11 შეხვედრა მოსახლეობასთან - რა შემთხვევაში გადაიფიქრებს "ოცნება“ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას
"პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება" საყოველთაო-სახალხო განხილვებს იწყებს.
შეიქმნა საორგანიზაციო კომისია, რომელიც 11 საჯარო შეხვედრას გამართავს. მმართველი გუნდში ამბობენ, რომ დაგეგმილი შეხვედრები შედეგს გამოიღებს, პროპორციულ არჩევნებზე გადასვლაზე საზოგადოებასთან კონსენსუსს მიაღწევენ და ეს გადაწყვეტილება არ გადაიხედებე თუმცა ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ ერთადერთი, რამაც მმართველ გუნდს საკუთარი გადაწყვეტილება შეიძლება შეაცვლევინოს, ოპოზიციის მიერ გადადგმული ნაბიჯები იქნება, რითაც „ქართულ ოცნებას" გადაწყვეტილების შეცვლის საბაბი მიეცემა. დაგეგმილ შეხვედრებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გაუძღვება და პირველი შეხვედრა თელავში 13 სექტემბერს გაიმართება, რომელიც სავარაუდოდ 14:00 საათზე დაიწყება. შეხვედრები გაგრძელდება რუსთავში, ახალციხეში, გორში, მცხეთაში, ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ქუთაისში, ამბროლაურში და 30 სექტემბერს თბილისში დასრულდება. განხილვებში მონაწილეობენ როგორც მმართველი გუნდის, ასევე არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, ასევე კონსტიტუციონალისტები და ექსპერტები”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, 11 შეხვედრა მოსახლეობასთან - რა შემთხვევაში გადაიფიქრებს „ოცნება“ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას.
"საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ეს შეხვედრები საზოგადოების დარწმუნებას ემსახურება, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა დემოკრატიული ნაბიჯია. „ამ კომისიაში ყველაა წარმოდგენილი, მათ შორის არასაპარლამენტო ოპოზიციიდანაც და ვიწყებთ თელავიდან. ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ განაცხადა, რომ მზად ვართ გადავიდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, რაც არის უპრეცენდენტო და ალბათ საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც მმართველი პოლიტიკური ძალა ასეთ დემოკრატიულ ნაბიჯს დგამს. „საჯარო და სახალხო განხილვა სწორედ იმას ემსახურება, რომ ხალხს მოვუსმინოთ. როდესაც ამის ინიციატორები ვართ, უნდა დავარწმუნოთ კიდეც. ოპოზიცია და არასაპარლამენტო ოპოზიცია მხარს უჭერს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. პოლიტიკოსების პროფესია იმაში მდგომარეობს, რომ საზოგადოება დავარწმუნოთ", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა”, - აღნიშნავს გამოცემა.
"საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატი ნინო წილოსანი ამბობს, რომ ახალ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საზოგადოებასთან კონსენსუსი იქნება მიღწეული და მათი მხრიდან „დიდი წინააღმდეგობა არ წამოვა". „არ მგონია ისეთი რამ მოხდეს, რომელიც ამ პროცესს ხელს შეუშლის. დარწმუნებული ვარ, მოსახლეობას სათანადოდ მივაწვდით ინფორმაციას ამ სისტემის მნიშვნელობასა და დადებით მხარეებზე. მგონია, რომ მათთან კონსენსუსი გვექნება. „თუმცა, პროცესში ბევრი დეტალი იქნება დასაზუსტებელი, მათ შორის სხვადასხვა დაფინანსების თუ გენდერული მონაწილეობის. ამიტომ, ეს უკვე მუშა პროცესი იქნება. ეს, რაც წამოვიწყეთ, მგონია, რომ უკეთესია ქვეყნის მომავლისთვის. ბოლომდე მივყვებით ამ პროცესს. „თუ რომელი პოლიტიკურ პარტიას იმისთვის, რომ დესტრუქცია განახორციელოს და ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინოს, არ სურს პროცესში შემოვიდეს და გარკვეულწილად კონსენსუს მიაღწიოს, ეს მისი გადასაწყვეტია. ჩვენ, როგორც მმართველი ძალა, ვიმოქმედებთ ისე, როგორც ვთვლით რომ უკეთესია ჩვენი მოსახლეობისთვის და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ რეფორმის ყველა დადებითი ფაქტორი მივიტანოთ მოსახლეობამდე. დარწმუნებული ვარ, დიდი წინააღმდეგობა არ წამოვა და ამ წამოწყებულ რეფორმაზე დაგვეთანხმებიან," - განაცხადა ნინო წილოსანმა”, - დასძენს გამოცემა.
"საყოველთაო-სახალხო განხილვებზე თავისუფალი დასწრების საშუალება ექნებათ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. კომისია 13 წევრისგან შედგება. ესენი არიან: არჩილ თალაკვაძე, თამარ ჩუგოშვილი, ირმა ინაშვილი, სერგი კაპანაძე, ანრი ოხანაშვილი, მამუკა მდინარაძე, ოთარ კახიძე, ირაკლი კობახიძე, თინათინ ბოკუჩავა, ხათუნა გოგორიშვილი, ლევან კობერიძე, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი. კომისიის ერთ-ერთი წევრი და დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე აცხადებს, რომ საკითხის განხილვისას ოპოზიციამ წამოაყენა საკითხი, დარბაზში ადგილების რაოდენის განსაზღვრასთან დაკავშირებით, იმისათვის, რომ ბალანსი არ დაირღვეს და შეხვედრაზე მხოლოდ მმართველი გუნდის მომხრეები არ იყვნენ წარმოდგენილი. „ამ კომისიაში ვარ დამოუკიდებელი დეპუტატების ჯგუფის წარმომადგენლის სტატუსით. ეს შეხვედრა თელავში იქნება და სავარაუდოდ 14:00 საათზე დაიწყება. საორგანიზაციო საკითხებს „ქართული ოცნების" წარმომადგენლები აგვარებენ. „როდესაც იყო შეხვედრა ამ საკითხზე, ოპოზიციის წარმომადგენლებმა დავაყენეთ საკითხი - ისე არ მოხდეს, რომ დარბაზში მხოლოდ იყოს „ქართული ოცნების" მომხრეების და ადგილობრივი ადმინისტაციული ან საჯარო სტრუქტურების წარმომადგენლები იყვნენ. წინასწარ უნდა იყოს განსაზღრული დარბაზის მოცულობა, თუ რამდენი ადამიანი ეტევა და შესაბამისად, დატოვებული იყოს ადგილები, რომ მოქალაქეთა ყველა ჯგუფეს წარმომადგენელმა შეძლოს შემოსვლა. რამდენად დაიცავენ ამ პირობას, ამას პირველივე შეხვედრა აჩვენებს. „ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ წარიმართება პროცესი და შემდგომში ამ პროცესის შესაბამისად, რა პოზიციას დაიკავებენ პარლამენტში დეპუტატები. დამოუკიდებელი დეპუტატები პროპორციულ არჩევნებზე გადასვას მხარს უჭერენ. „საზოგადოების წარმომადგენლები არიან დეპუტატები. ეს შეხვედრებიც იმიტომ ტარდება, რომ მიიღონ შესაბამისი მოსაზრებები, მათ შორის საზოგადოების მხრიდანაც," - განუცხადა ლევან კობერიძემ „რეზონანსს.", - წერს გამოცემა.
"ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ ეს თავად მმართველი გუნდის დაპირებაა, რომ ქვეყანა ახალ საარჩევნო სისტრემაზე გადავიდეს და ამ გადაწყვეტილების შეცვლა დამოკიდებული იქნება ოპოზიციის ქმედებებზე - თუ რამდენად ეცდება ის დესტრუქციული ვითარების შექმნას ქვეყანში. „მმართველმა გუნდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ოფიციალური დაპირება გასცა. შესაბამისად, ამ დაპირების შესრულებას ელოდება არა მხოლოდ ჩვენი საზოგადოება, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტიორებიც. იმ პრობლემების ფონზე, რაც დღეს არსებობს, საზოგადოებისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, თუ რა პრინციპით ჩატარდება არჩევნები. საზოგადოებაში ჩავატარეთ კვლევა ან გამოკითხვა, თუ რა ტიპის არჩევნები უნდა მას? ისე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ძალიან ფორმალურად მოხდა საზოგადების აზრის გაგება. ეს საკითხი საზოგადოებას ნაკლებად აინტერესებს, მაგრამ მეორე საკითხია, რომ „ქართულმა ოცნებამ" რაღაც მიზეზებით თავის დანაპირევზე უარი თქვას, რაც არ მგონია მოხდეს, ამას საზოაგდოებაში უარყოფითი რეაქცია ექნება. „ეს დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს თვითონ ოპოზიცია. ერთადერთი, რამაც შეიძლება საკუთარი გადაწყვეტილება შეაცვლევინოს მმართველ გუნდს, ის იქნება, ოპოზიცია თუ მოახერხებს ქვეყანაში რაღაც მასშტაბური დესტაბილიზაციის აგორებას და რევოლუციისთვის მზადების ხელახლა დაწყებას. ამ შემთხვეაში კონსტიტუციური ცვლილებებისთვის არავის ეცლება და სულ სხვა სიტუაცია შეიქმება. „ხელისუფლებას ასეთ შემთხვევაში გასამართლებელი საბუთი ექნება იმ კუთხით, როგორც შიდა ასევე გარე აუდიტორიასთან, რომ ოპოზიციამ არ მოინდომა დიალოგზე წამოსვლა, არ მოინდომა მიეღო ის ცვლილებები, რაც მმართველმა გუნდმა 20 ივნისი მოვლენების კვალობაზე შესთავაზა და მთელ პასუხისმგებლობა ოპოზიციას გადააკისრებს," - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ. ცნობისათვის, საკონსტიტუციო ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს. ამ საკითხზე პარლამენტში ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილებების ორი პროექტი. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილი პროექტის თანახმად, პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერის (0%) პირობებში ჩატარდება და უქმდება საარჩევნო ბლოკები. სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მიერ დარეგისტრირებული პროექტი კი ითვალისწინებს, პროპორციულ არჩევნებს 3%-იანი ბარიერის პირობებში და საარჩევნო ბლოკების შენარჩუნებას”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი