევალ.
ჩვენი პოზიციები ცნობილია, მათ შორის გერმანიის ელჩის საქმიანობასთან დაკავშირებით. ეს საჯაროდაც არაერთხელ გვითქვამს და იმავე პოზიციებზე ვრჩებით. ამ პოზიციების არგუმენტები გვაქვს. ჩვენ კი არა, მთელი საზოგადოება ხედავდა ამ ყველაფერს. ამიტომ ამ დეტალებს, განცხადებებს დიდად არ ჩავუღრმავდებოდი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია და იმედი გვაქვს რომ ეს არის სიგნალი, მოხდეს გადააზრება. მნიშვნელოვანია, ელჩი ასრულებდეს ხიდის და არა კედლის როლს. ზოგადად, ვფიქრობ, ყველა ელჩისთვის უნდა იყოს კარგი მაგალითი, რათა დარჩნენ საკუთარი დიპლომატიური მისიის ფარგლებში, იზრუნონ იმაზე, რომ მათ წარმოდგენილ ქვეყანასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის იყვნენ ხიდი და არა კედელი. იმედი გვაქვს, გერმანიის მთავრობაში დაფიქრდნენ და გააანალიზეს, რომ მოქმედი ელჩის აქ საქმიანობით მხოლოდ სირთულეები იქმნებოდა ხელისუფლებებს შორის ურთიერთობებში“.
სიახლეები
- ,,2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია"– საია
- ვის ჩამოეწერება ჯარიმები – მთავრობის გადაწყვეტილება
- ,,ტრამპი დასავლეთში ერთადერთია, ვისაც უკრაინის კრიზისის ძირეული მიზეზები ესმის"- სერგეი ლავროვი
- ,,უკრაინაში აშშ-ის მიერ კონტროლირებადი არჩევნები მარიონეტული სპექტაკლი იქნება"- მარია ზახაროვა
- საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 697 ათასი ადამიანია
