რომან გოცირიძე - “ახლა “ოცნება” თავისი ინტელექტუალური შემადგენლობით სოფლის საკრებულოს დაემსგავსა”
“ივანიშვილმა მოატყუა ყველა, ვისი მოტყუებაც შეიძლებოდა. უკიდურესი შეურაცხყოფა მიაყენა მათ, ვინც წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა. ფაქტობრივად, დაიშალა საპარლამენტო უმრავლესობა, გადადგა საგარეო ურთიერთობის სამი კომიტეტის თავმჯდომარე და ვიცე-სპიკერიც. ბიძინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი დაგეგმა თავისი ყურმოჭრილი მსახურების, მაგალითად, “ქართუში” მომუშავე ვინმე დაჩი ბერაიასა და თავისი პირადი ექიმის, დიმიტრი ხუნდაძის დახმარებით”, - აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ახლა “ოცნება” თავისი ინტელექტუალური შემადგენლობით სოფლის საკრებულოს დაემსგავსა” / “ყველა ერთის წინააღმდეგ _ ასე გადაწყდა პარტიების გაერთიანებულ შეკრებაზე”.
“ის გამოცდილი თაღლითია და ალბათ, ეგონა, რომ ამ ვითარებიდანაც ადვილად გამოძვრებოდა, მაგრამ ეს არის ხალხის უკანასკნელი “გადაგდება”. შვიდი წლის განმავლობაში ბევრი მოატყუა და გასაკვირია, აქამდე როგორ მოვიდა. კრიზისული სიტუაციის დასაძლევად, შემოაგდო პროპორციული არჩევნები და ამით განმუხტა ვითარება, რომელიც გავრილოვის ღამეს მოჰყვა. ამით მოატყუა ის ხალხი, ვინც სამართლიანად ითხოვდა გახარიას დასჯას... ამჯერად შედეგი იქნება უმძაფრესი, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა პოლიტიკური თვალსაზრისით. ივანიშვილის რეპუტაცია ნულამდე დაეცა. ახლა მხოლოდ დროის საკითხია, როდის შეიცვლება მისი ხელისუფლება. არავითარი რესურსი მას აღარ აქვს და საზოგადოების ნდობას ვეღარ მოიპოვებს. ვინც წერა-კითხვა იცოდა, “ოცნებიდან” ყველა წამოვიდა. ივანიშვილი დარჩა იმ ადამიანების ამარა, რომლებიც კომუნისტების დროს, დიდი-დიდი, ბრიგადირებად თუ გამოდგებოდნენ. დღეს ივანიშვილს არ ჰყავს მოკავშირე. ყველა პარტია, მათ შორის, მისი სატელიტებიც, პრორუსული თუ პროდასავლური - ყველა დაუპირისპირდა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რომან გოცირიძე.
“ოპოზიცია გაერთიანდა ერთი იდეის გარშემო. ივანიშვილი საზოგადოებისთვის, ფაქტობრივად, კეთროვანი გახდა. ზურგი აქცია ყველა ძალამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მისი პარტიის დასავლური ორიენტაციის წევრებმა, რომლებიც პარტიის პოზიტიურ სახეს ქმნიდნენ. “გავრილოვის ღამის” შემდეგ ეს მთავრობა ისედაც არ იყო ღირსი ქვეყანა ემართა. ხალხი გახარიას გადადგომას ითხოვდა და ის პრემიერ-მინისტრად მოგვევლინა. ეს მთავრობა უნდა გადადგეს და შეიქმნას დროებითი მთავრობა, რომელიც ქვეყანას მართავს არჩევნების გამოცხადებიდან დამთავრებამდე, უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები. თუ იქნება საზოგადოების დიდი პროტესტი, ივანიშვილს აქვს კონსტიტუციური შანსი, ვადებში ჩაეტიოს და პროპორციულ სისტემას ხელახლა უყარონ კენჭი, თუმცა ეს ძალიან მალე უნდა მოხდეს და ამის შანსი მინიმალურია. მეორე ალტერნატივა ვადამდელი არჩევნებია, თუმცა, სამწუხაროდ, ძველი სისტემით. მიუხედავად ამისა, თუ საზოგადოების პროტესტი ძალიან დიდი იქნება, ივანიშვილი არჩევნების მოგებას მაინც ვერ შეძლებს”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“30-მდე პარტია გაერთიანდა, დღეს მთელი პოლიტიკური სპექტრი, როგორც არასდროს, ისეთი ერთიანია. ყველა შეთანხმდა, რომ ივანიშვილის ხელისუფლება უნდა წავიდეს, ეს კი რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს. მიტინგები იქნება რეგიონებშიც, დიპლომატიურ კორპუსსაც მივაწვდით ინფორმაციას და ყველა ხერხს გამოვიყენებთ... როცა პარლამენტი შეიქმნება, იქ იქნება კოალიცია და გაირკვევა, ვინ ვისთან დაჯგუფდება. ახლა მთავარი ამოცანა ქვეყნის დამაქცევლის მოშორებაა. ყველა ერთის წინააღმდეგ - ასე გადაწყდა პარტიების გაერთიანებულ შეკრებაზე. თავის დროზე ასეთი ლოზუნგი იყო “ნაციონალების” წინააღმდეგაც და ამან გაამართლა - “ნაცმოძრაობამ” წააგო არჩევნები, მაგრამ ამაში დიდი როლი ითამაშეს რუსეთის სპეცსამსახურებმაც - მათ დადგეს ციხის კადრები და ქვევრში ჩაახრჩვეს ბავშვი. რაფალიანცის მკვლელობა დღემდე გაუხსნელია”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“აქამდე ივანიშვილს მაინც ენდობოდნენ, რადგან კარგად ატყუებდა მოსახლეობას. შვიდი წელი გავიდა და ყველამ დაინახა, რომ რაც არ გაუკეთებია გუშინ, არც ხვალ-ზეგ გააკეთებს... 15-მდე ადამიანმა დატოვა პარტია. ახლა პარტია თავისი ინტელექტუალური შემადგენლობით სოფლის საკრებულოს დაემსგავსა. ეს სერიოზული პოლიტიკური და მორალური ზიანია. ივანიშვილმა მანამდეც არაერთი შეცდომა დაუშვა - ის გახარიასთან ერთად პატრიარქის გადაყენებას და პატრიარქად თავისი კადრის დასმას აპირებდა. ამ საკითხზე ვითხოვთ პარლამენტში საგამოძიებო კომიტეტის შექმნას და თუ ეს მთავრობა არა, მომავალი მთავრობა აუცილებლად გამოიძიებს”, - დასძენს გოცირიძე და შეკითხვაზე - “ამბობენ, რომ ვადამდელი არჩევნები ივანიშვილს აძლევს ხელს...” - პასუხობს:
“ბევრი ფიქრობს, რომ ეს მისთვის შესაძლოა ერთადერთი გამოსავალი იყოს. ერთი წლის შემდეგ არჩევნები უკეთ გამოავლენს მის უსუსურობას. შარშან ამ დროს ხალხს ეხვეწებოდა, ბოლო შანსი მომეცით, ნახეთ, ქვეყანას როგორ ავაყვავებო. ერთი წელი გავიდა და ქვეყანა უფრო დაიქცა. კარგად დავინახეთ, რომ ივანიშვილი სახიფათოა და განიცდის რუსეთის გავლენას, რის გამოც ანაკლიის პროექტი ჩაშალა”.
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში