“ივანიშვილს, გახარიასთან ერთად, წკიპურტით გავაგდებთ”-დავით ბერძენიშვილი

“ძალიან გაბრაზებული რიგითი ქართველი ვარ. ჩვენ მოვისმინეთ დანაშაულებრივი ტყუილების კორიანტელი, ტყუილების კასკადი, რომელიც არის უპატიებელი.

რომ “უბერავს” აშკარაა, მაგრამ არც იმდენად, რომ სასამართლოს მკაცრ განაჩენს ფსიქიატრმა გადაარჩინოს”, - აცხადებს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი დავით ბერძენიშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ივანიშვილს, გახარიასთან ერთად, წკიპურტით გავაგდებთ” / დავით ბერძენიშვილი: “ქართული ოცნება” რუსეთის მძევალია”.

 


“მოვისმინეთ, რომ მან გასცა ბრძანება და ამით პასუხისმგებლობა ოფიციალურად აიღო – ვფიქრობ, ეს იყო მნიშვნელოვანი მომენტი. ასევე ვერ დაასაბუთა პოლიტიკოსების - ნიკა მელიასა და სხვების ეპიზოდში სიმართლე, - წარმოდგენილ უწყვეტ ვიდეომასალაზე თქვა, მონტაჟიაო - ეს იცით, როგორი სიბრიყვეა? როგორაა სიბრიყვე, როცა იგივე მასალა პროკურატურას აქვს წარდგენილი სასამართლოში და მასზე შს მინისტრმა მინტაჟიაო, თქვას. ეს არის გასაჭირის ბრალი და ინტელექტუალური გასაჭირის დადასტურებაც. ფაქტი ერთია, რომ ეს ადამიანები მოსალაპარაკებლად შედიოდნენ ბახტაძესთან და გახარიასთან, მათ დაიბარეს და რატომ არ გაიმართა მოლაპარაკება, ეს კითხვა უპასუხოდ დარჩა... უსირცხვილოდ საუბრობდა, - კი დავთხარეთ თვალი, მაგრამ მკურნალობის ხარჯები სახელმწიფომ გაიღოო. მე კარგად ვიცნობ კობა ლეთოდიანის ოჯახს, რესპუბლიკელები არიან, კობა ლეთოდიანმა ერთი თვალი აფხაზეთის ომში, რუსეთთან ბრძოლაში დაკარგა და მეორე თვალი – ახლა. აქ ტყვიები ვერ ამოუღეს და ისრაელში იბრძვიან ექიმები, რომ როგორმე თვალის ბადურა გადაურჩინონ, არავინ იცის დაინახავს თუ ვერა და ამაზე ცინიკურად უპასუხა, ხომ ვაფინანსებთ მკურნლობასო... ამან გალაკტიონის სიტყვები გამახსენა: “წინათ სიკვდილით დასჯის წინააღმდეგი ვიყავი”. ბუნებრივია, სიკვდილით დასჯას კი არ ვითხოვ, მაგრამ კანონის სიმკაცრეს გახარია ვერსად გაექცევა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ბერძენიშვილი.

 


“ბრძანება მართლა მან გასცა თუ არა დღემდე არ ვიცით. იქნება ბიძინა ივანიშვილმა იფიქრა, ახლა გახარიამ და ბახტაძემ აქეთ მე არ მომიწყონ გადატრიალება ოპოზიციასთან მოლაპარაკებითო და ანზორ ჩუბინიძეს უბრძანა შენ გაეცი ბრძანებაო! ამ ვერსიის საკმაოდ მაღალი ალბათობა გაჩნდა. ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გახარიამ ხმა ვერ ამოიღო და პასუხისმგებლობა არ აიღო, თუმცა ახლა თქვა, რომ მან გასცა ბრძანება. როგორც ჩანს, ჩათვალა, რა მნიშვნელობა აქვს ვინ გასცა ბრძანება, თუ მე გავეცი, მაინც დამნაშავე ვარ, თუ არ გავეცი, მაგრამ დავმალე და მოვიტყუე, მაინც დამნაშავე ვარ… ეს არის უხეში, უტვინო, გაუმართლებელი გადაწყობა საზოგადოების წინააღმდეგ ივანიშვილის და გახარიას მხრიდან, რაც არის უპატიებელი. პასუხი ძალიან მძიმე იქნება როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრებრივი, მათ მოუწევთ საზოგადოებრივ სამსჯავროზე წარდგომა და როგორც ჩანს, არა მხოლოდ საზოგადოებრივ სამსჯავროზე”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 


“რაც უფრო დიდხანს ეყოლებათ გახარია “გრუშად”, მით უფრო მეტი მოხვდება პოლიტიკურად მათ “გრუშას” და შესაბანისად – ივანიშვილსა და ხელისუფლებას. დიდი არჩევანი ხელისუფლებას არ აქვს: გახარიას გაუშვებს, მაინც მოხვდება, დატოვებს, მაინც მოხვდება. მრავალპარტიულ არჩევნებში “ქართული ოცნება” პოლიტიკურად განადგურდება. თუ ისინი გაჯიქდებიან და არჩევნებამდე ქვეყანას არ მიიყვანენ, მაშინ მოისპობიან – ან შევარდნაძის მოქალაქეთა კავშირივით აორთქლდებიან, ან ასლან აბაშიძის “აღორძინებასავით”. ბიძინა ივანიშვილის ხვედრი რომლისას დაემსგავსება – აბაშიძისას თუ შევარდნაძისას, ვნახოთ. უარესებიც არსებობს უახლეს ისტორიაში, ჩვენს სამეზობლოში. ივანიშვილი უკვე უკადრებელსა და უპატიებელს კადრულობს... საქართველოში სულ იყო შეთქმულების თეორია, რომ ყველა ხელისუფლება, რომელივც გვყავდა, კრემლის მიერ იყო დასმული. მაგალითად, ზვიად გამსახურდია, რომლის ოპონენტი ვიყავი, მისი სხვა მოწინააღმდეგეები ამბობდნენ, რომ კრემლის აგენტი იყო, რისიც მე არასდროს მჯეროდა. ერთი წუთითაც არ დამიშვილია, რომ ის კრემლმა დაგვისვა, ვიცოდი, რომ ქართველმა ხალხმა მოიყვანა... ასევე იყო თეორია, რომ 1992 წელს შევარდნაძე რუსეთის მიერ იყო ჩამოყვანილი და კრემლმა დაგვისვა – ესეც ტყუილი იყო, ისევე როგორც, მიხეილ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” შესახებ ხმები, მაგრამ სააკაშვილი კრემლს არ მოუყვანია სათავეში”, - დასძენს დავით ბერძენიშვილი და შეკითხვაზე – “ამით რისი თქმა გსურთ?” – პასუხობს:

 


“რომ არც ივანიშვილი მოუყვანია კრემლს, მაგრამ ბევრი ხელისუფალი, როდესაც გაუჭირდებოდა, კრემლს მიმართავდა. შევარდნაძის პროდასავლური პოლიტიკა, როდესაც გაუჭირდება ჩრდილო-დასავლური ხდებოდა. ახლაც ასე ემართება ივანიშვილს. როგორც ჩანს, მას უკვე საქართველო ნატოში არ ეგულება. როდესაც გამოეცალა საყრდენი, ანტიდემოკრატიული მმართველობა მომძლავრდა. პუტინმა გაბედა და თქვა, რომ რუსეთი კი არ არის ოკუპანტი და გენოციდის ომწყობი, პირიქით, საქართველოა! ამის შემდეგ ქალიან-კაციანად დაეწყო ხელისუფლება და მადლობა უხადა, რომ გვიწყალობე და სანქციები არ შემოიღეო - აქამდე მიიყვანა ივანიშვილმა თავისი ხელისუფლება. ამჟამად ის არის რუსეთის ხელისუფლების მძევალი, მთლიანად მოსწყდა ქართული საზოგადოების ნდობას. ეს საკმარისი იქნება იმისთვის, რომ არჩევნებზე ივანიშვილი თავის გახარიასთან ერთად წკიპურტით გავაგდოთ”.

წაკითხვა 1395 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.