რა სიურპრიზს ამზადებს ივანიშვილი და რომელ მინისტრებს მოუწევთ თანამდებობის დატოვება
"პირველი პროტესტის დროს, პარლამენტში გადაჯგუფება მოხდა; მოიშორეს ხალხი, ვისაც თვლიდნენ, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის მათთვის საინტერესო აღარ იქნებოდა.
ლოგიკური გაგრძელება უნდა ყოფილიყო ახალი პრემიერის მეთაურობით ახალი მინისტრთა კაბინეტი, რომელიც ქვეყანას გამოსავალს, „სამოქმედო პროგრამას" შესთავაზებდა, რაც ასევე იქნებოდა წინასაარჩევნო პროგრამა; ახალი გუნდი გააკეთებდა განაცხადს რომ „ჩვენ მოვდივართ," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე საუბრისას”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რა სიურპრიზს ამზადებს ივანიშვილი და რომელ მინისტრებს მოუწევთ თანამდებობის დატოვება / „ლოგიკურია, პარლამენტში გადახალისებას უნდა მოჰყოლოდა მთავრობაში გადახალისება, შემდეგ სამოქმედი გეგმა და საარჩევნო პროგრამა“
"ქართული ოცნების" ახალი სტრატეგიის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მინისტრების შეცვლის ტენდენცია შესაძლოა გაგრძელდეს; გავრცელებული ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს, თუმცა, ჯერჯერობით ინფორმაცია არ დასტურდება. ამის შესახებ "პირველი რადიო" იუწყება. მიხეილ ბატიაშვილის მიერ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობის დატოვებამ ეჭვი გააჩინა, რომ ამ ცვლილებას სხვა საკადრო ცვლილებებიც მოჰყვება; უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრის, შს მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის შეცვლის ფაქტი, რაც ქმნის საფუძველს იმისა, რომ ცვლილებები გაგრძელდება. შესაბამისად, სავარაუდოა რომ, გუნდის გადახალისების საჭიროება დღის წესრიგში დადგება. ბატიაშვილის შემცვლელი ამ დრომდე უცნობია, თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის კანდიდატურა განიხილება, რასაც მიმინოშვილი კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ „ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს”, - აღნიშნავს გამოცემა.
"გავრცელებული ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველის სოზარ სუბარისა და ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მაგდა მაღრაძის კანდიდატურებიც განიხილება. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რომელი მათგანი დაიკავებს მინისტრის თანამდებობას. ვახტანგ ძაბირაძე „ქართული ოცნების" ნაბიჯს ლოგიკურს უწოდებს და აცხადებს, რომ 2020 წლამდე უმრავლესობა განახლებული სახით წარსდგება საზოგადოების წინაშე. „ცოტა სხვაგვარად ვუყურებდი; არა მინისტრების სათითაოდ ამოკენკვას, არამედ მთლიანად კაბინეტის გადახალისებას, ცოტა უფრო მძლავრ პიარულ ნაბიჯს, მაგრამ „ქართული ოცნება" ამ მიმართულებით არ წავიდა, თუმცა, ნელ-ნელა იწყებს მინისტრების ცვლას, რომ ახალი გუნდი შექმნას. არც იმას გამოვრიცხავ, რომ გაზაფხულზე კიდევ ერთხელ მოხდეს მინისტრთა კაბინეტის ცვლილება და „ქართულმა ოცნებამ" ის გუნდი ჩამოაყალიბოს, რომელსაც ხელისუფლება არჩევნების შემდეგ ამომრჩეველს შესთავაზებს და ეტყვის, რომ „ეს იქნება მისი გუნდი არჩევნების შემდეგ, თუ ჩვენ მოვალთ უმრავლესობაში”, - დასძენს გამოცემა.
“თურნავამ სავარძელში ჩაჯდომა ვერ მოასწრო; თუ ათავისუფლებენ უკვე, ვერაფრის გაკეთებას მოასწრებდა ამ ხნის განმავლობაში და ვერც გაფუჭებას. პიარ-ნაბიჯია და სწორი ლოგიკაა, ამას მოითხოვს პოლიტიკური განვითარება. "როგორც ჩანს, „ქართული ოცნება" მაინც ამ ლოგიკას მიჰყვება, ოღონდ ცოტა უცნაურად. ლოგიკურად ასეა, პარლამენტში გადახალისებას უნდა მოჰყოლოდა მთავრობაში გადახალისება, შემდეგ სამოქმედი გეგმა და საარჩევნო პროგრამა," - აცხადებს ძაბირაძე. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ხელისუფლების რაიმე სტრატეგიას ვერ ხედავს, თუნდაც ბატიაშვილის თანამდებობიდან წასვლით. „განზოგადებული ლაპარაკი ვერსიაზე, რომ ეს რაღაც სტრატეგიაა, ჩემთვის ძნელია თქმა. ბატიაშვილმა რამდენიმე თვით ადრე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ რაღაც სხვა გეგმები აქვს და აღარ უნდა მინისტრობა, მოთხოვნა ახლა დაუკმაყოფილეს. ამიტომ ბატიაშვილის მოვლენა პარტიის სტრატეგია არ არის. "თურნავასთან დაკავშირებთ, თუკი ეს ორი ცვლილება მოხდა და კიდევ სხვა, რა თქმა უნდა, სტრატეგიაზე საუბარი შეიძლება, მაგრამ ჯერჯერობით, ბატიაშვილი წავიდა და ისიც თავისი ნებით. ამიტომ არ ვიცი, რამდენად უპრიანია სტრატეგიაზე ლაპარაკი," - ამბობს საყვარელიძე”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი