გიორგი გახარია კონგრესმენების წერილზე: შესაძლოა, შეფასებებში იყოს სუბიექტური მომენტები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი წერილებს არ მიიჩნევს სტრატეგიული პარტნიორების და მეგობრების საუბრის ფორმად, თუმცა, აცხადებს, რომ ყოველთვის მზად არიან ყველა თემაზე მშვიდად საუბრისთვის.
დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მყოფმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედს“ 23 იანვარს, საღამოს მისცა კომენტარი ამერიკელი კონგრესმენებისგან მიღებულ კრიტიკულ წერილზე.
“ჩვენ არ გვაქვს პრობლემა, რომ ყველა სახის შეფასება, თუნდაც მწვავე, სამართლიანი, შეიძლება, ჩვენი გადმოსახედიდან უსამართლო, დავსხდეთ და ობიექტურად განვიხილოთ, რასაც უახლოეს პერიოდში გავაკეთებთ. უნდა გვესმოდეს, რომ როგორი მოტივებიც არ უნდა არსებობდეს მსგავსი წერილების ან შეფასებების მიღმა, ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის გულწრფელი ნაბიჯები იმ მეგობრობის და საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესის მხარდასაჭერად, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, აშშ მხარს უჭერს“, - განაცხადა გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, შესაძლოა შეფასებებში იყოს სუბიექტური მომენტები, რაზეც ასევე, ისაუბრებენ: „ყველას ყველაფერს ავუხსნით და ყველას ყველაფერს დავანახებთ, ზუსტად ისე, ობიექტურად, როგორც ეს ჩანს თბილისიდანაც, ვაშინგტონიდანაც, ბრიუსელიდანაც და სხვა დედაქალაქებიდანაც, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად და ხაზგასმით აღიარებენ იმ პროგრესს დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანამ გაიარა. ეს სახეზეა. ამ წერილში გარკვეული ეკონომიკური ასპექტებიც არსებობდა. საქართველო დღეს რეგიონში ეკონომიკურად ყველაზე სწრაფად და მდგრადად ვითარდება. ამასაც ჩვენს მეგობრებს და კოლეგებს ავუხსნით დეტალურად, ციფრებით, კონკრეტული მაგალითებით და იმ შედეგებით, რასაც ჩვენ ყველანი ერთად ვაღწევთ”.
ჟურნალისტის შეკითხვას, მზად არის თუ არა პირადად გააცნოს ობიექტური რეალობა წერილის ავტორებს, გიორგი გახარიამ უპასუხა: “რა თქმა უნდა”.
სიახლეები
- ,,პროდუქტებზე მაღალი ფასნამატია, უნდა დაიწყოს გამოძიება, შეიქმნას საგამოძიებო კომისია"- ირაკლი კობახიძე
- მოსკოვში აფეთქების შედეგად პოლიციელები დაიღუპნენ
- ,,გაფახზულის სესიაზე სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც დაიწყებს სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების პროცესის საჯარო შესწავლას"- შალვა პაპუაშვილი
- ანკარაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
