“თუ ასე ვაპირებთ გაგრძელებას, თავს იზოლაციისა და რუსული ოცნების ასრულებისთვის ვწირავთ“
“პრობლემა ის კი არ არის, თუ რატომ არ დაკანონდა პროპორციული საარჩევნო სისტემა, არამედ ის, ეს როგორ მოხდა - ხელისუფლება დაჰპირდა ხალხს, რომ შეცვლიდა საარჩევნო სისტემას, მერე კი “გადააგდო”. ქვეყანაში, რომლის განვითარებისთვის აშშ-მა დიდი ფული დახარჯა და კვლავაც ხარჯავს, გაჩნდა რისკი იმისა, რომ ეს ხელისუფლება არსებულ საკანონმდებლო ბაზას, საარჩევნო მოდელს, პოლიტიკურ სისტემას არგებს მხოლოდ საკუთარ ინტერესს, რითაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. პოლიტიკური კრიზისის დროებით განსამუხტავად გასცე დაპირებები, მერე კი ყველა ფეხებზე დაიკიდო, სანდოობას აცამტვერებს და საქართველოს არაკეთილსინდისიერ პარტნიორად წარმოაჩენს. ამერიკელ პოლიტიკოსებს გაუჩნდათ კითხვა: პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც თავის ხალხს ასე ექცევა, როგორ შეიძლება მოექცეს პარტნიორებს?!” - აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “თუ ასე ვაპირებთ გაგრძელებას, თავს იზოლაციისა და რუსული ოცნების ასრულებისთვის ვწირავთ“ / “ამერიკელ პოლიტიკოსთა გულისწყრომა გამოიწვია არა მარტო იმან, თითქოს ვინმე ლობირებს ამერიკულ კომპანიებს, არამედ იმანაც, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ ამერიკელებს დაახლოებით იგივე გაუკეთა, რაც პროპორციული წესის ჩაგდებით საკუთარ მოსახლეობას, ანუ გადააგდო“.
“დავიწყოთ ანაკლიის პორტით. თავის დროზე, როდესაც მაიკ პომპეო შეხვდა იმჟამინდელ პრემიერ ბახტაძეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საჯაროდ თქვა, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რისი განხორციელების შემდეგაც საქართველო გახდება რეგიონული ჰაბი არა მარტო სამხრეთ კავკასიაში, არამედ ცენტრალური აზიის მიმართულებითაც და მოემსახურება ამერიკული ტვირთების მოძრაობას. ასევე დაუფარავად ითქვა, რომ ამ პორტის მშენებლობით ამერიკა იყო დაინტერესებული. ამ შეხვედრაზე პომპეომ ბახტაძისგან მიიღო დაპირება, რომ პროცესი არ შეჩერდებოდა. შედეგად საქართველოს ხელისუფლებამ ამ შემთხვევაში უკვე პარტნიორი “გადააგდო”, ამას მოჰყვა ყველაზე უარესი ახსნა, - ეს თურმე ხელისუფლებამ იმიტომ გააკეთა, რომ რუსეთი არ გაღიზიანებულიყო. რა გამოვიდა? იმის გამო, რომ რუსეთში ვიღაცას რაღაც არ მოსწონდა, ჩვენ უარი ვთქვით ეროვნულ ინტერესზე. ამერიკელ პოლიტიკოსთა გულისწყრომა გამოიწვია არა მარტო იმან, თითქოს ვინმე ლობირებს ამერიკულ კომპანიებს, არამედ იმანაც, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ ამერიკელებს დაახლოებით იგივე გაუკეთა, რაც პროპორციული წესის ჩაგდებით საკუთარ მოსახლეობას, ანუ “გადააგდო”. ეს პროექტი რეგიონისთვის იქნებოდა ისეთივე გარდამტეხი ნაბიჯი, რაც იყო თავის დროზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, რომელსაც ასევე ეწინააღმდეგებოდა რუსეთი, მაგრამ შევარდნაძის ხელისუფლებამ, რომელიც ბევრად მძიმე მდგომარეობაში იყო, ვიდრე დღევანდელი, არ თქვა უარი და მოახერხა ურთულეს პირობებში უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი გობრონიძე.
“რაც შეეხება “ფრონტერას”, შესაძლოა ლობისტებმა მართლაც ისარგებლეს შექმნილი ვითარებით, მაგრამ როდესაც ქვეყანაში დაბრკოლება არა აქვს რუსულ, ყაზახურ თუ აზერბაიჯანულ ინვესტიციებს, რატომ შეექმნა ერთბაშად რამდენიმე ამერიკულ კომპანიას პრობლემები? “ოცნებას” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ამგვარი პოზიცია ჰქონდა - არ გვინდა ვიქცეთ განხეთქილების ვაშლად დასავლეთსა და რუსეთს შორის. დეკლარირებულად არ ვამბობთ დასავლურ ინტეგრაციაზე უარს, მაგრამ არც რუსეთს ვაღიზიანებთო. მოკლედ, გადავედით რუსეთთან დაყვავების პოლიტიკაზე, რაც თავიდანვე ნათელი იყო, რომ რუსეთისთვის არ იქნებოდა საკმარისი. ქართულმა პოლიტელიტამ და პოლიტიკურმა კლასმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიაზრონ, რომ პრობლემა განცხადებები კი არა, ის მოცემულობაა, რომელიც არსებობს. კერძოდ, რუსეთს აქვს თავისი ეროვნული ინტერესი, რაც გულისხმობს მისი ჰეგემონიის განმტკიცებას იმ ტერიტორიებზე, რომელთაც იმპერიის ყოფილ ტერიტორიებად მოიაზრებს, ჩვენ კი გვინდა გადარჩენა როგორც სუვერენულ სახელმწიფოს. თუ რუსულ ეროვნულ გეგმას ხორცი შეესხა, ჩვენი ეროვნული გეგმა ჩაიშლება”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“არის ერთი საკითხიც - იმისთვის, რომ საქართველო სრულფასოვნად რეაგირებდეს რუსულ საფრთხეებზე, მას სჭირდება ეკონომიკური ზრდა და დემოკრატიზაციის შეუქცევადი კურსი. ხელისუფლება ვერ გაუმკლავდა მდგრადი ეკონომიკური ზრდის პრობლემას. მას 2012 წლის შემდეგ ჰქონდა წინსვლა, თუმცა, დღეს ქვეყნის ეკონომიკა მძიმე დღეშია. დემოკრატიზაციის ის მონაპოვარი, რაც მიიღო სახელმწიფომ, რომელმაც ბალტიისპირეთის რეგიონის შემდეგ პირველმა შეცვალა ხელისუფლება არჩევნების გზით პოსტსაბჭოთა სივრცეში, სრულად გავანიავეთ. პოლიტიკური კლასის უმწიფარობამ განაპირობა, რომ ვეღარ გაგრძელდა ქვეყნის სწრაფი მოდერნიზაცია და დემოკრატიზაციის კურსი. ასეთ ვითარებაში დასავლეთის შეშფოთება გასაგებია. თუ ასე ვაპირებთ გაგრძელებას, თავს იზოლაციისა და რუსული “ოცნების” ასრულებისთვის ვწირავთ”, - დაასკვნის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი.
“ინფანტილური საქციელი იყო, როდესაც ამერიკელი პოლიტიკოსების წერილების დამალვა სცადეს. მერე რა საპასუხო განცხადებებს ვისმენთ? - თურმე ამერიკელ პოლიტიკოსებს საკმარისი ინფორმაცია არა აქვთ. კარგი, მათ არა აქვთ, ჩვენ ხომ გვაქვს? თურმე მაჟორიტარებმა ამბოხი მოაწყვეს და ჩააგდეს ივანიშვილის დაპირება, რის მერეც ისევ ხელისუფლების ნაწილად დარჩნენ... ამის მერე რამდენმა კაცმა დატოვა “ოცნება”, ნუთუ მათაც არ ჰქონიათ საკმარისი ინფორმაცია?! იქნებ “ოცნება” ცხოვრობს საკუთარი წარმოსახვით იმიტირებულ რეალობაში და ჰგონია, ჩვენ ინფორმაციის ნაკლებობა გვჭამს და მთელი სენატი, კონგრესი, მთელი ქვეყანა “ნაცმოძრაობისგან” იღებს ინფორმაციას?! ეს წერილები ნიშანია იმისა, რომ პარტნიორებთან ურთიერთობაში რაღაც კარგად არ მიდის. თუ მაინცდამაინც ის უნდათ, რომ საქართველოს ხელისუფლებას მაიკ პომპეომ საჯაროდ “დაახუროს”, მერე ტრამპმა “ტვიტერზე” დაწეროს, საქართველოს ხელისუფლება ასცდა დემოკრატიის გზასო, და განგვიხილონ როგორც ახალი ევროპული ბელარუსი?! თანაც არანაკლებ მკაცრი განცხადებები ისმის ევროპიდანაც. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლება საზოგადოებისგან განყენებულად ცდილობს პოლიტიკური პროცესის წარმართვას. საზოგადოებრივი აზრის კვლევებიც ვნახეთ, რაც შეიძლება წავიკითხოთ ასე: ხელისუფლება თავისთვის აკეთებს პოლიტიკას, სახელმწიფო კი თავისთვის არსებობს. თუ ასე გაგრძელდა, ჩვენი საერთაშორისო რეპუტაციის აღსადგენად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება,” - დასძენს გიორგი გობრონიძე.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი