"გათვლა აქვს, უკვე იცის, რატომ მისცა მოქალაქეობა" - რისთვის სჭირდება ზელენსკის სააკაშვილი და რა პრივილეგიას შესძენს ეს "ნაცმოძრაობას" საქართველოში
უკრაინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.
თავის მხრივ, სააკაშვილი კიევში ჩასვლას და უკრაინელების „დახმარებას“ აანონსებს. საქართველოში მის კუთვნილ პარტიაში კი პოლიტიკური ქულების დასაწერად ემზადებიან. პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის აზრით, სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნება „ნაციონალური მოძრაობისთვის“ „მეორე სუნთქვის“ გახსნის ტოლფასი იქნება.
შეგახსენებთ, რომ, ვლადიმერ ზელენსკი ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დროს ფიქრობდა, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნებაზე. მისი აზრით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი "ძალიან სერიოზული დიპლომატი და კონსულტანტია ნებისმიერი კანდიდატისთვის, რომელიც პოლიტიკოსობას აპირებს".
"ძალიან ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ სააკაშვილს შეუძლია, საკმაოდ მნიშვნელოვანი პოსტი დაიკავოს უკრაინის ხელისუფლებაში. ვთვლი, რომ თუ ადამიანს ჩამოართვეს მოქალაქეობა, მას აუცილებლად უნდა დაუბრუნონ", - აღნიშნა ცოტა ხნის წინ ზელენსკიმ.
ხოლო მას შემდეგ, რაც ზელენსკი მოვალეობის შესრულებას შეუდგა, ერთ-ერთი პირველი, რაც გააკეთა, წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირება შეასრულა - მისი წინამორბედის 2017 წლის 26 ივლისის N196 ბრძანება გააუქმა და სააკაშვილს მოქალაქეობა დაუბრუნა.
დაიკავებს თუ არა მეგობარ ქვეყანაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მაღალ თანამდებობას, ჯერ უცნობია. მაგრამ ქართველი და უკრაინელი ექსპერტები ამას არ გამორიცხავენ. უფრო მეტიც, ქართველი პოლიტოლოგების აზრით, ეს გავლენას იქონიებს "ნაციონალურ მოძრაობაზე" და ამან შესაძლოა, მთავარ ოპოზიციურ ძალას გარკვეული პრივილეგიაც კი შესძინოს.
უკრაინელი ექსპერტის ვიტალი ბალას განცხადებით, სააკაშვილის რაიმე კონკრეტულ თანამდებობაზე დანიშვნის საკითხი არ დგას. მისივე აზრით, ეს არასწორი იქნებოდა კიდეც.
"თუ უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტი შექმნის რაიმე სახის საკონსულტაციო საბჭოს, რომელშიც შევიდოდნენ ცნობილი ადამიანები, მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით, ეს მისთვის პლუსი იქნებოდა. თუმცა მისთვის რაიმე სხვა თანამდებობის მიცემა, ჩემი აზრით, არასწორია, რადგან უკრაინაში არიან ადამიანები, რომლებიც ოდესის ყოფილ გუბერნატორს მხარს უჭერენ და ასევე, რომლებიც არ უჭერენ და სააკაშვილის რაიმე თანამდებობაზე დანიშვნა, განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნებამდე, შეიძლება კრიტიკის საფუძველი გახდეს. თუმცა ჩვენთან ახლა ირაციონალურ ქმედებებს აქვს ადგილი და ზოგჯერ ძალიან რთულია იმის თქმა, თუ რატომ იკავებს რაიმე თანამდებობას კონკრეტული ადამიანი. ანუ ამ მხრივ სისტემურობას ვერ ვხედავ. თუმცა აბსოლუტურად არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილი რაიმე თანამდებობაზე მოგვევლინოს", - განაცხადა ბალამ.
ის, რაც დღეს მოხდა უკრაინაში, ამტკიცებს მარტივ ჭეშმარიტებას, რომ ისტორია საბოლოოდ გამოიტანს სამართლიან განაჩენს, - ეს განცხადება კი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.
მისივე განმარტებით, სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნება სასიხარულოა იმიტომ, რომ ის ახლა „გაცილებით უფრო ახლოს იქნება საქართველოსთან“.
„ნაციონალური მოძრაობის“ და გაერთიანებული ოპოზიციის სახელით, თანამედროვე საქართველოს შექმნელს, თანამედროვე საქართველოს პრეზიდენტს, მინდა ყველას სახელით მივულოცო სამართლიანობის აღდგენა. ის, რაც დღეს მოხდა უკრაინაში, ამტკიცებს მარტივ ჭეშმარიტებას, ისტორია საბოლოოდ გამოიტანს სამართლიან განაჩენს. ფულს ყოველთვის დაამარცხებს იდეოლოგია და ღირებულებები. არ არსებობს პოლიტიკური სისტემა, რომელიც ოლიგარქს არ მისცემს საშუალებას, დიდხანს იარსებოს სახელმწიფოში, თუ სახელმწიფოს სურს დემოკრატიულად იწოდებოდეს. ჩვენთვის ეს ძალიან დიდი სიხარული და გამარჯვებაა, იმიტომ, რომ უპირველეს ყოვლისა, საქართველო და უკრაინა ერთნაირ ომში იმყოფებიან და მეორე იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი გაცილებით უფრო ახლოს იქნება საქართველოსთან. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, ძალიან ცოტა დრო დარჩა გაერთიანებული ოპოზიციისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებამდე საქართველოში და იმ მომენტამდე, როდესაც მიხეილ სააკაშვილს დაუბრუნდება საქართველოს მოქალაქეობა იმისათვის, რომ მასთან ერთად გავაგრძელოთ ის გზა, რაც დაიწყო 2003 წელს - განვითარების, დემოკრატიის, უერთიერთპატივისცემის, კონსტიტუციის, კანონმდებლობის, ჩვენი საზოგადოებიდან ერთხელ და სამუდამოდ შურისძიების, ღვარძლის და განხეთქილების განდევნის“, - განაცხადა ვაშაძემ.
ის, რომ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენა მეტ-ნაკლებად გავლენას მოახდენს „ნაციონალურ მოძრაობაზე“, ამას ქართველი პოლიტოლოგებიც არ გამორიცხავენ.
ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ეს ფაქტი „ნაციონალებს“ მხარდაჭერებს არ გაუზრდის, თუმცა, პარტია ამას პიარისთვის გამოიყენებს და თანაც სწორად.
„ნაციონალურ მოძრაობაზე“ სააკაშვილის პოლიტიკური გავლენა სულ იყო და იქნება. სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მამოძრავებელი ძალაც არის და მუხრუჭიც. უკრაინის მოქალაქეობით სააკაშვილი საქართველოში მყოფ პარტიას ვერანაირ მეორე სიცოცხლეს ვერ შესძენს, თუმცა, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ ამას პიარისთვის გამოიყენებს და სწორიც იქნება. მაგრამ ეს მხარდამჭერების რაოდენობას არ გაუზრდის.
სააკაშვილს, როგორიც ჰქონდა, ისეთი აქტივობა ექნება უკრაინაში, მაგრამ რაიმე ტალღის აგორებას და მისი მხრიდან ახალი ძალის ჩამოყალიბებას არ ველოდები. სააკაშვილის მთელი ძალისხმევა მიმართულია საქართველოსკენ და არა უკრაინისკენ. მას უნდა, რომ პირველი პირი იყოს, უკრაინაში რომ ვერ იქნება, იცის, ამიტომ მეგობარი ქვეყანა მას სჭირდება გარკვეული პოლიტიკური აქტიურობისთვის, რომ გავლენა მოახდინოს საქართველოზე. თუმცა ეს კონკრეტული ფაქტი გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ სხვა ფაქტორებმა შესაძლოა... ასე რომ, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მნიშვნელოვანია, პოლიტიკური პროცესი როგორ წავა საქართველოში. ეს კი მეტწილად დამოკიდებულია „ოცნების“ ხელისუფლებაზე. მე პირადად ამ მიმართულებით დიდ რყევებს არ ველოდები, მაგრამ საქართველოში ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ჯერ არ ჩამოყალიბებულა. შემოდგომაზე ალბათ სურათი გამოიკვეთება და გამოჩნდება საარჩევნო ფინიშის სწორზე ვის რა პოზიციები აქვს და პრეტენზიები 2020 წლისთვის.
თუ „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი შეხედავენ, გაერთიანებული ოპოზიციის იმიჯით ვერ შეძლებენ უმრვალესობის მოპოვებას პარლამენტში, მაშინ სააკაშვილი გადაწყვეტს, რომ მისი პარტია დამოუკიდებლად შევიდეს პარლამენტში“, - უთხრა AMBEBI.GE-ს ვახტანგ ძაბირაძემ.
ხათუნა ლაგაზიძის აზრით კი, ეს ფაქტი ფსიქოლოგიურ გარდატეხას მოახდენს „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რომელსაც დამარცხებულის კომპლექსი ჩამოუყალიბდა.
„ზელენსკის სჭირდება სააკაშვილი და სწორედ ამიტომ აღუდგინა მოქალაქეობა. ვფიქრობ, უკრაინის პრეზიდენტი მას გამოიყენებს მახვილად გასანეიტრალებელი ფიგურების წინააღმდეგ. საინტერესოა, საპარლამენტო არჩევნებში რა ფორმით მიიღებს სააკაშილი მონაწილეობას და როგორი იქნება მისი მონაწილეობის ხარისხი უკრაინულ არჩევნებში. ამაზე იქნება დამოკიდებული ზელენსკის ხელისუფლებისა და საქართველოს ურთიერთობები. იმიტომ, რომ წინა პრეზიდენტმა როცა სააკაშვილი თავისი გუნდით მიიწვია უკრაინაში, ამან გავლენა იქონია ორი ქვეყნის ურთიერთობაზე. ეს ურთიერთბები დიდი ხნის განმავლობაში გაყინული და გამწვავებული იყო. ახლაც ძალიან ბევრი რამე იქნება ამაზე დამოკიდებული, თუნდაც ის თუ რა ოფიციალურ პოსტს შესთავაზებს ზელენსკი სააკაშვილს.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ აისახება „ნაციონალურ მოძრაობაზე“, ესეც პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა პოსტს დაიკავებს და რა გავლენა ექნება სააკაშვილს უკრაინაში. თუ მას ექნება რეალური პოსტი და გავლენა, ასეთ შემთხვევაში ეს ფსიქოლოგიურ გარდატეხას მოახდენს „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რომელსაც დამარცხებულის კომპლექსი ჩამოუყალიბდა.
სააკაშვილი დასავლეთთან ურთიერთობებით ძალიან ბევრ რამეს განსაზღვარს. შესაბამისად, მას თუ ექნება რეალური გავლენა, მისი ხმა და წონა დასავლეთთან ურთიერთობაში იქნება უფრო გავლენიანი და უფრო მეტად შეეცდება დასავლეთის განწყობების ჩამოყალიბებაზე მოახდინოს გავლენა, საქართველოს 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით. სააკაშვილი უკრაინაში თუ გახდება წონიანი ფიგურა, საქართველოში სასწორს „ნაციონალური მოძრაობისკენ“ გადაწონის.
ზელენსკი ტყუილად არ აღუდგენდა მოქალაქეობას, მას გათვლა აქვს - უკვე იცის, რატომ მისცა მოქალაქეობა. როგორც ვთქვი, ეს იქნება "მახვილი", რომლითაც არასასურველ მოწინააღმდეგეებს გაუმკალვდება. მაგრამ "მახვილს" რა პოსტს შესთავაზებს, ამაზე იქნება ბევრი რამე დამოკიდებული“, - გვითხრა ლაგაზიძემ.
ოდესის ყოფილი გუბერნატორი უკრაინაში ჩასვლას დღეს აპირებს. ამის შესახებ თავად მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. როგორც მან "კურიერთან" საუბრისას აღნიშნა, მოქალაქეობა მას უკანონოდ ჰქონდა ჩამორთმეული.
ambebi.ge
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი