November 22, 2024

“სამწუხაროდ, არა გვყავს ისეთი ოპოზიცია, რომელზეც ხალხს გაუჩნდებოდა განწყობა, რომ მას შეუძლია ძალაუფლების გადაბარება”

“ოცნება” პოლიტიკური აფექტის მდგომარეობაშია, რაც ძალაუფლების დაკარგვის შიშით არის განპირობებული. ფიქრს თავი დაანებეს და აქტიურ თავდაცვაზე გადავიდნენ, ეს კი მუდმივ თავდასხმას ნიშნავს. დარღვეულია ყოველგვარი ცივილიზებული ნორმები. ეს ამბავი საშიში არ იქნებოდა, “ოცნება” ხელისუფლებაში რომ არ იყოს. გასაგებია, რაც სჭირთ, მაგრამ სახელმწიფოებრივი პრობლემებია გადასაწყვეტი, რომელთა მოგვარება უვადოდაა გადადებული“, - აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “კალაძე და კობახიძე ამბობდნენ, 4 ამერიკელი კონგრესმენის აზრი რა სათვალავში ჩასაგდებიაო. ეს 4 უკვე 6 გახდა...” / “წულუკიანმა ამ ვიდეოს გამოქვეყნებით პატიმრებს უთხრა, ენა ჩაიგდეთ, თორემ გისმენთ, გიყურებთ და ყველაფერს ვიწერთო”.

 

“ხელისუფლების აზრით, ოპოზიცია, ასევე ექსპერტთა და მედიის ერთი ნაწილი ილუზორულ გარემოს ქმნიან - რა არის ილუზორული, ივანიშვილი პროპორციულ არჩევნებს რომ შეგვპირდა და მერე გადაგვაგდო? პრობლემა მხოლოდ ის კი არ არის, ჩატარდება თუ არა არჩევნები პროპორციული წესით, არამედ ის, რომ ხელისუფლებამ დანაპირებით განსაზღვრულ პოლიტიკურ კონსენსუსს მიაღწია, ქვეყანა დაწყნარდა და მერე უცებ ისევ ხელოვნურად ააფეთქა სიტუაცია. “ოცნებამ” მხოლოდ ოპოზიცია კი არ გადააგდო, უტიფრად გადააგდო მთელი საზოგადოება. ახლა გვეუბნება, რომ კუნთების თამაშით, ხელების გადაგრეხით შეუძლია მოერიოს ოპოზიციას. თუ კუნთების თამაშზე მიდგება საქმე, ხელისუფლება ყოველთვის მოერევა ოპოზიციას, იმიტომ, რომ ძალადობაზე მონოპოლია მის ხელშია. თუმცა ავიწყდებათ ან არ იციან, რომ კუნთების თამაშით შესაძლოა ერთი-ორი თვით გადაწყვიტო პრობლემები, მაგრამ საბოლოოდ ასეთი თამაში ცუდად მთავრდება. ილუზიაა, რომ ამერიკელი კონგრესმენები “ოცნებას” დღითი დღე უფრო მწვავე და კრიტიკულ წერილს წერილზე სწერენ? კალაძე და კობახიძე ამბობდნენ, ოთხი ამერიკელი კონგრესმენის აზრი რა სათვალავში ჩასაგდებიაო. ეს ოთხი უკვე ექვსი გახდა...”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

 

 

“ჯერ ერთი, მხოლოდ 4 თუ 6 კონგრესმენში ხომ არ არის საქმე - აღარ დარჩა პოლიტიკური თუ მედიაინსტიტუტი ევროპასა და ამერიკაში, ვინც მწვავედ არ შეაფასა “ოცნების” საქმიანობა. სწორედ ეს რამდენიმე კაცი მუშაობს საქართველოს საკითხზე და მათი მოსაზრებებით აყალიბებს კონგრესი და თუნდაც აშშ-ის ადმინისტრაცია საქართველოსთან დაკავშირებულ თავის პოლიტიკას. რაც შეეხება “ოცნების” განცხადებებს, რომ კონგრესმენების წერილები უზუსტობებს შეიცავს - საარჩევნო ცვლილებები რომ ჩააგდეს და მთელი სამყაროს მოტყუებას ცდილობდნენ, უზუსტობაა? ხუნდაძის ამბოხის რომ არავის სჯერა და ივანიშვილის ხელი ურევია ამ ამბავში, არასწორი პრეტენზიაა? ვის რა უნდა აუხსნან, ინგლისურის მცოდნე აღარ დატოვეს თავიანთ წიაღში. პარლამენტში კომიტეტების თავმჯდომარეებად სრულიად უცოდინარი პირები არიან”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

 

“ღმერთმა არ ქნას, ეს ადამიანები ვაშინგტონში ჩავიდნენ, მთლად გადარევენ ამერიკელებს. ცოტა ხნის წინ ხომ იყვნენ კობახიძე და ბერაია, პასუხად რა მოჰყვათ? 6 კონგრესმენის კრიტიკული წერილი ხომ არა? ამათ რა ჰგონიათ, ნებისმიერ ტყუილს იტყვიან და მთელი მსოფლიო დაიჯერებს? მმართველი გუნდი ნაცვლად იმისა, კრიტიკაზე კვალიფიციური პასუხი გასცენ, მუდმივად კონტრბრალდებებზე გადადის. ნახეთ, რა გააკეთა წულუკიანმა? სახალხო დამცველის კრიტიკაზე პასუხის ნაცვლად კონტრშეტევაზე გადავიდა და მისი წარმომადგენლის პატიმართან შეხვედრის ვიდეოფირი გამოაქვეყნა, მერე თავად სახალხო დამცველის ციხეში ვიზიტი გაასაჯაროვა. ასეთი შეხვედრების კონფიდენციალურობა დაცული უნდა იყოს. წულუკიანმა ამ ვიდეოს გამოქვეყნებით პატიმრებს უთხრა, ენა ჩაიგდეთ, თორემ გისმენთ, გიყურებთ და ყველაფერს ვიწერთო - ანუ ხელისუფლება გვეუბნება, რომ საკუთარ თავს კანონზე მაღლა აყენებს”, - დასძენს გია ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “წულუკიანმა ისიც თქვა, სასაცილოა ოპოზიციის რეაქცია, რაც პარლამენტის შემოღობვას მოჰყვაო... ხელისუფლებას ქირქილის საფუძველი ნამდვილად აქვს?” - პასუხობს:

 

 

“სამწუხაროდ, არა გვყავს ისეთი ოპოზიცია, რომელზეც ხალხს გაუჩნდებოდა განწყობა, რომ მას შეუძლია ძალაუფლების გადაბარება. შეცდომებს ოპოზიციაც უშვებს. პოლიტიკური პროცესი იმდენად მღვრიე, ბუნდოვანი და აფექტურია, პოლიტიკური პროგნოზებისგან თავს შევიკავებ”.

წაკითხვა 527 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.