გახდება თუ არა ივანიშვილი იძულებული დანიშნოს ვადამდელი არჩევნები
“ორივეს აწყობს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. “ქართულ ოცნებასაც” აწყობს, რადგან, რაც დრო გადის, მისი მდგომარეობა უარესდება. ჯობია დროზე ჩაატაროს არჩევნები, რომ შედარებით ნაკლებად გაუარესებულ ვითარებაში მეტი ხმა აიღოს. ოპოზიცია კი პროცესებს მართავს და “ოცნებას” დღის წესრიგს უდგენს. ნებისმიერი ვითარება მის სასარგებლოდაა - მმართველი გუნდი კარგავს რეიტინგს, ოპოზიცია კი ძლიერდება”, - ასე აფასებს “რეზონანსთან” შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ქვეყანაში არსებულ ვითარებას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ვადამდელი არჩევნები “ოცნებასაც” აწყობს და ოპოზიციასაც, - ზაქარეიშვილი.
“ოპოზიციის ახალი გეგმის თანახმად, პარლამენტის შენობის პიკეტირება კვლავ დღის წესრიგში დგას და 28 ნოემბერს უმრავლესობის დეპუტატებისთვის სირცხვილის კორიდორის მოწყობას აპირებენ. დასავლელი პარტნიორები მზაობას გამოთქვამენ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებებში ჩაერთონ. ოპოზიციონერ ლიდერებს ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე ჰქონდათ ევროკავშირის წარმომადგენლებთან და დიპლომატებთან. პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ოპოზიციას ხელს უწყობს მოვლენები “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” სასარგებლოდ შემოატრიალოს და ამის მიზეზი, მმართველი გუნდის მიერ დაშვებული შეცდომებია. ოპოზიციას მოსახლეობის იმედი იმდენად არ აქვს, რამდენადაც აქტივისტების, რომლების აქტიურები არიან და საკმაოდ ეფექტურად მუშაობენ. “ოცნება” აქტივისტების აქტიურობასაც კი ვერ უმკლავდება. ამის ფონზე ოპოზიცია მშვიდადაა და მას ნებისმიერი ვარიანტი აწყობს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ამ შემთხვევაში, თუ ვადამდელი არჩევნები ჩატარდება, იქნება შერეული სისტემით, როგორც დაადგინა თავისი ფარისევლური სპექტაკლით “ქართულმა ოცნებამ”. ეს ოპოზიციას აწყობს, განსაკუთრებით “ნაციონალურ მოძრაობას” და “ევროპულ საქართველოს”, თუმცა, არ იმჩნევენ ამას, რადგან საქმე “ოცნებამ” გაუკეთა. ასეთი უგნურება არ მინახავს, რომ ხელისუფლება ოპოზიციაზე მუშაობდეს - აბსოლუტურად კომფორტული ვითარება შეუქმნა “ევროპულ საქართველოს” და “ნაციონალურ მოძრაობას”. ამის ფონზე, ოპოზიციას ურჩევნია შერეული სისტემა. რეალურად სამნი გავლენ და გაიყოფენ ძალაუფლებას პარლამეტში, თანაც დასუსტებული “ქართული ოცნების” ფონზე. მიუხედავად იმისა, როდის იქნება არჩევნები, “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” წარმატებული იქნება, რადგან “ქართულმა ოცნებამ” ამისათვის ყველაფერი გააკეთა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“დღეს იმის, რომ ეს იყო იდეა და არა დაპირება, იმათაც კი არ სჯერათ, ვინც მხარი დაუჭირა პროექტის ჩაგდებას, მით უმეტეს ჩვენს დასავლელ მეგობრებს. ვფიქრობ, ძლიერი ზეწოლის შედეგად, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარედან, მმართველი გუნდი იძულებული იქნება მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, თუნდაც ვადამდელი არჩევნების დანიშვნა”, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. მისი აზრით, რა თქმა უნდა, ეს აქციები მინელდება და ოპოზიცია აქტიურობას ვერ შეინარჩუნებს, რადგან პოლიტიკისთვის მკვდარი სეზონი მოდის; მაგრამ გაზაფხულზე პროცესები ისევ გააქტიურდება და რამდენად გაუძლებს „ოცნება“, არავინ იცის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ეს აქციები მინელდება, მაგრამ ივანიშვილი შეიძლება იძულებული გახდეს ვადამდელი არჩევნები დანიშნოს, - ძაბირაძე.
“ხელისუფლებას უკან დასახევი გზა არ აქვს - პროპორციული სისტემით არჩევნებს ვეღარ ჩაატარებს, გერმანული მოდელიც მიუღებელია; კობახიძის და უსუფაშვილის დებატები უსასრულოდ ხომ ვერ გაგრძელდება... ამიტომ მისაღებია გადაწყვტილება. ასეთ ვითარებაში დასავლეთის ჩართულობა ყოველთვის ხდება. ასე იყო შევარდნაძის და სააკაშვილის დროსაც და ვფიქრობ, ჩვენი მეგობრები ინტენსიურად მუშაობენ ამ თემაზე. თუ ქვეყნის შიგნით და გარეთ იქნება ძლიერი ზეწოლა, ივანიშვილი იძულებული იქნება მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება - დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, რომელიც ისევ შერეული სისტემით ჩატარდება, მაგრამ ამ შემთხვევაშიც რამდენად ექნება “ოცნებას” გამარჯვების შანსი, არ ვიცი”, - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში