November 22, 2024

"კალაძემ ერთ დროს დაჩაგრა ღარიბაშვილი, ახლა კი ღარიბაშვილი ეცდება, დაჩაგროს კალაძე"

“ოცნებაში” დარჩენილი სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, კალაძე თავის პოლიტიკურ მომავალზე ფიქრობს და კარგად იცის, რომ ივანიშვილისა და “ოცნების” გემი იძირება. ცდილობს თავი დაიზღვიოს და ჰქონდეს პოლიტიკური პერსპექტივა. ამიტომ არის შეთვლა-შემოთვლის რეჟიმში. ვის, როგორ, რანაირად - ამაზე ლაპარაკი არ მინდა. ძალიან სანდო ხალხმა მითხრა ეს ამბავი და მათ არ გავცემ, სულ რომ მაწამოთ... ბოლო დროის მწვავე განცხადებები კალაძის საჯარო პოზიციაა. ასე უნდა ილაპარაკოს, თორემ ივანიშვილთან ურთიერთობა უფრო გაურთულდება”, - აცხადებს სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი ალეკო ელისაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „კალაძემ ერთ დროს დაჩაგრა ღარიბაშვილი, ახლა კი ღარიბაშვილი ეცდება, დაჩაგროს კალაძე“.

 

“ერთი თვეა, ანტიკორუფციული სააგენტო სუს-ში იბარებს მერიის ჩინოვნიკებს და “არქი ჯგუფის” დამფუძნებელ ილია წულაიას, რომელიც კალაძის ძმაკაცია. ივანიშვილი აპირებს, ეს საქმე გამოიძიოს, როგორც სჩვევია, თაროზე შემოდოს და მერე, თუკი დასჭირდება, მერიის მაღალჩინოსნებს კალაძის წინააღმდეგ მიაცემინოს ჩვენება. ეს სჭირდება, რომ კალაძის ლოიალურობა და მხარდაჭერა გარანტირებული ჰქონდეს. კვირიკაშვილის საქმეზე რა მოხდა, ხომ გახსოვთ? ასეთივე საქმეებია ღარიბაშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ. ამით მოიპოვა ივანიშვილმა ღარიბაშვილის ლოიალურობა. ახლა მიემატება კალაძეც - ის ამიტომ ცდილობს ერთგულება დაუმტკიცოს ივანიშვილს. ივანიშვილი თავის გარემოცვას კომპრომატებით აკონტროლებს. ვიღაცის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ზოგის წინააღმდეგ სხვა სახის კომპრომატები აქვს... უდევს თაროზე და როცა დასჭირდება, გამოიყენებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალეკო ელისაშვილი.

 

 

“ვიხილავთ თუ არა კალაძეს ოპოზიციაში არ ვიცი, ვნახოთ... მაგრამ აშკარაა, რომ კალაძე თავის პოლიტიკურ მომავალზე ფიქრობს... ერთ დროს კალაძემ დაჩაგრა ღარიბაშვილი, ახლა კი ღარიბაშვილი ეცდება, დაჩაგროს კალაძე და ანგარიში გაუსწოროს. იმის ნაცვლად, ვხედავდეთ, ქვეყანა როგორ ცდილობს სიღარიბიდან ამოსვლას, ვუყურებთ ხელისუფლების წარმომადგენელთა ანგარიშსწორებას. ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ! ვითარება უნდა შევცვალოთ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

 

“დღეს არა გვაქვს ბერკეტები, მაგრამ ამ წლის ბოლოს დიდი ცვლილებები მოხდება ქვეყანაში და “ქართული ოცნება” აღარ იქნება ხელისუფლებაში... ჩემი მოძრაობა პარტია არ არის და “ენდიაის” კვლევაში ვერ მოვხვდით, თუმცა პიროვნებათა რეიტინგში ჩემი მზარდი რეიტინგი მომეწონა. პარტიას მალე ჩამოვაყალიბებთ და სოლიდურ შედეგებსაც ვაჩვენებთ. სხვა პარტიასთან თანამშრომლობაზე არ ვფიქრობთ, მარტო ვიქნები”, - დასძენს ალეკო ელისაშვილი.

წაკითხვა 516 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.