მაისაია - “რუსული ინტერნეტ-“რკინის ფარდა” ახალი "ცივი ომის" რეციდივია”

“რუსებმა შესაძლოა ფეისბუქის ანალოგი შექმნან და საქართველოს მოსახლეობასაც შესთავაზონ, რომ რუსეთში მცხოვრებ ნათესავებთან კონტაქტი ამ საშუალებით შეინარჩუნონ - ვლადიმირ პუტინი საკუთარ ხალხს ინტერნეტვაკუუმს უქმნის, ის რუსეთს დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროსგან წყვეტს და ქვეყანას ერთგვარ ელექტრონულ “რკინის ფარდას” აფარებს.

 

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც რუსული ინტერნეტსივრცის მოდელის შექმნას ითვალისწინებს. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია თვლის, რომ ამ კანონის შემოღებით, პუტინი რუსეთში დასავლეთის გავლენის აღკვეთას ცდილობს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ქართველ ემიგრანტებს საქართველოში დასაკავშირებლად შესაძლოა შეზღუდვები შეექმნათ - ინტერნეტ “რკინის ფარდა” რუსეთში.

 

 

“რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში ცნობილმა დეპუტატმა ანდრეი ლუგავოიმ (რომელიც ლიტვინენკოს მოწამვლის მთავარ ფიგურანტად ითვლება და რომელსაც რუსეთში გაქცევის შემდეგ დეპუტატის მანდატი მისცეს) და კიდევ ორმა დეპუტატმა, კანონპროექტი შეიმუშავეს, რომლის მიხედვითაც, რუსეთში 2021 წელს ძალაში შევა რუსული საინტერნეტო სივრცის მოდელი. ისინი ცდილობენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე დასავლეთის გავლენის აღსაკვეთად ინტერნეტი შეზღუდონ, ანუ ეს იგივე ვარიანტია, რაც ჩინეთმა გააკეთა. “სამშაბათს პუტინმა სახელმწიფო საბჭოს სხდომა ჩაატარა - სხვათა შორის, სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად დააყენა, რომ რუსულ ენას რუსეთის საგარეო პოლიტიკის რბილი ძალის სტატუსი მიენიჭოს, მეორე საკითხი იყო ის, რომ პუტინმა სხდომას შესთავაზა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ვიკიპედია გაუქმდეს და შემოტანილ იქნას მისი ანალოგი რუსეთის ენციკლოპედიური ლექსიკონი. ეს ფაქტიურად ლუგავოის კანონპროექტის გაგრძელებაა, რომელ კანონპროექტსაც ვერ შეიმუშავებდა პუტინის და კრემლის გარეშე, იმიტომ, რომ იგი კრემლის უშუალო გამხმოვანებელია”, - ამბობს მაისაია, რომლის განმარტებით 2021 წლისთვის რუსეთში დაგეგმილია არსებული ინტერნეტის აღმოფხვრა და ამ პროექტის განხორციელებისთვის სავარაუდოდ გამოყოფილია 100 მილიარდი რუსული რუბლი”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

 

“ამ კანონპროექტს რუსეთის სახემწიფო დუმა ყველა ვარიანტში მიიღებს, იმიტომ, რომ რუსეთის მმართველ პარტიას კონსტიტუციური უმრავლესობა აქვს, ამ პროექტს სავარაუდოდ მხარს დაუჭერენ რუსი კომუნისტები, ასევე ლიბერალ-დემოკრატიული პარტია, ამიტომაც, ფაქტობრივად ეს კანონი მიღებულ იქნება და საბოლოო ჯამში ბუნებრივია ხელს პრეზიდენტი პუტინიც მოაწერს, ამით რუსეთში ფაქტობრივად დასავლური სოციალური ქსელების სისტემები შეიზღუდება. ალბათ რუსული მეილები შენარჩუნდება, სოციალური ქსელების შემთხვევაში, შესაძლოა რუსებმა ფეისბუქის ანალოგი შექმნან, როგორც ეს ჩინელებმა გააკეთეს, ამ კუთხით საქართველოში მცხოვრებ მოსახლეობასაც შესაძლოა შესთავაზონ ის, რომ მათ რუსეთში მცხოვრებ ნათესავებთან კონტაქტი შეინარჩუნონ. რუსეთში ინტერნეტი თუ იქნება, სავარაუდოდ ჭჰატსAპპ-ისა და Vიბერ-ის წვდომაც იქნება, რადგან არ მგონია, რომ რუსეთის “ფე-ეს-ბემ” ეს პროგრამები გატეხოს და პრობლემები შეუქმნას იმიტომ, რომ ეს ჩინელებმაც ვერ შეძლეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

 

 

“ამით რუსეთი ერთგვარ ელექტრონულ “რკინის ფარდას” ქმნის, არაა გამორიცხული, რომ ამ პროექტში ბელორუსიც ჩაერთოს, ასევე ევრაზიული კავშირის სხვა სახელმწიფოებიც. საინტერესოა, 2 მილიონ ქართველს, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, ამ კანონპროექტის მიღების შემდეგ საქართველოში ოჯახებთან და ნათესავებთან როგორი სახის კომუნიკაცია ექნება. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში იქნება ისეთივე სისტემა, რაც რუსეთში დაინერგება, ფაქტიურად ისინი მის გადმოკოპირებას და ამ რეგიონებში დანერგვას მოახდენენ და შეუერთდებიან რუსული ელექტრონული ქსელის ვარიანტს. ეს ახალი ცივი ომის რეციდივია და საბჭოთა კავშირის ადრინდელი რეჟიმის გამეორებაა, რასაც ახლა პუტინი აპირებს”, - განაგრძობს ექსპერტი

 

 

“რუსები შექმნიან მათთვის მისაღებ საკომუნიკაციო სოციალურ ქსელს, თუ ნებისმიერი ჩვენთაგანი იმ სოციალურ ქსელში ჩაერთვება, მათთვის უფრო კარგი იქნება, რუსეთი დასავლური სოციალური ქსელების დაბლოკვით იყენებს არა რბილ ძალას, არამედ ჭკვიანი ძალის ელემენტებს. ეს ფაქტიურად იდეოლოგიური ფრონტის პირობების შექმნაა, როდესაც იყენებს ისეთ საშუალებებს, რომლითაც მოწინააღმდეგეებზე ახდენ მისი კულტურის, ცნობიერებისა და ინფორმაციულობის ველების შექმნას. რუსული პროგრამების გადმოწერა და იქ დარეგისტრირება ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი პიროვნების დაფიქსირება “ფე-ეს-ბეს” სპეციალურ ელექტრონულ კატალოგებში და უცებ გამოყენება უკვე შესაძლებელი გახდება, უკვე ჭკვიან ძალასთან გვაქვს საქმე, ისინი უკვე თითოეულ ინდივიდზე იმუშავებენ, რომლებიც რუსეთის ფარგლებს გარეთ იქნებიან და რუსეთში კომუნიკაციას შეძლებენ” - დასძენს მაისაია.

 

 

 

წაკითხვა 641 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.