სამართლებრივი დევნა ოპოზიციის რიგით მე-9 ლიდერზე - რა ემუქრება გახარიას და რა საქმეებზე ედავება პროკურატურა

“პროკურატურამ რიგით მეცხრე ოპოზიციონერ ლიდერზე დაიწყო სისხლის სამართლებრვი დევნა - უწყებამ ყოფილ პრემიერს გიორგი გახარიას 20 ივნისისა და ჩორჩანას საქმეზე ბრალი წაუყენა სამი მუხლით და მას 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

უწყება სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართავს. როგორც გენპროკურორმა აღნიშნა, 2024 წლის 7 მაისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს დაევალა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. მისი თქმით, არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, მათ შორის, დაზარალებულთა მონაწილეობით, ასევე ჩატარდა ასზე მეტი ექსპერტიზა და ასეულობით მოწმე გამოიკითხა, შედეგად გიორგი გახარიას ბრალეულობა გამოიკვეთა. სექტემბერში გიორგი გახარიამ გერმანიაში ბინადრობის უფლება მიიღო და სასამართლო გადაწყვეტილებას გახარიას დაუსწრებლად მიიღებს. მის პარტიაში ამბობენ, რომ ეს სიურპრიზი არ ყოფილა და გახარიას წინააღმდეგ კიდევ ბევრ აბსურდულ ბრალდებებს ვნახავთ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სამართლებრივი დევნა ოპოზიციის რიგით მე-9 ლიდერზე - რა ემუქრება გახარიას და რა საქმეებზე ედავება პროკურატურა.

 

“უწყების ინფორმაციით, 20 ივნისის მშვიდობიანი დემონსტრაცია საღამოს საათებში “ძალადობრივ აქტივობებში გადაიზარდა” და მაშინდელმა შს მინისტრმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს “ინსტრუქციისა და კანონმდებლობის უგულებელყოფით დაავალა სპეციალურ საშუალებათა ერთობლივად, პარალელურ რეჟიმში გამოყენება, ყოველგვარი გაფრთხილებისა და აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისათვის ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობის მიცემის გარეშე, რითაც ორგანიზება გაუწია მოქალაქეთათვის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას”. ბრალდების მეორე ეპიზიოდზე გიორგი გვარაკიძე ამბობს, რომ 2019 წლის 24 აგვისტოს მაშინდელმა შს მინისტრმა გახარიამ, რომელიც ასევე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და მუდმივი წევრი იყო, საბჭოს უფლებამოსილების იგნორირებით და პრემიერთან, სუს-თან შეუთანხმებლად და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირების გარეშე, სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საგუშაგოს დადგმის გადაწყვეტილება მიიღო”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“აღნიშნული ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების საბაბად გამოიყენეს. კერძოდ, 2019 წლის 5 სექტემბერს, ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა სიმაღლეები დაიკავეს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი. ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, რამაც მხარეებს შორის შექმნა შეიარაღებული სამხედრო კონფლიქტის რეალური საფრთხე. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები”, - ამბობს გვარაკიძე. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ გახარიასთვის მოქნეულ ჯოხს “ოცნება” თავში ირტყამს - ის მათი წამყვანი ფიგურა იყო, თუმცა, თუნდაც შს მინისტრობის დროს პრემიერისა და ივანიშვილის გარეშე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა”, - დასძენს გამოცემა.

 

“ორივე ბრალი “ოცნებას” ეკუთვნის, როცა გახარია მათი წამყვანი ფიგურა იყო, ამიტომ “ოცნება” გახარიასთვის მოქნეულ ჯოხს თავში ირტყამს. მომავალში 20 ივნისისა და ჩორჩანას საქმეზე შეიძლება “ოცნება” გაასამართლო, რადგან იქ გადაწყვეტილებას მარტო გახარია არ იღებდა, ამის დამტკიცება იოლი იქნება. შეუძლებელია შს მინისტრს, პრემიერთან შეთანხმების გარეშე ჩორჩანაში საგუშაგო დაედგა. მით უმეტეს, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, წარმოუდგენელია, რომ ჩორჩანაში საგუშაგო ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე დამდგარიყო. ეს უკვე რუსეთისთვის მიუღებელი იქნებოდა და ასეთ ფაქიზ თემებზე გადაწყვეტილება ვერ მიიღებოდა რომ არა ივანიშვილთან შეთანხმებ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

 

“გახარია ბოიკოტს არ შეუერთდა, თავის ამომრჩევლის გული მაინც მოიგო და საზოგადოებაში შექმნა განცდა, რომ მისი პარტია ისევე, როგორც “ლელო” თავის ამომრჩეველს არ ტოვებს და მაინც დემოკრატიაზე მუშაობს. მე მგონი, ამით არიან გამწარებულები, დაუბრმავდათ თვალები და იძულებულები არიან პიროვნულ დონეზე გადავიდნენ, მაშინ როცა აქ ინსტიტუტების დონეზე ჩანს ბრალეულობა... 20 ივნისი საშინელი მოვლენა იყო, იყო ძალის გადამეტება და გახარიას წვლილიცაა, მაგრამ არაერთი ადამიანის წვლილია აქ. გვიან რომ ხდება რეაგირება, ეს პოლიტიკური ანგარიშწორებაა. რეაგირება მაშინვე არ მომხდარა, არც 20 ივნისზე და არც ჩორჩანაზე - ამის შემდეგ გახარია დაწინაურდა, პრემიერი გახდა და ამიტომ ამაზე პასუხი “ოცნებამ” უნდა აგოს, როგორც პოლიტიკურმა ძალამ”, - ამტკიცებს რესპონდენტი.

 

“გახარია თავიდანვე რომ თუნდაც სამსახურიდან გაეშვათ, მაშინ სხვა საკითხია, მაგრამ დაწინაურების მერე გახარიას პრაქტიკულად დადებითად ჩაეთვალა ის, რაც მოხდა 20 ივნისს და მეტი საშუალება მიეცა იმ პოლიტიკის გატარებისა, რასაც “ოცნება” ახორციელებდა. აქ “ოცნების” შურისძიებაა გახარიას წინააღმდეგ, ვერაფერი ვერ უპოვეს და იძულებულები არიან თავის წიაღში ჩადენილი გადაცდომები დაებრალებინათ, ეს “ოცნების” თვალშისაცემი სისუსტეა და წესით, მათ ეს ბუმერანგივით უნდა დაუბრუნდეთ... არ მაქვს არავითარი განცდა, რომ იქნება ვადამდელი არჩევნები, მათ რომ ვადამდელი სდომებოდათ, ადგილობრივთან ერთად ჩაატარებდნენ, ბარემ ნიადაგი კარგად იყო მომზადებული, ბოიკოტი კარგად მუშაობდა და ამომრჩევლებს დააბნევდნენ. ახლა რომ ვადამდელი ჩაატარონ, ამდენი კორუფციული სქემის ფონზე, ხალხი გამწარებული იქნება და “ოცნება” ვერ აიღებს, რაც მას უნდა... 2028 წლისთვის ნიადაგს ასუფთავებენ. სამწუხაროდ, ბოიკოტმა ოპოზიციის საწინააღმდეგოდ და “ოცნების” სასარგებლოდ იმუშავა. ბოიკოტმა “ლელო” და გახარია ვერ გაანადგურა, ახლა უკან აბრუნებენ ციხეში ხაზარაძე-ჯაფარიძეს და გახარიაც არ სჭირდებათ გარეთ”, - დაასკვნის ზაქარეიშვილი.

წაკითხვა 71 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.