“რუსეთი ეს არის ხიფათი, რომელთანაც თამაში და კუდის ქიცინი არ შეიძლება”
“მქონდა ინფორმაცია, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი და ე.წ. ხელისუფლება ახალ წლამდე გეგმავდნენ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას.
აშკარაა, რომ მისი პატიმრობა მათ უკვე დიდ პრობლემებს უქმნიდა. ამოუვიდათ ყელში, განსაკუთრებით მოსკოვში ის, რომ უკვე ლამის მთელი მსოფლიო აგინებდა რუსეთს ექიმის დატუსაღების გამო. ვფიქრობ, ამ საქმის ასეთ რეზონანსულობაში განსაკუთრებული როლი სწორედ მისმა პროფესიამ ითამაშა... როგორც ვიცი, ამ კვაზიწარმონაქმნის ე.წ. ხელისუფლებაში დიდი ჭიდაობა ჰქონდათ გამართული. გაფრინდაშვილის გათავისუფლებამდე ორი დღით ადრე დე ფაქტო პრეზიდენტი ბიბილოვი ითხოვდა, რა იქნება, მარტო ის დაწეროს, რომ შეცდომა დაუშვა და საზღვარს ნუ ახსენებსო... ადგნენ და ახალი წლისთვის ვითომ გულმოწყალება გამოიჩინეს, არადა, უკვე ერთი სული ჰქონდათ, გამოეშვათ, თან როგორმე სახეც შეენარჩუნებინათ” - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რუსეთი - ეს არის ხიფათი, რომელთანაც თამაში და კუდის ქიცინი არ შეიძლება” / “მთავარი უბედურება ის არის, რომ ქვეყანაში პატრიოტიზმის დიდი დეფიციტია. სუფრის პატრიოტიზმი გამოგვდის, პოლიტიკური პატრიოტიზმი კი, რომელიც პოლიტიკური სპექტრის გადაწყვეტილებებში უნდა ჩანდეს, გამქრალია”.
“ფაქტია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილმა თავისი იქ ყოფნით, პრინციპულობით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ გააკეთა - მან მსოფლიოს გასაგონად თქვა, რომ ეს არის ქართული მიწა და ქართული სახელმწიფოს ტერიტორია, რომელიც ოკუპირებული აქვს რუსეთს! მსოფლიომ ვაჟა გაფრინდაშვილის წყალობით ჩვენს პრობლემას კიდევ ერთხელ მიაქცია ყურადღება, თან - ძალიან მასშტაბურად. აქვე აღვნიშნავ, მის გათავისუფლებაზე უხერხული აჟიოტაჟი ატყდა; ყველა ცდილობს, თავისი ღვაწლი წარმოაჩინოს. მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის ცნობილია ყველას ნამოქმედარი... უნდა ვთქვათ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საქმეში ყველამ თავისი წილი აგური დადო. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ რაც უფრო ერთიანი პოზიციით ვიმოქმედებთ, მით უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის... არ არის საჭირო, საბანს ყველა თავისკენ ექაჩებოდეს, არავის ღვაწლი არ დარჩება შეუმჩნეველი. გვახსოვდეს - ტრაგედიიდან ფარსამდე ერთი ნაბიჯია. ნუ გადავდგამთ ამ ნაბიჯს...”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
“სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნისთვის რუსეთისგან მომდინარე საფრთხე მუდმივია. კრემლისთვის საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც მიმართული იქნება ქვეყნის დამოუკიდებლობისა და დასავლური ინტეგრაციისკენ, მიუღებელი იქნება. გადავხედოთ ვითარებას - ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, პოსტსაბჭოთა სივრციდან მხოლოდ საქართველოა მუდმივად ჯანყის მდგომარეობაში და რუსეთის ინტერესებს არ ითვალისწინებს. პოტენციური თვალსაზრისით, ვიქნებით თუ არა ნატოს წევრი ქვეყანა, დიდად მნიშვნელოვანი არც არის, რადგან საქართველოზე აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკური გავლენა ისედაც უკვე ძალიან დიდია. ფაქტია, რომ სამხრეთ კავკასიის რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევას საქართველო და მისი ხელისუფლებები უშლიდნენ და უშლიან ხელს. რაც უნდა ილაპარაკოს ოპოზიციამ რუსულ გავლენაზე, რუსულ ნარატივსა და ათას სხვა სისულელეზე, ეს არის მხოლოდ ლაპარაკი. გულდასაწყვეტია, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი საქართველოს მოსახლეობას იდიოტად მიიჩნევს. ძალიანაც რომ მოინდომოს საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ, ქვეყნის საგარეო კურსს ვერ შეცვლის - ბოლოს და ბოლოს, იმხელა ვალდებულებები გვაქვს აღებული დასავლეთის მიმართ! გარდა ამისა, დასავლეთს აქ ვითარების კონტროლისთვის საკმაოდ დიდი ბერკეტები აქვს,” - განაგრძობს რესპონდენტი.
“მოკლედ, რუსეთის მუდმივი მცდელობა - საქართველოში ვითარება შეცვალოს, ჩვენს თავზე დამოკლეს მახვილივით კიდია, თუმცა ბოლო დროს კრემლის მიდგომები შეიცვალა. თუ ადრე რუსეთი აქცენტს აკეთებდა პრორუსულ პოლიტიკურ ძალებზე, დღეს ვითარება აბსოლუტურად განსხვავებულია - რუსეთი აქცენტს აკეთებს საზოგადოებასა და პერსონალიებზე, ანუ რბილი ძალა მოქმედებს საზოგადოების ცნობიერების შესაცვლელად. ძირითადად, იმაზე კი არ ხდება აქცენტირება, რომ რუსეთი კარგია და დასავლეთი - ცუდი, არამედ მხოლოდ იმას ამტკიცებენ, რომ თურმე დასავლეთია ცუდი. ეს უნდა დავინახოთ და შესაბამისი დასკვნები გავაკეთოთ. სამწუხარო ის არის, რომ ჩვენს პოლიტიკოსებს ერთმანეთთან ბრძოლის იარაღად მხოლოდ ის დარჩათ, ერთმანეთს პრორუსი ეძახონ. რუსეთი - ეს არის ხიფათი, რომელთანაც თამაში არ შეიძლება. არ შეიძლება კუდის ქიცინი დაასკვნის ექსპერტი. “სიტუაციის მეტ-ნაკლებად მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ პოლიტიკური კონსოლიდაციით. შეიძლება ერთბაშად არ გადაწყდეს ქვეყნის ერთიანობის პრობლემა, მაგრამ მოქმედების ახალი მეთოდებისა და ერთიანი პოზიციის შემუშავება, იმ საკითხების გამოკვეთა, რომელთა გარშემოც ქვეყანა გაერთიანდება, ბევრ რამეს შეცვლის. ვფიქრობ, სწორად მოიქცა ხელისუფლება, ჩორჩანაში საგუშაგო რომ გახსნა. ყველაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს საინტერესო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. სამწუხაროდ, ამის საპასუხოდ საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორთან ე.წ. საზღვარი ჩაკეტა და ახალგორის მოსახლეობა, ფაქტობრივად, შიმშილის ზღვარზეა, მაგრამ ეს ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადადგმულიყო. ახლა აუცილებელია ახალგორელებზე ვიფიქროთ და პრობლემის გადაჭრის გზები ვეძებოთ, მაგრამ აქაც აუცილებელია ჩვენი ერთიანი პოზიცია”, - ამბობს მამუკა არეშიძე.
“ვიდრე პოლიტიკური სპექტრი ერთმანეთის გაშავების პრინციპით იმოქმედებს, ვერასდროს მოიგებენ ამომრჩევლის გულს და ქვეყანას რა მოუვა, ეს კიდევ ცალკე საკითხია. მთავარი უბედურება ის არის, რომ ქვეყანაში პატრიოტიზმის დიდი დეფიციტია. სუფრის პატრიოტიზმი გამოგვდის, პოლიტიკური პატრიოტიზმი კი, რომელიც პოლიტიკური სპექტრის გადაწყვეტილებებში უნდა ჩანდეს, გამქრალია. 2019 წელს პოლიტიკურ ძალებს შორის აშკარა ბრძოლამ ძალიან მძაფრი ფორმა მიიღო და ეს არ ხდებოდა მხოლოდ თბილისში. დაპირისპირება დაიწყო სასამართლოს თემაზე, რაც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდა. ამას ერთვოდა ახალ-ახალი თემები, რომელთა უმეტესობა გამოწვეული იყო ხელისუფლების შეცდომებით და იმ მეთოდოლოგიით, რაც, როგორც ჩანს, საარჩევნოდ შეიმუშავა ოპოზიციამ - ვგულისხმობ, ძირითადად, “ნაციონალურ მოძრაობასა” და მის განაყოფებს. მათ ამ მეთოდოლოგიის გამოყენება მოუხდათ ერთი წლით ადრე ან შესაძლოა მიზანმიმართულად გამოცადეს - აინტერესებდათ, რა შედეგს მიიღებდნენ და საარჩევნოდ როგორ გამოადგებოდათ. გარკვეული მეთოდოლოგიით რომ მოქმედებდნენ, ცხადია. ეს განსაკუთრებულად გამოჩნდა, ასე ვთქვათ, ახალგაზრდული “პოლიტიკური სკოლების” შექმნითა და ამ “სკოლების შეგირდების” ქუჩაში გაშვებით. აშკარაა, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად და დაგეგმილად ხდებოდა. ამგვარი რამ ჩვენ გვახსოვს “კმარას” მაგალითზე. არ გამოვრიცხავ, რომ ახლა მისი კლონის შექმნა ქვეყნის გარეთაც მომხდარიყო. ეს ყველაფერი საბოლოოდ ქმნიდა სურათს, რომ ქვეყანაში არ არის სტაბილური ვითარება”, - თვლის რესპონდენტი.
“... ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომა იყო იმ დაპირების შეუსრულებლობა, რაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გასცეს. ხომ გახსოვთ, ივანიშვილი გვპირდებოდა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება მიდგომებს ძირფესვიანად შეცვლიდა, რაც არ მოხდა. ჩემი აზრით, დიდი შეცდომა დაუშვეს პანკისში, სადაც ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით სრულიად გაუთვლელი და არაადეკვატური ნაბიჯები გადაიდგა. ხელისუფლების შეცდომა იყო გავრილოვის ვიზიტი - ვერ გათვალეს, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა მის პარლამენტში სტუმრობას. მოგეხსენებათ, რამხელა საპროტესტო ტალღა აგორდა, რა დროსაც ხელისუფლება შეცდომას შეცდომაზე უშვებდა, ბოლოს კი იძულებული გახდა, ხალხს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას დაჰპირებოდა და ამით განემუხტა ვითარება. შეცდომა იყო ამ დაპირების შეუსრულებლობაც, რამაც ისევ ქუჩაში გადაიტანა პოლიტიკური პროცესი. ამასთანავე, `ქართულმა ოცნებამ~ დაუშვა უმრავლესობიდან მნიშვნელოვანი ბირთვის წასვლა... ამომრჩეველი დაიბნა - რბილად რომ ვთქვათ, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი შეშინებულია. მას აშინებს არასტაბილურობა და მაინცდამაინც არ ენდობა ხელისუფლებას; არ სჯერა, რომ კრიტიკულ ვითარებაში ის მის სტაბილურობას დაიცავს”, - დასძენს მამუკა არეშიძე.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი