"კახეთში არის ის პოტენციალი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ აქ მცხოვრებმა თითოეულმა ადამიანმა თავის ოჯახში იგრძნოს ეკონომიკური წინსვლა"
კახეთში არის ის პოტენციალი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ აქ მცხოვრებმა თითოეულმა ადამიანმა თავის ოჯახში იგრძნოს ეკონომიკური წინსვლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფორუმზე - „საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი - კახეთი 2019" - სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ გარკვეული პრობლემებით სავსე ეკონომიკური სტრუქტურა დატოვა მემკვიდრეობით, რასაც მიზანმიმართული პოლიტიკა სჭირდება, რათა ქართული ეკონომიკა უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს
„ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ რეგიონულ განვითარებაზე. გვწამს, რომ ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ საქართველოს. ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკაში განსაკუთრებულ პრიორიტეტს ვანიჭებთ ინკლუზიურ ზრდას, ისეთი ტიპის ზრდას, რომელიც თითოეულ საქართველოს მოქალაქეს შეეხება. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ჩატარებულმა არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ჩვენ გარკვეული პრობლემებით სავსე ეკონომიკური სტრუქტურა დაგვიტოვა მემკვიდრეობაში და ბუნებრივია, ამას სჭირდება მიზანმიმართული პოლიტიკა, რომ ეს შევცვალოთ და ქართული ეკონომიკა გავხადოთ უფრო კონკურენტუნარიანი, უფრო ინკლუზიური და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რეგიონულ განვითარებას განსაკუთრებული როლი ენიჭება. კახეთის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი იყო 2018 წელი, ვინაიდან, სწორედ 2018 წელს ჩატარებული რთველი იყო ყველაზე წარმატებული დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ბოლო წლებში გადადგმულმა ნაბიჯებმა კონკრეტული შედეგი მოგვცა, თუმცა ჩვენ შორს ვართ სასურველი ნიშნულიდან. ჩვენი შეფასებით, მხოლოდ კახეთის რეგიონი რომ ავიღოთ, ეკონომიკური პოტენციალის 25 პროცენტია მხოლოდ გამოყენებული. ეს ნიშნავს, რომ ამ ულამაზეს კუთხეში გვაქვს ეკონომიკის განვითარების ძალიან დიდი რესურსი და რაც მთავარია- ინკლუზიური განვითარების რესურსი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ფორუმში მონაწილეობენ უცხოელი ბიზნესმენები, რომელთაც აქვთ სურვილი, საქართველოში ინვესტიციები განახორციელონ. მთავრობის მეთაურის თქმით, მსგავსი ფორმატები უზრუნველყოფს უცხოელი ინვესტორებისათვის საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის უკეთ გაცნობას. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მსგავსი ფორუმები საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება.
„კახეთი არის საქართველოს ულამაზესი კუთხე, თავისი დიდი ისტორიით, ტრადიციით, ის არის მეღვინეობის აკვანი და მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენს კულტურაში. კახეთში მეღვინეობა ძალიან აქტიურად ვითარდება, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ განვითარების კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პოტენციალი გვაქვს. მე განსაკუთრებით მიხარია, რომ ხდება ბაზრების დივერსიფიკაცია. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ეკონომიკა არ იყოს დამოკიდებული რომელიმე ერთ მსხვილ ბაზარზე. კარგია, რომ დივერსიფიკაციის პოლიტიკა აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ამ ნაწილში ბევრი გვაქვს გასაკეთებელი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს კონკრეტული დავალება მიცემული ამ საკითხთან დაკავშრებით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, კახეთის რეგიონს აქვს დიდი პოტენციალი სხვადასხვა მცენარეული კულტურების განვითარების მიმართულებით.
„მნიშვნელოვანია, რომ კახეთში ბოლო წლების განმავლობაში კაკლოვანი კულტურების პოპულარიზაცია მოხდა. კაკლოვანი კულტურების განვითარება აქტუალურია როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოსთვის. კახეთში ამ კუთხით მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა, რაც ერთმნიშვნელოვნად მისასალმებელია. ჩვენ გვაქვს ისეთი ტიპის კულტურები, რომელიც შეიძლება ვიღაცას ეგზოტიკად მოეჩვენოს, მაგრამ გარწმუნებთ, კახეთის რეგიონს აქვს უზარმაზარი პოტენციალი და ამის მაგალითია ზეთისხილის გაშენება, რომელიც ძალიან მზარდი პროდუქტია მსოფლიო ბაზარზე და საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ამ მიმართულებითაც დაიმკვიდროს ადგილი მსოფლიო ბაზარზე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი