გია ხუხაშვილი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე - ეს არის პროვინციული სპექტაკლი და იძულებული ვართ, ამას ვუყუროთ, რადგან ამ სოფელში სხვა გასართობი არ არის
ეს არის პროვინციული სპექტაკლი, სადაც რეჟისორიც და მსახიობებიც არაპროფესიონალები არიან და უხარისხო სპექტაკლებს დგამენ, - ასე შეაფასა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, საარჩევნო სისტემის საკითხზე პლებისციტი 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს ჩაატაროს.
მისი თქმით, დღეს სისტემური დიალოგისკენ და კონსენსუსისკენ გადადგმული ვერც ერთი ნაბიჯი ვერ დაინახა.
„ჩემთვის გაურკვეველია, რას ეძღვნებოდა დღევანდელი ბრიფინგი, სადაც ფაქტობრივად იყო „ნაციონალურ მოძრაობაზე“ აპელირება, ისევ „სისხლიან 9 წელზე“ რიტორიკა და არანაირი კონსტრუქციული შემოთავაზება. ეს ხომ ისედაც ვიცოდით?! გუშინ შექმნეს მოლოდინი, რომ რაღაცას გამოაცხადებდნენ და დღეს თქვეს, რომ არც არაფერს ვცვლითო. ერთადერთი თქვეს, ვითომ მაჟორიტარებს არ დავაყენებთო, მაგრამ ეს მკვდრადშობილი ინიციატივაა. ჯერ ერთი, არ არსებობს კრიტერიუმი, რითაც ამ სიტუაციის მოდელირებაა შესაძლებელი, გარდა ამისა, მათ ამით ვირეშმაკული გეგმა გაშიფრეს, ისევ ფსევდოდამოუკიდებელ დეპუტატებზე აპირებენ აქცენტის გაკეთებას, როგორც სალომე ზურაბიშვილი იყო დამოუკიდებელი დეპუტატი ვითომ. გვეთამაშებიან და ჩვენ ყველა ვგონივართ ბრიყვები. ამას პოლიტიკური ტექნოლოგიაც არ ჰქვია, ეს არის პროვინციული უხარისხო თამაშის მცდელობის შეფუთვის მცდელობა და მეტი არაფერი. ეს არის პროვინციული სპექტაკლი, სადაც რეჟისორიც არაპროფესიონალია, მსახიობებიც არაპროფესიონალები არიან და დგამენ უხარისხო სპექტაკლებს დაწყებული მაჟორიტარების ე.წ. ამბოხებიდან, დღემდე და ჩვენც იძულებულები ვართ ამ პროვინციულ სპექტაკლს ვუყუროთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სხვა ამ სოფელში გასართობი არაფერი არ არის. იდიოტიზმში ამყოფებენ მთელ ქვეყანას“,-განაცხადა გია ხუხაშვილმა და იქვე დასძინა, რომ ხელისუფლება ისევ კონფრონტაციაზე მიდის და აღნიშნულის მიზეზი შიშია, თუმცა რისი შიში, როგორც ექსპერტი ამბობს, თავად „ქართულ ოცნებას“ ვერ გაურკვევია.
„ისევ კუნთების თამაშზე აკეთებენ აქცენტებს და ისევ ემზადებიან მორიგი შეთქმულების თეორიის შესათხაზავად, როგორ თხრის მიშა ლონდონიდან ბომბეიდან გვირაბს. ეს აფექტის ბრალია, გადაულახავი შიშია თუ კიდევ რა არის მიზეზი, ამას სერიოზული დიაგნოზი სჭირდება და ეს დიაგნოზი ალბათ დაისმება“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ მზადაა, საარჩევნო სისტემის საკითხზე პლებისციტი 2020 წლის საპარლამენტო, ან 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების დღეს ჩატარდეს. ამასთან, როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, გადაწყვიტეს, არ დააყენონ „ქართული ოცნების“ კანდიდატები იმ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც, „ნაცმოძრაობის“ და მისი დანამატების გარდა, ოპოზიციის დანარჩენ წარმომადგენლებს ექნებათ გამარჯვების შანსი.
სიახლეები
- ,,ველი კიდევ 3 წელს, 16 წელი მექნება სასჯელი - სერიულ მკვლელებს და პედოფილებს უსჯიან ამდენს"- მიხეილ სააკაშვილი
- ,,სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა" - გიგა ავალიანის დედა პროკურატურის განცხადებას ეხმაურება
- ,,ჩვენი ქვეყანა ღიაა იმისათვის, რომ სუფთა ფურცლიდან მოხდეს საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის დაწყება"- ზვიად შალამბერიძე
- ,,ჩვენი და ამერიკის თანხვედრა ღირებულებით ნაწილში, მსოფლმხედველობით ნაწილში, პოლიტიკურ ჭრილს ვგულისხმობ, ერთი-ერთში ემთხვევა”
- ,,როგორც ჩანს, ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმა, როგორც იქნა, რუკას დახედა და გაათვითცნობიერა ის, რომ საქართველო მართლაც საკვანძო ადგილზე იმყოფება” – ლევან მაჭავარიანი
