"საქართველო აგრესიული დღის წესრიგის მძევალი არ გახდება" - არჩილ თალაკვაძე
საქართველო აგრესიული დღის წესრიგის მძევალი არ გახდება და არც უნდა გახდეს, არც საშინაო და არც საგარეო პოლიტიკაში, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.
როგორც თალაკვაძემ განაცხადა, მისაღებია, პოლიტიკური ტემპერატურა და აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ჩვენი მოქალაქეებისთვის არ არის მისაღები, თუ ეს ყველაფერი იმაში გადადის, რომ საქართველო ამის შედეგად დაზარალდეს.
“საქართველო არც საშინაო პოლიტიკის თვალსაზრისით და არც საგარეო ასპარესზე აგრესიული დღის წესრიგის მძევალი არ გახდება და არ უნდა გახდეს. ჩვენი არჩევანი, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, პრაგმატული საგარეო პოლიტიკა იყო, სადაც ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე, რა თქმა უნდა, არანაირი კომპრომისი არ ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ეხება.
საქართველო აგრესიული დღის წესრიგის მძევალი არ გახდება და არც უნდა გახდეს, არც საშინაო პოლიტიკაში, არც საგარეო პოლიტიკაში, ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი მომავალი განვითარებისათვის, უსაფრთხოებისთვის, ასევე მნიშვნელოვანია ისეთი მნიშვნელოვანი სექტორისთვის, როგორიცაა ეკონომიკა და ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობა. იცით, რომ ბევრად არის დამოკიდებული საქართველოს ეკონომიკური განვითარება, საქართველოს ევროპული მომავალი, საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობა აშშ-სთან და ჩვენს პარტნიორებთან, იმაზე, თუ როგორ ეფექტურად შევძლებთ ჩვენ, რომ რეგიონში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი შევინარჩუნოთ ყოველგვარი ეჭვების გარეშე. ყველა სულისკვეთებას, რომელიც აქეთკენ არის მიმართული, ვიზიარებ.
ყველას გთხოვთ, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, ჩვენს თანაგუნდელებს, ასევე პასუხისმგებლიან ოპოზიციას, რომ ამ დღის წესრიგს, რაც რეალურად პარტიების კონკრეტულ დღის წესრიგზე ბევრად მაღლა დგას და არის ეროვნული ინტერესების თემა, ჰქონდეს მაქსიმალური მხარდაჭერა.
მისაღებია, რომ პოლიტიკური ტემპერატურა და დებატები იყოს, მისაღებია აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ჩვენი მოქალაქეებისთვის არ არის მისაღები თუ ეს ყველაფერი უკვე გადადის იმაში, რომ საქართველო შეიძლება რომელიმე მომენტში ან რომელიმე პროცესში იქნება ეს ეკონომიკური, თუ სხვა სექტორები, ამის შედეგად დაზარალდეს.
ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ყველანი საერთო პოზიციაზე ვართ. დანარჩენი საკითხები, ფორმატები და პოლიტიკური პროცესი არის გახსნილი. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიკამათოთ, ვიკამათოთ ხშირად მწვავედაც, რომ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები. ეს დემოკრატიისთვის გასაკვირი არ არის“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე.
სიახლეები
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი
- “ორხელისუფლებიანობა” აფხაზეთში და საქართველო-რუსეთის ფარული მოლაპარაკება
- "ზურაბიშვილის სარჩელს პარლამენტის სხდომის შეფერხება არ შეუძლია, იმდენად უსაფუძვლო და ტუტუცურია" - გია ვოლსკი
- "ნუ ეძახით კობახიძეს პრემიერს და „მთავრობას“ მთავრობას" - მიხეილ სააკაშვილი