“ოპოზიციამ ხელისუფლებას არ უნდა მისცეს საბაბი, რომ მან დაიწყოს რეპრესიული მეთოდების გამოყენება”
“ოპოზიცია უპირველეს ყოვლისა უნდა ეცადოს, რომ კანონის ჩარჩოებიდან არ გავიდეს. რეალურად, ეს “დაბოქლომება” სიმბოლური აქციაა და კონკრეტული შედეგი არ აქვს. ადრე კაბინეტების აჭედვა იყო მოდაში, ახლა აჭედვა უფრო სიმბოლურმა და უკეთესმა ფორმამ შეცვალა, რომელიც იგივე დატვირთვისაა. რეალურად ეს არაფერს მოიტანს, გარდა იმისა, რომ ხელისუფლებას აიძულებს მუდმივად იყოს ამ გაწამაწიაში ოპოზიციასთან”, - აცხადებს “რეზონანსთან” ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ოპოზიციის მიერ დაწყებული აქციების “მაინც დაგაბოქლომებთ” შესახებ საუბრისას.
ძაბირაძის განცხადებით, ეს აქციები არსებულ სურათს ვერ შეცვლის და მნიშვნელოვანია, საპროტესტო აქციებს ძალადობრივი სახე არ მიეცეს, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “როგორი მასშტაბურიც არ უნდა იყოს ეს აქცია, რეალურ შედეგს ვერ მოიტანს” - ძაბირაძე ორშაბათის აქციაზე.
“ოპოზიციამ ხელისუფლებას არ უნდა მისცეს საბაბი, რომ მან დაიწყოს რეპრესიული მეთოდების გამოყენება. არ ვგულისხმობ ისეთ რეპრესიებს, როგორიცაა დარღვევების გამო აქტივისტების 10-15 დღით ჩასმას. ეს პროტესტი, რაც დაიწყო, ალბათ არ შეწყდება და გაგრძელდება მანამ, სანამ ხელისუფლება დათმობაზე არ წავა, ან კიდევ არჩევნებამდე, თუმცა, თუ შედეგი მიუღებელი აღმოჩნდა, არც არჩევნების შემდეგ გველოდება მაინცდამაინც დიდი სიმშვიდე. რეალურად ყველა ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით, ხელისუფლება განსაკუთრებით. მოხდა მისი ფაქტობრივი იზოლაცია როგორც საშინაო, ისე საგარეო მიმართულებით. ხელისუფლებამ უნდა ეძებოს გამოსავლი. ამ შემთხვევაში ყველაფერი დამოკიდებულია ხელისუფლებაზე”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“ოპოზიცია 25 ნოემბერს მასშტაბურ აქციას გეგმავს. როგორც ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, 25 ნოემბერს აქცია გაიმართება, 26 ნოემბერს კი პარლამენტის პიკეტირება იგეგმება. ძაბირაძე 25 ნოემბრის აქციის შესახებ საუბრისას ამბობს, რომ ეს კონკრეტულ შედეგს ვერ გამოიღებს, თუმცა, თუკი აქციის მონაწილეთა რაოდენობა გაიზრდება, რადიკალიზაციის პროცესის დაწყებას არ გამორიცხავს. “როგორი მასშტაბურიც არ უნდა იყოს ეს აქცია, რეალურ შედეგს ვერ მოიტანს და არაფერი შეიცვლება, მაგრამ თუ დიდი მასშტაბის იქნება, ან იმაზე დიდი აქცია იქნება, რაც უკვე იყო პარლამენტის შენობასთან, ეს ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებაში ნელ-ნელა იწყება რადიკალიზაციის პროცესი”, - ამბობს ძაბირაძე, რომლის თქმით, “ეს აქცია არ უნდა გახდეს საბაბი იმისა, რომ ხელისუფლებამ დაიწყოს ლაპარაკი ძალადობაზე და ხელისუფლების ძალით დამხობაზე”, - დასძენს გამოცემა.
“უნდა მოქმედებდნენ კანონის ფარგლებში და მეთოდები შეიძლება იქნას გამოყენებული სხვადასხვა, არა მარტო ბოქლომების დადება, არამედ სხვა აქტივობები უნდა მოიფიქრონ მრავალფეროვანი და ალბათ დრო არის, ოპოზიცია გავიდეს რეგიონებში, იქნებიან ბოქლომებით თუ ბოქლომების გარეშე”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“სამოქალაქო დაპირისპირება, ფაქტობრივად, უკვე არის მას შემდეგ, რაც ბოქლომების კამპანიას მოჰყვა ცოცხების კამპანია. წინასაარჩევნო პერიოდია და სიმძაფრე უფრო გაიზრდება, არ შემცირდება”, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე დაპირისპირებას აქციის აქტივისტებსა და „ოცნების“ მხარდამჭერებს შორის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “სამოქალაქო დაპირისპირება უკვე არის... იმედია, სიტუაცია სამოქალაქო ომამდე არ მივა” - საყვარელიძე.
“როგორც “ნაციონალებს” აქვთ განსხვავებული აზრი და ამის დასაცავად გამოდიან, თანაც ასე ემოციურად და ცდილობენ, კანონის ზღვარზე გაიარონ, მათგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, რომლებიც ასევე თავიანთი აზრის დასაცავად გამოდიან, გაუჭირდებათ თავის შეკავება. ფაქტია, სამოქალაქო დაპირისპირება უკვე არის მას შემდეგ, რაც ბოქლომების კამპანიას მოჰყვა ცოცხების კამპანია. იმედია, სიტუაცია სამოქალაქო ომამდე არ მივა. სამართალდამცავები მოახერხებენ, მხარეები ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მივიდნენ, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდია და სიმძაფრე უფრო გაიზრდება, არ შემცირდება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში