"პლასტიკის მოხმარებასთან დაკავშირებულია ბევრი დაავადების მომრავლება, თუმცა მნიშვნელოვანია ეკონომიკური ასპექტები" - რაკლი კობახიძე

პლასტიკის მოხმარებასთან არის დაკავშირებული ძალიან ბევრი დაავადების მომრავლება, თუმცა, ამასთან ერთად მნიშვნელოვანია ეკონომიკური ასპექტები და ჩვენ უნდა მივიღოთ დაბალანსებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.

პრემიერის თქმით, მთავრობას არ სურს დააზარალოს ბიზნესის ინტერესები, ასევე არ სურს ფასების ზრდა, შესაბამისად, მიიღება დაბალანსებული გადაწყვეტილება, რომელიც დაიცავს ადამიანების ჯანმრთელობას, გარემოს და მეორე მხრივ, ბიზნესის ინტერესებს.

„ამ თემაზე მუშაობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან და დავპირდი მათ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, ვიდრე არ გავივლით საბოლოო კონსულტაციებს მათთან. ჩვენ გვაწუხებს ამ საკითხის ყველა ასპექტი - ერთ მხარეს არის გარემოს დაცვითი ინტერესები, მეორე, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის ინტერესები. პლასტიკის მოხმარებასთან არის დაკავშირებული ძალიან ბევრი დაავადების მომრავლება, მათ შორის არის ონკოლოგიური დაავადებები, ნაყოფთან დაკავშირებული დაავადებები, სხვადასხვა კატეგორიის ნევროლოგიური დაავადებები. თუმცა, ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური ასპექტები, ბიზნესის ინტერესები და ჩვენ უნდა მივიღოთ დაბალანსებული გადაწყვეტილება. ახლა არის მიღებული მხოლოდ შუალედური გადაწყვეტილება და ველოდებით სექტორთან კონსულტაციებს. ეს კონსულტაციები აუცილებლად გაიმართება. დრო ბევრია, ძირითადი გადაწყვეტილების მიღება დაგეგმილია 2027 წლის პირველი თებერვლიდან. ერთი წლის განმავლობაში შეიძლება გადავავადოთ, შეიძლება შევცვალოთ. აბსოლუტურად ღია ვართ. ჩვენ არ გვინდა დავაზარალოთ ბიზნესის ინტერესები, არც ფასების გაძვირება გვინდა პროდუქტებზე. შესაბამისად, იქნება ის გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც თანაბრად დაიცავს ადამიანების ჯანმრთელობას, გარემოს და მეორე მხრივ, ბიზნესის ინტერესებს", - განაცხადა პრემიერმა.

წაკითხვა 98 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.