"ხაზარაძის მთავარი შეცდომა ის იყო, რომ დაიწყო პროექტის კომერციალიზაცია" - სანდრო თვალჭრელიძე

“უსაფუძვლოდ მიმაჩნია “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” მიერ გავრცელებული განცხადება, რომ ვადების ამოწურვის მიუხედავად, მუშაობას არ შეწყვეტენ და ყველა საშუალებას მიმართავენ, რათა პროექტი არ გაჩერდეს. კონტრაქტით გათვალისწინებულ 590 მილიონ ამერიკულ დოლარს საიდან დადებენ ანგარიშზე? ამის შესაძლებლობა არ აქვთ უკვე ორი წელია, ახლა რა უნდა ქნან?! ჩემი აზრით, პრობლემა ის არის, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები კონსორციუმს რაღაც მიზეზების გამო, რომელზე საუბარიც არ მინდა, მიზანმიმართულად არ უჭერენ მხარს”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რა ბედი ელის ანაკლიის პორტის პროექტს.

 

“პროექტში არც ერთი ამერიკული კომპანია არ შემოვიდა. მგონია, რომ ამერიკელები კონსორციუმის გასვლას ელოდებიან, რათა თავად შემოვიდნენ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. არ მჯერა, რომ პორტის აშენება მთავრობას არ უნდა. ვფიქრობ, პორტი აუცილებლად აშენდება! ეს თემა ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება და ხმამაღლა ვერ ვისაუბრებ... საკმაოდ სენსიტიური საკითხია, გამგები გაიგებს... ანაკლიისა და ფოთის პორტებს აბსოლუტურად სხვადასხვა დატვირთვა აქვთ. ფოთის პორტში ისეთი სიღრმეების უზრუნველყოფა გამორიცხულია, როგორიც არის ანაკლიაში. ეს კი გადამწყვეტია პროექტისთვის. სრულიად სხვადასხვაა ამ პორტების კომერციული და სტრატეგიული დანიშნულებაც. ჩემი აზრით, ხაზარაძის მთავარი შეცდომა ის იყო, რომ დაიწყო პროექტის კომერციალიზაცია. ეს არ არის კომერციული, ეს ერთმნიშვნელოვნად სტრატეგიული პროექტია. რუსეთი რომ ანაკლიის პორტის ალტერნატივად ტამანის პორტს განიხილავს, ხომ ხვდებით, რასთან გვაქვს საქმე? მეტს ვერაფერს ვიტყვი, ეს ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

 

 

“ანაკლიის პროექტზე მუშაობა კიდევ უფრო ადრე დაიწყო. იმ პერიოდში, ანუ 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ვიყავი, ჩემთან ამერიკის ელჩი მოვიდა და ჩამოაყალიბა პირობები, თუ როგორი უნდა ყოფილიყო პორტი, რომლის აშენებაც სურდათ აქ ამერიკელებს. დავიწყეთ კვლევა და მთელი საქართველოს სანაპიროდან მხოლოდ ანაკლიაში მოვნახეთ ამ პორტისთვის საჭირო ადგილი. მაშინ ეს პროექტი ვერ განხორციელდა ბევრი მიზეზის გამო. მთავარი კი მაინც ის გახლდათ, რომ ამერიკის პრეზიდენტ კლინტონს არ უნდოდა რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვა, ხოლო პრეზიდენტმა ბუშმა დაიჯერა, რომ პუტინთან მოახერხებდა ამ საკითხთან დაკავშირებით საერთო ენის გამონახვას და სამხედრო შემადგენელზე, ანუ აშშ-ის ინტერესების დაცვაზე უარი თქვა, რაც შეცდომა იყო”, - განაგრძობს ექსპერტი.

 

 

“ვფიქრობ, პორტი აუცილებლად უნდა აშენდეს. ანაკლია ძალიან ახლოს არის აფხაზეთთან, თუ ანაკლიის პორტის მშენებლობა ჩვენს უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს, ეს გადამწყვეტი იქნება ჩვენი შემდგომი სტრატეგიისთვის აფხაზეთთან დაკავშირებით. კონსორციუმს ეს პროექტი ძალიან ჩუმად უნდა გაეკეთებინა. ასეთი ამბის ატეხას კონსორციუმს არავინ აპატიებს. დააკვირდით ერთ რამეს - როდესაც ხაზარაძის წინააღმდეგ დაიწყო მოქმედებები, მისმა პარტნიორებმა მხარი არ დაუჭირეს. ე.ი. რაღაცაშია საქმე, მან გადაკვეთა ის წითელი ხაზი, რომელიც არ უნდა გადაეკვეთა. პრინციპში, გაწირეს მისი ინტერესები”, - მიიჩნევს სანდრო თვალჭრელიძე და შეკითხვაზე - “როგორ ახსნით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებას: `იმედი მაქვს, რომ საქართველო ბოლომდე მიიყვანს ანაკლიის პორტის პროექტს. პორტი გააღრმავებს საქართველოს ურთიერთობას თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან და თავიდან აარიდებს რუსულ და ჩინურ ეკონომიკურ ზეგავლენას, რომელთაც არ აქვთ კეთილი სურვილები თქვენი ქვეყნის მიმართ”, - პასუხობს:

 

 

“ეს განცხადება ნიშნავს, რომ ანაკლიის პორტისთვის კონსორციუმს ჩინეთში არ უნდა დაეწყო ინვესტორის ძებნა. ეს პროექტი არ უნდა ყოფილიყო დაფინანსებული არადასავლური და არაქართული წარმოშობის ფულით. როგორ გგონიათ, როდესაც ამერიკელები ამბობენ, რომ ეს მათთვის მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პროექტია, რატომ ტოვებენ კონსორციუმს ამერიკული კომპანიები? იმიტომ ხომ არა, რომ კონსორციუმის ჩანაცვლება უნდათ სხვა, ამერიკული კომპანიით?!”

 

 

წაკითხვა 484 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 06 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.