,,იმისთვის, რომ ბრიუსელს გავლენა მოეხდინა საქართველოს არჩევნებზე, 2024 წლის 26 ივნისს ცალმხრივად შეწყვიტა დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან გაწევრიანების საკითხებზე"- შალვა პაპუაშვილი
„იმისთვის, რომ ბრიუსელს გავლენა მოეხდინა საქართველოს არჩევნებზე, 2024 წლის 26 ივნისს ცალმხრივად შეწყვიტა დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან გაწევრიანების საკითხებზე,“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, 26 ოქტომბრიდან არის ეს პროტესტი, რომელიც მოდის მარტივი კაპრიზიდან, რომ უმცირესობამ უნდა მართოს უმრავლესობა.
„რატომ იკლებენ დღეებს არ ვიცი. პროტესტი დაიწყო 2024 წლის 26 ოქტომბერს 8 საათსა და წუთებზე, როდესაც რადიკალურმა ოპოზიციამ, აქ მყოფმა რამდენიმე ელჩმა გაიგეს, რომ დამარცხდნენ პირწმინდად ქართველ ხალხთან. გამოვიდა სალომე ზურაბიშვილი და ამ ყველაფერს უწოდა ხან „რუსული სპეცოპერაცია“, გაყალბება, „300 ათასი ზეციური ქართველი“ და ა.შ. 26 ოქტომბრიდან არის ეს პროტესტი, რომელიც მოდის მარტივი კაპრიზიდან, რომ უმცირესობამ უნდა მართოს უმრავლესობა. რომ გარედან უნდა იმართოს საქართველო და ცალ ფეხზე მდგომები უნდა იყვნენ ხელისუფლებაში და არა საქართველოს ინტერესების გამტარებლები. ასე, რომ თარიღები ერევათ როგორც ჩანს.
ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს გარედან მართული ტერორი იმისთვის, რომ ანტიდემოკრატიული გზებით ჩაანაცვლონ ხელისუფლება. ის რაც შეწყდა 2024 წლის ივნისში, ვერ შეჩერდებოდა 2024 წლის ნოემბერში, ეს ერთი. მეორე, რაც ითქვა მაშინ და რაც ჩანდა 26 ოქტომბრიდან 28 ნოემბრამდე მონაკვეთში, ჩანდა, რომ ქართველ ხალხთან დამარცხებული ზოგიერთი ევრობიუროკრატი და პოლიტიკოსი ცდილობდა, რომ ევროკავშირის საკითხი გამოეყენებინა შანტაჟის იარაღად ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ქართველი ხალხი და საქართველო ჰყოლოდა მუდმივი შანტაჟის ქვეშ, რომ ახლა მოლაპარაკებას გაგიხსნი ამ საკითხზე შენ თუ მარცხენა ფეხზე დადგები. მერე გაგიხსნი მეორე საკითხს თუ კი მარჯვენა ფეხზე დადგები. ასე დამამცირებელ მდგომარეობაში უნდოდათ დაეყენებინათ ქართველი ხალხი. ამიტომაც ითქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება აცხადებდა სრულ მზაობას, რომ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ქვეყნის მომზადებას ევროკავშირის წევრობისთვის. არა ერთხელ გვითქვამს, რომ საქართველო იქნება 2030 წელს ყველაზე მომზადებული ევროკავშირის წევრობისთვის და ეს კვლავაც ასე რჩება. თუმცა ჩვენ მათხოვრობას ბრიუსელის ევრობიუროკრატიას არ დავიწყებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
