ოქროს ფასი რეკორდულ ნიშნულზეა
12 იანვრის მონაცემებით, ერთ უნციაზე ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად, $4,600-ს გადააჭარბა. ხოლო ვერცხლის ღირებულება უნციაზე, ასევე ყველა დროს მაქსიმუმამდე, $83.96-მდე გაიზარდა. ანალიტიკოსები, ძვირადღირებულ ლითონებზე ფასების ზრდას გაურკვეველ გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობასთან ერთად, Fed-ის მიერ საპროცენტო განაკვეთების შემცირების მოლოდინს უკავშირებენ.
ორშაბათის სავაჭრო სესიის დასაწყისში, ოქროს ღირებულება, მცირე დროით, ყველა დროის მაქსიმუმამდე გაიზარდა და $4,600.33-ს მიაღწია. ამჟამად, ძვირფასი ლითონის ღირებულება $4,469-ს უტოლდება, რაც, ერთი დღისთვის, 1.3%-იანი ზრდაა.
არსებულ გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ ფაქტორებში, რომელთაც შესაძლოა ოქროს ფასზე გავლენა იქონიონ, ირანში არსებული არეულობა – მათ შორის, ტრამპის მუქარა არეულობის ესკალაციის გამო მოსალოდნელ რეაგირებაზე – განიხილება. ამ ყველაფერს კი, აშშ-ის მიერ ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავება და გრენლანდიის შესყიდვაზე ტრამპის განცხადებები ემატება.
პარალელურად, ანალიტიკოსები მოელიან, რომ Fed-ი, მიმდინარე წელს, სულ მცირე ორ ეტაპად, საპროცენტო განაკვეთებს კიდევ უფრო შეამცირებს. კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელის, ჯერომ პაუელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ბრალდებით გამოძიებაც დაიწყო. თავად პაუელის განცხადებით, ბრალდებები ეროვნული ბანკის რეკონსტრუქციისთვის „საბაბად“ არის გამოყენებული და განაკვეთების შემცირების მიზნით, მათზე ზეწოლის გაძლიერებას ემსახურება.
რაც შეეხება სხვა ძვირადღირებულ ლითონებს: ამჟამინდელი მდგომარეობით, უნციაზე ვერცხლის ფასი 3.5%-ითაა გაზრდილი და $82.72-ს შეადგენს. 3.2%-იანი მატების შემდეგ უნციაზე $2,345.40-ს შეადგენს პლატინის ღირებულება, პალადიუმის ფასი კი, 3.3%-იანი მატებით, უნციაზე $1,875.68-ს უტოლდება.
სიახლეები
- ,,ჩემი დამოკიდებულება პირადად ირაკლის მიმართ ყოველთვის იყო თბილი, მეგობრული – ჩემთვის ეს პირადი ტრაგედიაა"- გიორგი ვოლსკი
- ,,თავისი არსით მათი თავდაცვა მარხილში შებმული ორი ძაღლია"- დონალდ ტრამპი
- ღარიბაშვილი უკვე ციხეშია - 5-წლიანი პატიმრობა და ₾1 მილიონი ჯარიმა
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით
- ლევან ხაჭაპურიძე იპოვეს
