“უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია

“ბებია რომ გარდაიცვალა, სიონში მივედი, მაშინ უწმინდესი სიონის ეზოში ცხოვრობდა. ტაძრიდან რომ გამოვედი, ჩემმა ნათლიამ მითხრა, აი, პატრიარქიო და უწმინდესთან დასალოცად მიმიყვანა.

1981 წელს იყო და დღემდე მახსოვს ის განცდა, რომელიც მაშინ დამეუფლა... მოგვიანებით უწმინდესთან “პიონერფილმის” ბავშვები გრიშა ჩიგოგიძემ მიგვიყვანა. მაშინ უკვე ეკლესიაში დავდიოდი და პატრიარქის ოთახიდან სულ ბოლოს მე გამოვედი. ჩემდა უნებურად, უკან მივიხედე და დავინახე, უწმინდესი ზურგს უკან პირჯვარს მწერდა... იმ პირჯვრისწერის მადლს მთელი ცხოვრება ვგრძნობ. პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ არაერთხელ გავიგონე ფრაზა: “ეპოქის დასასრული”. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს დასასრული კი არა, გაგრძელებაა. უწმინდესს თავისთვის არაფერი შეუქმნია, საკუთარი თავი ცენტრში არასდროს დაუყე­ნებია, ის ყველაფერს აკეთებდა სამშობლოსთვის, ხალხისთვის, ეკლესიისთვის. ნეტავ, ერთი წამით მაინც გადმოახედა და ეს ერთობა დაანახა. ეჭვიც არ მეპარება გვხედავს და ხარობს... ადამიანების უწყვეტი ტალღაა, უმრავლესობა ბავშვი და ახალგაზრდაა, სწორედ ესაა განგრძობადობა...” - აცხადებს ლაშა ჟვანია, რომელიც უწმინდესის გვერდით იყო მისი ამქვეყნიური ცხოვრების ბოლო წუთებში გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით ლაშა ჟვანია - “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა”.

“უწმინდესის მიერ გადადგმული არც ერთი ნაბიჯი არ დაიკარგება, ის უკვე ჩვენს მომავალშია გადასული და ამიტომაც არ შეიძლება მის წასვლას ეწოდოს დასასრული. ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, ცხოვრებას როგორ გავაგრძელებთ უწმინდესის გარეშე, თუმცა მისი შეწევნით. შემთხვევით არ მითქვამს, ამდენი ხალხი რომ ენახა-მეთქი... ერთ ამბავს გიამბობთ: 2011 წელს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ პატრიარქთან ყოველგვარი შეთანხმებისა და კონსულტაციის გარეშე მიიღო კანონი, რომელიც სხვა ყველა რელიგიურ მიმართულებას ათანაბრებდა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან. მაშინ სოციალურ ქსელში სამმა ახალგაზრდამ დაწერა, რომ ამის გასაპროტესტებლად, მეგობრებთან ერთად აპირებდნენ შეკრებას ქაშუეთის ეკლესიასთან და შემდეგ სამებისკენ უნდა დაძრულიყვნენ. უწმინდესმა გადაწყვიტა, სამებაში პარაკლისი შეესრულებინა და ჩვენც საკათედრო ტაძარში ავედით. მისთვის მაშინ ძალიან მძიმე დღეები იყო - უწმინდესი საკურთხეველში იჯდა, თავჩახრილი და უტყვი, იმაზე მეტად მოხრილი, ვიდრე უკანასკნელ დღეებში იყო. მის გვერდით ვიდექი, როცა დამირეკა მეგობარმა, რომელიც ხალხის ტალღას მოჰყვებოდა და უკვე სამების ეზოში შემოდიოდნენ. მითხრა, იმდენი ხალხი შეიკრიბა, ჩემი ახლობლები ჯერ ბარათაშვილის ხიდზეც არ შემოსულან, მათ უკან კი კიდევ ხალხიაო. პატრიარქს ეს ამბავი ვუთხარი და თან გახარებულმა დავამატე - ქართველი ერი არ მომკვდარა! არასდროს დამავიწყდება, უწმინდესმა თავი ასწია, შემომხედა, გაიშალა მხრებში, მერე მზერა საკურთხევლის უმაღლესი წერტილისკენ აღაპყრო და პირჯვარი გადაიწერა. ეს მისთვის საოცრად დიდი სიხარული იყო”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრიასა ლაშა ჟვანია.

“მაშინ გამახსენდა მოსე, რომელიც წითელი ზღვის მიღმა იჯდა ებრაელ ხალხთან ერთად, რომლებსაც ეგვიპტელები ჩასახოცად მოსდევდნენ. მაშინ მოსე ჩუმად იყო, ხმას არ იღებდა და როგორც ძველ აღთქმაშია, ღმერთის ხმა მოესმა: მოსე, რატომ მიყვირი მე, უთხარი ჩემს ერს, ადგეს და მივიდეს ზღვასთან. იმ მომენტში, როდესაც უწმინდესი თავჩახრილი მდუმარედ იჯდა, მისი ხმა ღვთის წინაშე ყვირილად იყო ასული და მან იცოდა, რომ მისი მდუმარებით გამოხატული ყვირილი შესმენილი იყო... უწმინდესი სწორედ ასეთი მდუმარე ყვირილით, მოთმინებით, ლოცვით, ფაქიზად და სიყვარულით დგამდა ყოველ ნაბიჯს. ნახეთ რა ხდება, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე ფარგლებს გარეთ. ახლა უწმინდესთან ჩვენი ემიგრანტების გვირგვინები ვნახე. უამრავი ბავშვი მოდის ხელში ფურცლებით: “მადლობა, პატრიარქო!” შეიძლება ახლა ვერც აცნობიერებენ მადლობას რისთვის ეუბნებიან, მაგრამ ეს ჩვენს მომავალზე აუცილებლად აისახება, ხვალინდელი დღე ხომ სწორედ ეს ბავშვები არიან...”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“აქამდე ისე ვიცხოვრე, არც ერთი ადამიანის გარდაცვალების მომენტს არ შევსწრებივარ... კლინიკაში შეყვანის მომენტიდან მის გვერდით ვიყავი. კომპიუტერული ტომოგრაფია გადაუღეს და პალატაში შეიყვანეს. ნიღაბი მეკეთა, ჩამოვიწიე, ცნობა რომ არ გასჭირვებოდა, თუმცა ხმითაც ყველას გვცნობდა. მივუახლოვდი და ვუთხარი: თქვენო უწმინდესობავ, შეგვაშინეთ... გაფართოებული თვალებით ამომხედა. გასამხნევებლად გავუღიმე. მისმა მეკელიე მამა დავითმა (ჭინჭარაული) ჩემს ნათქვამს მაშინვე დააყოლა. თქვენო უწმინდესობავ, ისე იცინის, ახლა ამას შეშინებულის რამე ეტყობაო? ბოლო წლებში უწმინდესს ასაკისა და რიგი მიზეზების გამო მიმიკები ნაკლებად ჰქონდა, მაგრამ ჩვენ მაინც მივხვდით მის იმწუთიერ სიხარულს. თავად უყვარდა ასეთი შინაურული გადალაპარაკებები, ხუმრობები, ეს მისი სტილი იყო. მსუბუქი, უწყინარი იუმორი ჰქონდა... ექიმებმა აგვიხსნეს, რომ სამედიცინო პროცედურები სასწრაფოდ უნდა ჩატარებულიყო და მოითხოვდა ანესთეზიას - პატრიარქი უნდა დაეძინებინათ. რა თქმა უნდა, დავთანხმდით, მაგრამ ჩემი ერთადერთი მოთხოვნა იყო, სანამ ნარკოზს გაუკეთებდნენ, მისთვის დეტალურად აეხსნათ, რა პროცედურის ჩატარებას უპირებდნენ. ექიმებს უწმინდესთან მამა დავით ჭინჭარაული შეჰყვა და უთხრა, რაც უნდა გაეკეთებინათ. ანესთეზიის გაკეთების წინ მამა დავითმა სთხოვა, თქვენო უწმინდესობავ, გთხოვთ, დალოცოთ საქართველო, დალოცოთ ექიმები...”, - იხსენებს ლაშა ჟვანია.

“უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა. ჩვენ ვგალობდით, როცა უწმინდესი უფალთან გადადიოდა. ვგალობდით იმ საგალობლებს, რომლებიც მას გამორჩეულად უყვარდა. უწმინდესს ვუთხარი: კათოლიკოს-პატრიარქო ჩვენო, უწმინდესო და უნეტარესო მეუფეო, ტკბილო მამავ და წინამძღვარო ჩვენო, მადლობელი ვართ თქვენი, მადლობელი ვართ ღმერთის, რათა მოგვცა საშუალება ეს წლები ჩვენთან ერთად ყოფილიყავით, მადლიერებით გიშვებთ ღვთის წინაშე და გაბარებთ წმინდა ნიკოლოზს, წმინდა გიორგის, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელს, წმინდა გერასიმე იორდანელს (17-ში ამ წმინდანის ხსენების დღე იყო), დედა ღვთისმშობელს, ანდრია პირველწოდებულს, წმინდა ნინოს... მადლობა, მადლობა მადლობა... მერე გალობა გავაგრძელეთ, ისე, როგორც შევძელით... ასე გავაცილეთ პატრიარქი ღმერთთან. ასეთი იყო ჟამი, დრო და წუთი უწმინდესის ამ ქვეყნიდან გასვლისა”, - ამბობს ჟვანია.

“ნურასდროს ვიტყვით - “რა გვეშველება”! ამით უწმინდესის სულს ყველაზე მეტად შევაწუხებთ. გვეშველება, აუცილებლად და ყველაფერი კარგად იქნება, ამას გვასწავლიდა პატრიარქი მთელი ცხოვრება. ურთულეს პერიოდში ურთულეს დღეებში, მაშინ როცა ჩვენ ცალ-ცალკე პერსპექტივას ვერ ვხედავდით, ის გამოდიოდა და გვეუბნებოდა: ყველაფერი კარგად იქნება! მისი სიტყვები მართლდებოდა... ერთხელ მნიშვნელოვან საკითხზე ვსაუბრობდით. მითხრა, ახლა აქ, ოთახში, ჩვენ გარდა მეფეც არის, ვგრძნობ, ჩვენი წმინდანები გვისმენენო. მასთან სამნი ვიყავით, მე, დავით ჭინჭარაული და დაცვის ბიჭებს რომ ვეძახით, მათგან ერთ-ერთი - უწმინდესს ვუთხარი, მეფისა რა გითხრათ, მაგრამ თქვენთან სამი გლეხი კი ვზივართ-მეთქი... 3 წლის წინ ისრაელიდან ჩამოვედი და უწმინდესის მოსანახულებლად მივედი. საპატრიარქოში ყველანი შეწუხებული დამხვდნენ, მთელი დღე ხმა არავისთვის გაუცია, იქნებ შენ მაინც რამე გითხრასო. შევედი, დამლოცა, დავუწყე ლაპარაკი, მაგრამ რამდენი რამ ვკითხე, პასუხი ვერ მივიღე. რამდენჯერმე ვცადე, ამყოლოდა, მაგრამ ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა... გარკვეული დროის შემდეგ შევბედე, თქვენო უწმინდესობავ, ჩემზე ნაწყენი ხომ არ ბრძანდებით, რატომ არ მელაპარაკებით-მეთქი? გამომხედა და მხოლოდ ორი სიტყვა მითხრა: “მოხუცი ვარ”. სუსტად იყო და ჩვენ კი გვსურდა, სულ ელაპარაკა. ის სულ უფრო და უფრო ცოტას ლაპარაკობდა, სულ უფრო და უფრო იყო ლოცვაში... მისი მდუმარება საქართველოსთვის ღმერთამდე ყვირილად ადიოდა. დაუფასდება! ყველაფერი კარგად იქნება! მე ამის მჯერა! ეს რწმენა, ეს განწყობა მან ჩამინერგა და მინდა, ყველასთვის გადამდები იყოს!” - დასძენს ლაშა ჟვანია.

ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები

“კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის შემდეგ ყველაზე აქტუალური საკითხია, თუ ვინ გახდება ახალი პატრიარქი. შესაბამისი პროცედურები რამდენიმე საფეხურს მოიცავს და ეკლესიის მეთაურის არჩევა, სავარაუდოდ, მაისის დასაწყისში მოხდება. მთავარ კანდიდატად ამ ეტაპზე მეუფე შიო განიხილება, რომელიც ილია მეორემ თავის სიცოცხლეშივე გამოაცხადა თანამოსაყდრედ. თუმცა, ეს არ იძლევა სრულ გარანტიას, რომ მომდევნო პატრიარქი სწორედ ის იქნება, რაზეც ისტორიული პრეცედენტებიც მეტყველებს. საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ეროვნებით უნდა იყოს ქართველი; უნდა იყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი; უნდა ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება; ასაკით უნდა იყოს არანაკლებ 40 და არაუმეტეს 70 წლისა; უნდა იყოს ბერი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები.

“კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე მის მოვალეობას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე ასრულებს. თავისი თანამოსაყდრე პატრიარქმა ილია მეორემ სიცოცხლეშივე, 2017 წლის 23 ნოემბერს დაასახელა - სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი). საეკლესიო წესების თანახმად მოსაყდრე იწვევს წმ. სინოდს საპატრიარქო კანდიდატების შესარჩევად. კრებაზე სინოდის ყველა წევრს ერთი საპატრიარქო კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს, მათ შორის საკუთარი თავისაც. ის სამი საპატრიარქო კანდიდატი, რომლებიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, ცხადდება პატრიარქობის კანდიდატად და შემდგომში კენჭს იყრიან სინოდის გაფართოებულ კრებაზე. გაფართოებული კრების მოწვევა ხდება საპატრიარქო ტახტის დაქვრივებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ორი თვისა. ანუ, შესაბამისად, 26 აპრილიდან 17 მაისამდე პერიოდში. კრებას ესწრებიან როგორც უშუალოდ სინოდის წევრები, ასევე სხვა სასულიერო პირები და მრევლის წარმომადგენლებიც. გაფართოებული კრების ყველა მონაწილეს უფლება აქვს კანდიდატთა შესახებ აზრი გამოთქვან, თუმცა, წესისამებრ, კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის კენჭისყრაში მხოლოდ მღვდელმთავრები მონაწილეობენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს - ანუ, სინოდის 39 წევრისგან მინიმუმ 20 ხმას. თუ დასახელებული 3 კანდიდატიდან ხმათა ნახევარზე მეტს ვერც ერთი ვერ შეაგროვებს, კენჭისყრა ხელმეორედ ტარდება. ამჯერად მასში მონაწილეობს მხოლოდ ის ორი კანდიდატი, რომელიც პირველ კენჭისყრაში უფრო მეტი ხმა მიიღო... ისტორიკოსი შალვა მინდაძე წერს, რომ მსგავსი შემთხვევა, რაც ახლა შეიქმნა საქართველოს ეკლესიაში, ისტორიაში რამდენჯერმე უკვე იყო. “თუ საკითხს ფართო ისტორიული გაგებით შევხედავთ და ჩავრთავთ იმ შემთხვევებსაც, როცა მოქმედმა პატრიარქმა სიცოცხლეშივე ვინმე გამოარჩია, დატოვა ან წერილობით განსაზღვრა მოსაყდრედ, მაშინ ისტორიულ მასალაში რამდენიმე პრეცედენტი ჩანს. მათში ყველაზე მკაფიოდ იკვეთება პატრიარქი კალისტრატე და მელქისედეკი,“ - ამბობს მინდაძე, რომლის მიხედვით, კალისტრატემ 1943 წლის სექტემბერში მელქისედეკი მოსაყდრედ გამოარჩია, ხოლო მელქისედეკი მოგვიანებით, 1952 წელს აირჩიეს კათოლიკოს-პატრიარქად და ეს არის ყველაზე მტკიცე ისტორიული მაგალითი იმისა, რომ პატრიარქის სიცოცხლეშივე გამორჩეული მოსაყდრე შემდეგ თავად გახდა პატრიარქი”, - განაგრძობს გამოცემა.

“მეორე მნიშვნელოვანი შემთხვევაა მელქისედეკ III და დავით დევდარიანი. წყაროები მიუთითებენ, რომ მელქისედეკ III-მ, თავდაპირველად ნაუმ შავიანიძისთვის მოსაყდრეობის შეთავაზების შემდეგ, დავით დევდარიანი დანიშნა ქორეპისკოპოსად და მოსაყდრედ. სხვა ტექსტში პირდაპირ წერია, რომ პატრიარქის წერილობითი განკარგულებით დავით დევდარიანი მოსაყდრედ ცხადდებოდა. თუმცა მელქისედეკის გარდაცვალების შემდეგ, 1960 წლის 11 იანვარს წმინდა სინოდმა დავითის ნაცვლად მოსაყდრედ ეფრემი აირჩია. მაშასადამე, ეს არის შემთხვევა, როცა სიცოცხლეშივე დატოვებული მოსაყდრე პატრიარქი ვერ გახდა, რადგან გადაწყვეტილება სინოდმა შეცვალა. მესამე, ყველაზე სადავო და ისტორიოგრაფიულად რთული შემთხვევაა ეფრემ II და დავით დევდარიანი. წყაროებში ფიქსირდება, რომ არსებობდა 1972 წლის 17 მარტით დათარიღებული წერილობითი განკარგულება, რომლის მიხედვითაც ეფრემ II თავისი გარდაცვალების შემდეგ მოსაყდრედ დავითს ტოვებდა; ამავე დროს იგივე ისტორიული კვლევა აღნიშნავს, რომ საზოგადოების ნაწილი ამ დოკუმენტს მოგვიანებით ჩართულ ინტერპოლაციად მიიჩნევდა. მიუხედავად ამ დავისა, ფაქტია, რომ 1972 წლის 7 აპრილს წმინდა სინოდმა დავით დევდარიანი მოსაყდრედ აირჩია, ხოლო 1-ლ ივლისს XI საეკლესიო კრებამ იგი კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია. ამიტომ ეს შემთხვევა არსებობს, მაგრამ მისი “სიცოცხლეშივე გამოცხადებული მოსაყდრის” კატეგორიაში შეტანა სრულად უეჭველი არ არის", - წერს მინდაძე”, - განაგრძობს გამოცემა.

“ისტორიკოსი დასკვნის სახით წერს: თუ ვითვლით მხოლოდ შიოს ზუსტად მსგავს, თანამედროვე, წინასწარ და ოფიციალურად გამოცხადებულ მოდელს, ასეთი პრეცედენტი ქართულ ეკლესიაში ერთია. თუ ვითვლით ფართო ისტორიულ კატეგორიას, სადაც პატრიარქმა სიცოცხლეშივე გამოარჩია ან წერილობით დატოვა მოსაყდრე, მაშინ გვაქვს სამი ძირითადი შემთხვევა - კალისტრატე-მელქისედეკი, მელქისედეკი-დავითი და ილია II-შიო; და ერთი სადავო შემთხვევა - ეფრემ II-დავითი. ამ ფართო კატეგორიიდან უდავოდ ერთხელ მოხდა, რომ ასეთი მოსაყდრე შემდეგ პატრიარქი გახდა - ეს იყო მელქისედეკი; ხოლო სადავო დოკუმენტის ჩათვლით, ეს რიცხვი ორამდე შეიძლება გაიზარდოს დავით დევდარიანის შემთხვევის დამატებით”. მინდაძის თქმით, “საქართველოს ეკლესიის ისტორიაში სიცოცხლეშივე გამოცხადებული მოსაყდრის პატრიარქად გახდომა ძალიან იშვიათი მოვლენაა. შიოს ზუსტად მსგავსი თანამედროვე პრეცედენტი ფაქტობრივად არ გვხვდება; ფართო ისტორიული გაგებით კი ასეთი შემთხვევები რამდენიმეა, მაგრამ მათგან უდავოდ წარმატებული ყველაზე მკაფიო მაგალითი სწორედ კალისტრატეს მიერ გამორჩეული მელქისედეკია. დანარჩენ შემთხვევებში ან სინოდმა შეცვალა არჩევანი, ან დოკუმენტის სანდოობა ისტორიკოსთა შორის სადავო დარჩა”, - დასძენს გამოცემა.

წაკითხვა 134 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.