"საკმაოდ მძიმე შეხვედრა იყო" - რა უთხრა ივანიშვილმა "ოცნების" ოფისში შეკრებილ დეპუტატებს

"ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა, დასრულდა.
 
 
 
სხდომაზე მთავარი საკითხი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეხებოდა. უმრავლესობის სხდომის მოწვევა მას შემდეგ გადაწყდა, რაც "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილმა, პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს და კითხვები დასვეს.
 
 
 
უმრავლესობის წევრის, რევაზ არველაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით აზრი არ შეუცვლია.
 
 

"შესათანხმებელი არაფერი გვქონია, ვისაც რა პოზიციაც ჰქონდა იმას შეინარჩუნებს. არის რამდენიმე დეპუტატი, რომელიც თვლის, რომ მაჟორიტარული სისტემა შენარჩუნებული უნდა იყოს. ისინი ალბათ ამ პოზიციაზე დარჩებიან. დარწმუნებული ვარ, რომ კანონპროექტი მიღებული იქნება და ამის შედეგად ვინმე თავს დაჩაგრულად იგრძნობს და დატოვებს თუ არა, ამას ვერ ვიტყვი თავიანთი გადასაწყვეტი იქნება. ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ისეთი იყო, როგორც ჩვენი. დანამდვილებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩემი აზრით, მაჟორიტარები, რომლებიც არ უჭერენ მხარს პროპორციულ სისტემას თითებზე დასათვლელია", - განაცხადა არველაძემ.
 
 
 
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, გუშინ გარკვეული დეპუტატების მიერ გამოთქმული მოსაზრებები არ წარმოადგენს იმ დაბრკოლებას, რომელიც "ქართულ ოცნებას" პროპორციულ არჩევნებზე გადასვლასთან დაკავშირებით აზრს შეაცვლევინებს.

 
 
 
უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით კი, ბიძინა ივანიშვილმა უარი უთხრა ინიციატივაზე, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე უარის თქმის საკითხი "სარეიტინგო კენჭისყრაზე" დაეყენებინათ.
 
 


"სხდომაზე ვისაუბრეთ ძალიან ბევრი. ძალიან ცხელი გამოვიდა სხდომა, რადგან თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქ არის საუბარი, თუ როგორ უნდა გააგრძელოს შემდეგი პოლიტიკური ცხოვრება ქვეყანამ, ეყოლება ქვეყანას სტაბილური და ძლიერი ხელისუფლება და მთავრობა თუ რყევადი და ასე ვთქვათ, არაძლიერი, ანუ სუსტი ხელისუფლება. ის, რაც ჩემთვის იყო მიუღებელი, იყო ის, რომ პარტიის თავმჯდომარემ არ მოგვცა საშუალება, სარეიტინგო კენჭისყრაზე დაგვეყენებინა საკითხი, რამეთუ, მე დავსვი საკითხი ნათლად, რომ უფრო მეტი მხარდამჭერია, რომ ეს პროექტი არ გავიდეს, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია და ვიდრე წარმოუდგენია იმ უმრავლესობას, რომლის სხდომაზეც ვიყავით ჩვენ. მაგრამ თუ არ მოხდა აქ დათვლა, პარლამენტში მოხდება ამის დათვლა", - აღნიშნა ხუნდაძემ.
 
 
 
"კანონპროექტი ჩემთვის წითელი ხაზია, თუ უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს, მე დავტოვებ უმრავლესობას", - ეს განცხადება კი სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შიოლაშვილმა "ქართული ოცნების" ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.
 
 
 
"ჩვენ ჩვენი პოზიცია ნათლად დავაფიქსირეთ უმრავლესობის სხდომაზე, იმ რისკების თაობაზე ვისაუბრეთ, რომელიც შესაძლოა მომავალში ქვეყანას დაუდგეს - საუბარია 2020 წლიდან 2024 წლამდე. აბსოლუტურად ღია იყო საუბარია, არ დაგიმალავთ რომ საკმაოდ მძიმე შეხვედრა იყო. ჩვენ ვითხოვდით, რომ სარეიტინგო კენჭისყრაზე დამდგარიყო ეს საკითხი და უმრავლეობას აქვე გამოეხატა თავის პოზიცია, მაგრამ პარტიის თავმჯდომარემ არ მოგვცა ამის საშუალება, რაც შეეხება ჩვენს მომავალ სამოქმედო გეგმას, ჩვენ აქედან გადავინაცვლებთ პარლამენტში და ამ რეჟიმში ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს კოლეგებთან მუშაობას. მე თავიდანვე ვთქვი და ჩვენი პოზიცია არის, რომ მხარს არ ვუჭერთ ამ პროექტს და ნათლად მიგვაჩნია, რომ ეს პროექტი ქვეყანას დააყენებს ძალიან დიდი რისკის ქვეშ. ეს არის ჩემთვის პრინციპული საკითხი, ეს არ არის კონკრეტულ სოციუმზე გათვლილი კანონპროექტი, ეს არის მთელ ქვეყანაზე გათვლილი, მთელი ჩვენი მომავლის განმსაზღვრელი კანონპროექტი, თუ როგორ უნდა იცხოვროს ჩვენმა სახელმწიფომ, როგორი სტაბილური იქნება ქვეყანა. ამიტომ ეს კანონპროექტი ჩემთვის წითელი ხაზია, თუ უმრავლესობა დაუჭერს მხარს მას, მე დავტოვებ უმრავლესობას", - განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.
 
 
 
"ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, რომ გუნდური პრინციპები დავიცვათ და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილებას მხარი დავუჭიროთ. განსხვავებული აზრი 7-8 კაცმა გამოვთქვით, შეიძლება 10 იყო", - ამის შესახებ კი უმრავლესობის წევრმა დაჩი ბერაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
 
 


მისივე თქმით, შესაძლებელია დატოვოს მანდატი და "აღნიშნულზე მინიშნებები იყო". კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა დადგეს მისი პარტიიდან გარიცხვის საკითხი, ბერაია პასუხობს, რომ თეორიულად შესაძლებელია.
 
 


"ვთქვი, რომ მხარს არ დავუჭერ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. იყო მოთხოვნა სხდომაზე კენჭისყრასთან დაკავშირებით, რაზეც უარი მივიღეთ. ჩემთვის იყო ეს მტკივნეული. მინდოდა, კენჭი გვეყარა, ვინ იყო მომხრე. დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, პოზიცია არ შემიცვლია".

 

 

დეპუტატ კახა ოქრიაშვილის თქმით კი, პარტიის თავმჯდომარის მხრიდან ზეწოლის მცდელობა იყო გარკვეულ დეპუტატებზე.
 
 

მისი თქმით, ყველაზე დიდი ზეწოლა დიმიტრი ხუნდაძეზე განხორციელდა, რადგან ყველაზე მეტად სწორედ ის აქტიურობდა და "მასზე წავიდა მთელი აგრესია".
 
 
 
 
წაკითხვა 518 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 13 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.