"უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ჩვენ ვართ პატრიარქის თაობა და ჩვენ ვართ იმ უნიკალური მოვლენის მოწმენი, როდესაც მთელი ერი ერთი ადამიანით არის სულიერად დაკავშირებული, როდესაც საქართველოს ყველა მოქმედი სასულიერო პირი მისი ლოცვა-კურთხევით არის ხელდასხმული და საქართველოს ქრისტიანთა აბსოლუტური უმრავლესობა მისი ლოცვა-კურთხევით მონათლული.
„ჩვენი ორიათასწლოვანი ეკლესიის დღევანდელი სიმრავლე, სახე და ფორმა მის მიერ არის შექმნილი. უწმინდესი და უნეტარესი აღმოჩნდა ჩვენი ერისა და ეკლესიის ის მტკიცე დუღაბი, რომელმაც უღმერთობისა და ნიჰილიზმის დროში ჩვენი წარსული აწმყოსთან, ხოლო აწმყო მომავალთან დააკავშირა. და მართლაც, ჩვენ ვიხილეთ ღვთის სასწაული, ფერფლიდან აღმდგარი ქართული ეკლესია, რომელიც მან მარტომ, შიშველი ხელებით თავიდან გამოკვეთა. მან ეს შეძლო იმიტომ, რომ იცოდა მთავარი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში მრავალი ღირებულება იბრძვის პირველობისთვის – თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა, სამართლიანობა.
„უწმინდესი და უნეტარესი თითოეულ მათგანს თავის ადგილს მიუჩენდა, მაგრამ გვასწავლიდა მთავარს: თავისუფლებაც, თანასწორობაც და ყველა სხვა, აზრს კარგავს, თუ არ დგას უმთავრეს ღირებულებაზე – სიყვარულზე. ჩვენ გვყავდა სიყვარულის პატრიარქი. მისი დაუღალავი მქადაგებელი. იგი თავისი ცხოვრებით იქცა მაგალითად, თუ როგორ შეიძლება გიყვარდეს ყველა – შინაურიც თუ უცხოც, მოყვარეც და მტერიც, მართალიც და ცოდვილიც“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სადაც პატრიარქია დასვენებული, ღვთისმსახურება აღასრულა სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად. წირვის დასრულების შემდეგ, კონსტანტინოპოლის-ახალი რომის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმინდესმა ბართლომეოს პირველმა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულეს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის წესის აგების მსახურება.
სიახლეები
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"
- "მადლობა უწმინდესო, რომ გარდაცვალების შემდეგაც უდიდესი მისია იკისრე და ერთად დგომა შეგვაძლებინე! " - თინა ხიდაშელი
- საქართველოში ხუთი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური იმყოფება
- "ველოდებით 4 პირველიერარქს, წესის აგებას უხელმძღვანელებს მსოფლიო პატრიარქი" - მეუფე ნიკოლოზი
