უშედეგო დისკუსია: ვის სასარგებლოდ მუშაობს დრო?

შესაძლოა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დროებით გამარჯვებას მიაღწიოს და 2020 წლის არჩევნები შერეული სისტემით გაიმართოს, მაგრამ შემდეგ შეიძლება მას სერიოზული პრობლემები შეექმნას, - ასეთია ანალიტიკოსების ერთი ნაწილის შეფასება.

 

საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით ხელისუფლებასა და ოპოზიციურ ერთობას შორის საარჩევნო სისტემაზე მიმდინარე დისკუსია ჯერჯერობით უშედეგოა.

 

 

ვის სასარგებლოდ მუშაობს დრო? გარანტირებულია თუ არა „ქართული ოცნების“ გამარჯვება შერეული სისტემით? რა რისკები არსებობს არჩევნების ჩატარების შემდეგ?

 

საით მიდის დიალოგის უშედეგო პროცესი?

 

უცხოელი პარტნიორების შუამავლობით დაწყებული დიალოგი უკვე სამ უშედეგო რაუნდს ითვლის. ბოლო რაუნდი კვირას, 15 დეკემბერს გაიმართა.

 

  • დიალოგი დაიწყო მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა საზოგადოებისთვის მიცემული დაპირება 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ;

 

  • დიალოგის ფარგლებში „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ ე.წ. გერმანულ მოდელზე - კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ თვლის;

 

  • „ქართულმა ოცნებამ“ ასევე უარი თქვა ე.წ. გერმანული მოდელის ერთ-ერთ სეგმენტზე - მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების საკითხზე.

 

 

წინასწარი ინფორმაციით, მეოთხე შეხვედრა პარასკევს, 20 დეკემბერს, უნდა გაიმართოს და ეს იქნება დიალოგის ბოლო შეხვედრა 2019 წელს.

 

 

როგორც 15 დეკემბერს გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, მომდევნო შეხვედრაზე ისინი აღარ დაუბრუნდებიან უკვე განხილულ საკითხებს და „საჭიროა, რომ ახალი, სრულიად ახალი ინიციატივა გაჩნდეს“.

 

 

ვინ უნდა წამოაყენოს „სრულიად ახალი ინიციატივა“ - ხელისუფლებამ თუ ოპოზიციამ?

 

  • როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, ხელისუფლებამ დრო ითხოვა თავისი ინიციატივის წარმოსადგენად და ოპოზიცია ახლა 20 დეკემბრის შეხვედრას ელოდება;

 

  • თუკი პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის სიტყვებით ვიმსჯელებთ, ხელისუფლება ახალ შესაძლებლობებს არსებული საარჩევნო სისტემის (შერეული სისტემის) ფარგლებში ეძებს.

 

 

„ჩვენ ვიმსჯელებთ, თუ რისი გაკეთებაა დამატებით შესაძლებელი არსებული სისტემის ფარგლებში... მე ვფიქრობ, რომ არის სივრცე, სადაც შეთანხმების მიღწევა იქნება შესაძლებელი. ეს დიალოგი ემსახურება სწორედ იმას, რომ მოხდეს ყველა შესაძლებლობაზე არგუმენტების გაცვლა და მათი განხილვა“, - განაცხადა თალაკვაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

 

„არა, ასე არ გამოვა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ე.წ. გერმანული მოდელის ძირითადი ავტორი, „შენების მოძრაობის“ წარმომადგენელი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე. მისი თქმით, უშუალოდ საარჩევნო სისტემა თუ არ შეიცვალა, აზრი არაფერს ექნება.

 

 

  • „შერეული, პარალელური სისტემა (როგორიც ჩვენ გვაქვს) ყოველთვის ტოვებს უსამართლო შედეგების დადგომის მაღალ რისკს. სხვა რაც გინდა მოიგონონ, ეს პრობლემა მაინც დარჩება...

 

  • ფაქტია, რომ ხელისუფლებამ ვერ მიაგნო ალტერნატიულ სისტემას, რომლითაც მოქმედს ჩაანაცვლებს და თანაც ისე, რომ არჩევნებში გაიმარჯვოს“.

 

 

ოპოზიცია „ქართული ოცნების“ მიერ დაწუნებულ წინადადებებს არ თმობს და ერთიანი ფრონტით აგრძელებს ბრძოლას იმგვარი საარჩევნო სისტემისთვის, რომელიც სამართლიანად ასახავს ამომრჩეველთა დამოკიდებულებას ამა თუ იმ პარტიის მიმართ. გრძელდება აქციები და ისევ იგეგმება პარლამენტის პიკეტირება.

 

 

ვის სასარგებლოდ მუშაობს დრო?

 

თუკი დიალოგის პროცესი გაჭიანურდება, შესაძლებელია, რომ ხელისუფლებამ მიაღწიოს 2020 წლის (ანდა ვადამდელი) არჩევნების ისევ შერეული სისტემით გამართვას; თუმცა, ანალიტიკოსების შეფასებით, ეს, დიდი ალბათობით, დროებითი და მოჩვენებითი გამარჯვება იქნება.

 

სახელდება რამდენიმე ვარიანტი:

 

 

  • „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს შერეული სისტემით, მაგრამ დღის წესრიგში დადგება არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციის საკითხი და კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდება;

 

  • „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ვერ გაიმარჯვებს არჩევნებში, რადგან დაპირების არშესრულების, მისი ხისტი პოზიციისა და კრიზისის გამძაფრების გამო, მას (ოპოზიციის სასარგებლოდ) განუდგება ამომრჩეველთა ე.წ. გადაუწყვეტელი ნაწილი;

 

  • პოლარიზებულ გარემოში, შერეული სისტემით ჩატარებული არჩევნების პირობებში, მანდატების დაუმსახურებლად დიდი ნაწილი შესაძლოა აიღოს ან ხელისუფლებამ, ან ოპოზიციამ.

 

 

ვახტანგ ხმალაძის თქმით, შერეულმა სისტემამ, რომელიც, როგორც წესი, ხელისუფლებას აძლევს ხელს, შეიძლება გარკვეულ ვითარებაში ხელისუფლების საწინააღმდეგოდაც იმუშაოს:

 

 

„პოლარიზებული არჩევნებისას არის მოსალოდნელობა, რომ მაჟორიტარული ოლქების დიდი ნაწილი ოპოზიციამ მოიგოს. არსებული სისტემა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ: ან ხელისუფლებაში მყოფმა პარტიამ აიღოს დაუმსახურებელი უმრავლესობა, ანდა ამ ხელისუფლებასთან ყველაზე მეტად დაპირისპირებულმა ოპოზიციურმა პარტიამ აიღოს ასევე დაუმსახურებელი უმრავლესობა. ორივე ცუდია საზოგადოებისთვის. ამიტომ ვითხოვთ ჩვენ პროპორციულ სისტემას“.

 

 

სხვების მსგავსად, ვითარების გამწვავებას არ გამორიცხავს ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია:

 

 

„თუკი ხელისუფლება და ოპოზიცია კონსენსუსს ვერ მიაღწევენ, ყველაზე დიდი საფრთხე ის არის, რომ არჩევნების შედეგები სადავო გახდება... თუკი „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს მომდევნო არჩევნებში და უმრავლესობას აიღებს, რადიკალიზაცია გაძლიერდება და ის პროცესები, რასაც დღეს ქუჩაში ვხედავთ, კიდევ უფრო გამწვავდება“.

 

 

პოლარიზებულ გარემოში სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნების ერთადერთ გარანტად არჩევნების სწორედ პროპორციული სისტემით ჩატარებას განიხილავდა მესამე სექტორი. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელმა, ლევან ნატროშვილმა, უთხრა რადიო თავისუფლებას, პროცესების გამწვავების საფრთხე რეალურია.

 

 

  • „პროპორციული არჩევნების პირობებში შევძლებდით მშვიდად მისვლას არჩევნებამდე და პოლიტიკური პარტიები ერთმანეთთან საარჩევნო პროგრამებით იპაექრებდნენ...

 

  • სამართლიანი საარჩევნო სისტემის ფარგლებში შეუძლებელი იქნებოდა არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციის საკითხის წამოჭრა... სიტუაცია, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გამწვავდება არჩევნების მოახლოებასთან ერთად“.

 

 

მართალია, „ქართული ოცნება“ ქვეყანაში კრიზისის არსებობას არ აღიარებს, მაგრამ არჩევნების შემდეგ პროცესების გამწვავების საფრთხე, ანალიტიკოსების აზრით, მმართველ პარტიაშიც აწუხებთ. ისინი სწორედ ამით ხსნიან უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის მიერ გახმაურებულ ინიციატივას. ეს პროცესი ისევ ე.წ. მეამბოხე მაჟორიტარებს უკავშირდება.

 

 

ჯერჯერობით ოპოზიცია დროის გასვლას მტკივნეულად არ აღიქვამს, რადგან საჩქარო არაფერია:

 
  • ოპოზიციის მიერ ხელისუფლებისთვის შეთავაზებული ე.წ. გერმანული მოდელი არ მოითხოვს ცვლილებებს კონსტიტუციაში და, შესაბამისად, არ საჭიროებს ხანგრძლივ პროცედურებს;

 

  • პარალელურად, ოპოზიცია ასევე ელოდება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) დასკვნას ე.წ. გერმანული მოდელის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესახებ.

 

 

„ხელისუფლების მთავარი არგუმენტია, რომ ე.წ. გერმანული მოდელი არ შეესაბამება კონსტიტუციას... თუ ODIHR-ის დასკვნა ამის საპირისპიროს იტყვის, მაშინ ხელისუფლებას გაუჭირდება არსებული საარჩევნო სისტემის შენარჩუნება, მიუხედავად იმისა, რომ ODIHR-ის დასკვნა სავალდებულო ხასიათის არ არის“, - ამბობს ლევან ნატროშვილი. თუმცა, მისი აზრით, ძნელია პროგნოზირება - ამჯერად მაინც თუ გაუფრთხილდება „ქართული ოცნება“ თავისი საერთაშორისო რეპუტაციის შემდგომ შელახვას.

 

 

 

https://www.radiotavisupleba.ge/

 

წაკითხვა 471 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 17 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.