ვინ და რატომ უჩალიჩებდა გახარიას კონტრაქციას… მთავრობა გადადგომის ნაცვლად, გადმოდგა

"გავრცელებული ინფორმაციით, 28 ივნისს საქართველოს მთავრობის მეთაურს თანამდებობა უნდა დაეტოვებინა და მას თან სხვა მინისტრებიც უნდა მიჰყოლოდნენ.

მედიას ამის შესახებ ინფორმაცია სახელისუფლებო კულუარებში მიაწოდეს. მმართველ პარტიაში ამბობდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილი პრემიერ მამუკა ბახტაძის მიერ 27 ივნისს გაკეთებულმა განცხადებებმა გადარია, გადარეულმა ცხელ გულზე მისი გადადგომა მოითხოვა, მაგრამ მერე წყენამ გადაუარა, გარემოცვამაც მისცა რჩევა და სამთავრობო კარუსელის დატრიალება დროებით გადაიდო. გადასადგომად განწირული მთავრობა 20 ივნისს მთავრობის სხდომაზე გადმოდგა და ქვეყანას მორიგი მარგალიტები მოეფინა, ამჯერადაც თავი ბახტაძემ გამოიჩინა. მას არ შს მინისტრი გიორგი გახარია ჩამორჩა, რომელიც ამბობს, რომ გადადგომა პრობლემა არაა, მაგრამ არ გადავდგებიო”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით ვინ და რატომ უჩალიჩებდა გახარიას კონტრაქციას / მთავრობა გადადგომის ნაცვლად, გადმოდგა.

 


“გადადგომას რომ არ აპირებდა, ეს ისედაც ვიცოდით, მაგრამ “ოცნების გარშემო” გამოჩნდა ხალხი, რომელმაც დაიჩემა, გინდა თუ არა კონტრაქცია უნდა მოვაწყოთ, რომ გახარიამ პოსტი არ დატოვოსო. ამ მოწოდებამ სოციალურ ქსელში ისტერიული სახე მიიღო და რამდენიმე აქციაც დაანონსდა, ამასთან დაკავშირებით”ოცნებამ” და გახარიამ ცალ-ცალკე აკეთეს განცხადებები. შს მინისტრმა მისი მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორებს მიმართა, რომ “მსგავსი ღონისძიებები არ არის საჭირო”. კონტრაქციის წინააღმდეგ სპეციალური განცხადებით გამოვიდა “ქართული ოცნებაც”, რომელიც მიიჩნევს, რომ ასეთი ღონისძიება დამატებით დაძაბულობას შემოიტანს. მმართველი პარტიის კულუარებში არ გამორიცხავენ, რომ ვიღაცებმა ეს კონტრაქცია სინამდვილეში გახარიას საწინააღმდეგოდ დაგეგმეს. კონტრაქციას დაძაბულობა მოჰყვებოდა და ისედაც 20 ივნისის ჯალათად მონათლული გახარია კიდევ უფრო უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. ისე, ამ აქციის მოწყობაზე 21 ივნისიდან მიდის საუბარი და შს მინისტრს ამის შესახებ მხოლოდ 28 ივნისს არ უნდა გაეგო...”, - აღნიშნავს გამოცემა.

 


“შს მინისტრს ავადსახსენებელი სერგეი გავრილოვის განცხადების კომენტირებამაც მოუწია. რუსმა კომუნისტმა, რომელიც კინაღამ სამოქალაქო დაპირისპირების მიზეზი გახდა, 28 ივნისს განაცხადა, რომ საქართველოში შემოდგომაზე წმინდა ადგილების მოსალოცად აპირებს ჩამოსვლას. გახარია პირობას დებს, რომ რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობას გეგმავს, საქართველოში არ შემოუშვებს. ბახტაძემ კი კვლავ შტურმზე ილაპარაკა – მისი თქმით, 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობაზე დაიწყო შტურმი და ასეთ დროს შს მინისტრი ვალდებული იყო ძალა გამოეყენებინა. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ძალის ლეგიტიმაციაზე კითხვები არ არსებობს. რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, ბახტაძის თქმით, კობახიძეს 20 ივნისვე უნდოდა გადადგომა, მაგრამ იმის გამო ვერ გააკეთა ეს, რომ საზღვარგარეთ იყო. მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ ის არც 21 ივნისს აპირებდა გადადგომას, მაგრამ მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა თავზე დაამხო ყველაფერი, წასვლა იკადრა” - დასძენს გამოცემა.

წაკითხვა 843 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.