ახალი წესები ახალი ერთობისათვის - რა ჩაიწერება ოპოზიციის გამაერთიანებელ დოკუმენტში

“ოპოზიცია მომავალი ერთობისთვის კონკრეტულ წესებსა და მიმართულებებზე დაფუძნებულ დოკუმენტს ამზადებს. მათი განცხადებით, მიზანი მხოლოდ ფორმალური გაერთიანება არ არის და საუბარია გამძლე ერთობაზე, რომელიც ძლიერი ოპოზიციური თანამშრომლობის გარანტი უნდა გახდეს.

რა წესებს შეიძლება დაეფუძნოს ახალი ერთობა და რა უშლიდა ოპოზიციურ ძალებს აქამდე ხელს? მას შემდეგ, რაც “გირჩი - მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ციხე დატოვა, მალევე დაიწყო საუბარი ოპოზიციურ ერთობაზე. თავად ჯაფარიძემ 18 იანვარს განაცხადა, რომ ეს ერთობა, “იქნება ის, რაც აქამდე გვესმოდა - კოორდინაციაზე ბევრად მეტი”. ანალიტიკოსები ახალ გაერთიანებას დიდი ენთუზიაზმით არ უყურებენ. ექსპერტების ნაწილი პროლემას “ნაცმოძრაობაში” ხედავს. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს გაერთიანებისთვის საჭირო მოტივაცია არ აქვთ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ახალი წესები ახალი ერთობისათვის - რა ჩაიწერება ოპოზიციის გამაერთიანებელ დოკუმენტში.

“ლელო - ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ წარმოუდგენია ოპოზიციურ ერთობაში ყოფნა. “ადგილობრივი არჩევნების გამოცდილებამ აჩვენა ყველას, რომ არჩევნების ბოიკოტს ნულოვანი შედეგი აქვს და უკუშედეგი მოაქვს. ამიტომ, ახლა ამ საკითხზე ოპოზიციის შიგნით დაპირისპირებაში შესვლა აზრს მოკლებულია იმიტომ, რომ ჯერ არ არის არჩევნები დანიშნული. მე არ ვიცი სხვას რა მოთხოვნა აქვს, მაგრამ ჩვენი მოთხოვნა არის ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რეპრესიული კანონების გაუქმება”, - განაცხადა სამადაშვილმა. “ფედერალისტების” დამფუძნებლის, თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, ოპოზიციური ერთობისთვის კონკრეტულ წესებსა და მიმართულებებზე დამყარებული დოკუმენტი მზადდება და „ჩვენ ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება განვიხილოთ ჩვენი თავი რაიმეს ერთობაში - თუ იარსებებს მოქცევის წესები და ეს წესები იქნება დემოკრატიული”. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ახალ წესებს ახალ ერთობაში ვერ ხედავს და აღნიშნავს, რომ ოპოზიციონერთა განცხადებებიდან ეს ჯერჯერობით, არ ჩანს. ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილს ამ ერთობის არ სჯერა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ყველასათვის საინტერესოა, თუ რა წესებზე შეიძლება იყოს დაფუძნებული. ეს ხომ პირველი არ არის, ლამის ყველა ეტაპზე ძირითადი მოწოდება ეს იყო - გავერთიანდეთო, მაგრამ ვერაფრით ვერ მოხერხდა. შეიძლება მე ვერ ვხედავ და რაიმე დუღს შიგნით, მაგრამ, ეს ოპოზიციური ფიგურები, რომლებიც დღეს გაერთიანების ინიციატორები არიან, კარგა ხანს იყვნენ საპყრობილეში და ფიქრის საშუალება ჰქონდათ. იქნებ რამე მოიფიქრეს... ჯერჯერობით განცხადებები, რომლებიც მათ გაერთიანებას ხელს შეუწყობდა და გააძლიერებდა, არ ჩანს. მით უმეტეს ამ მომენტისთვის, არც არჩევენებია მოახლოებული, ასეთი გაერთიანების აუცილებლობა თითქოს არ დგას და რატომ წამოიწია ახლა ამ თემამ, არ ვიცი”, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ. “მე ამ საქმეს დიდი ენთუზიაზმით არ ვუყურებ, ვფიქრობ, აქედან არაფერი გამოვა. ახლა ვერანაირ წესებს ვერ შემოიღებ, ეს საერთოდ არ არის კონკრეტული რაღაც გამაერთიანებელი, მოტივატორი... ასეთი რამ არ არსებობს - რატომ უნდა იყვნენ ესენი ერთად, რის გამო? მეტი მხარდამჭერი ეყოლებათ? - არ მგონია”, - მიიჩნევს დავით ზურაბიშვილი”, - განაგრძობს გამოცემა.

“რამაზ საყვარელიძე საუბრობს “ნაცმოძრაობის” ფაქტორზე და ამბობს, რომ სწორედ ეს უშლის და უშლიდა ხელს ერთობის პერსპექტივას. “თუკი ოპოზიციამ მკაფიო უარი არ თქვა “ნაცმოძრაობის” მიღებაზე, მათთან გაერთიანებაზე და მისი პოლიტიკის გაზიარებაზე, იქნება ეჭვი რომ ისევ “ნაციონალური მოძრაობა” მოჰყავთ. ამ ეჭვს ამყარებს ისიც, რომ არც ერთი ოპოზიციური პარტია იმ პერიოდს აქტიურად არ აკრიტიკებს. ხელისუფლებაც სარგებლობს ამით და იძახის, რომ ეს “ნაცმოძრაობის” განშტოებებია. სანამ ეს ასეა, როგორც 2012-ში ძალიან მოინდომა ხალხმა, რომ „ნაცმოძრაობა" გაეშვა ხელისუფლებიდან, ეს ხალხი არ დაუშვებს, რომ “ნაციონალები” მობრუნდნენ. “ნაციონალებზე” უარის გარეშე ოპოზიციას პერსპექტივა არ ექნება”, - განაცხადა საყვარელიძემ, რომლის აზრით, “ნაცმოძრაობის" ფაქტორის გარდა, იმისთვის რომ შიდა კონფლიქტები გამოირიცხოს და ერთობას პერსპექტივა ჰქონდეს, ოპოზიციამ “ნულოვანი პოზიციიდან უნდა დაიწყოს ხელახლა თავისი ოპოზიციონერობის ამოშენება”, - დასძენს გამოცემა.

“დავით ზურაბიშვილი კი მიიჩნევს, რომ ოპოზიციური ერთობა შესაძლოა “ნაცმოძრაობის” გარშემო შეიკრას. “ბევრი პრობლემაა. საერთოდ, ჯერ ერთი - რატომ უნდა იყოს ერთი ოპოზიცია, ერთი პარტია, ასეთი მსოფლიოში არ არის, უბრალოდ ზოგან არის წამყვანი ოპოზიციური ძალები - აი, ვიღაც, ვისაც სხვაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს და მერე წვრილი პარტიები აკეთებენ მის გარშემო ერთობას. აქ, ამ შემთხვევაში, ასეთი ლიდერი არ არის. ასე რომ, ჯერ ერთი, თუ ასეთი გაერთიანება მოხდა, უფრო რეალურია, რომ “ნაცმოძრაობის” ირგვლივ მოხდეს. მაგალითად, გვარამიას პარტიაც “ნაცმოძრაობიდან” არის გამოსული, ვაშაძის პარტიაც, “გირჩი - მეტი თავისუფლებაც”. ეს მაინც იქნება “ნაცმოძრაობის” ფლანგზე და ვინც “ნაცმოძრაობის” ფლანგზე არ არის მე ამ ერთობაში ცოტა რთულად წარმომიდგენია - “ლელო”, “გახარიას პარტია” და სხვები”, - განაცხადა ზურაბიშვილმა”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 134 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.