November 22, 2024

"ოპოზიციის დღევანდელი გეგმები ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო გადაიდო"

ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო, ოპოზიციამ დღეს დაგეგმილი აქცია და სამთავრობო შენობების პიკეტირება გადადო.

 როგორც ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განუცხადა, გადაწყვეტილება პოლიტიკურმა პარტიებმა ერთობლივი კონსულტაციების შედეგად მიიღეს, თუმცა ოპოზიციის აქცია ხვალ დილით განახლდება.

 

გარდა ამისა, გიგი უგულავამ დეპუტატებს მოუწოდა, ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო, დღეს პარლამენტის სხდომა გადაიდოს.

 

„ენით აღუწერელი ტრაგედია დატრიალდა გუშინ ჩვენს ქვეყანაში, ბაღდათის რაიონში ხანძრის ტრაგედიის შედეგად ხუთსულიანი ოჯახი და მათი ახლობელი დაიღუპა.

 

მინდა, პირველ რიგში, ოჯახს, მათ ახლობლებს მივუსამძიმრო ჩემი და გაერთიანებული ოპოზიციის სახელით. ამ მძიმე ტრაგედიის ფონზე, ჩვენ, პოლიტიკურმა პარტიებმა, ისევე როგორც სამოქალაქო აქტივისტებმა კონსულტაციის შედეგად გუშინ ღამით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეს აქცია, პიკეტი, „სირცხვილის კორიდორი“ არ ჩაგვეტარებინა, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ასეთი ენით აღუწერელი ტრაგედიის ფონზე, ჩვენ ყველას გვჭირდება დაფიქრება, მობილიზება და გლოვა. მინდა, ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე, აბსოლუტურად გულწრფელად მოვუწოდო საქართველოს პარლამენტს, დღეს პარლამენტის სხდომა გადაიდოს.

 

რაც შეეხება მომდევნო გეგმებს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმის მიხედვით, როდესაც პარლამენტში სხდომა გაიმართება და წესით, ხვალ უნდა იყოს მომდევნო სესია, ხვალ, 10:00 საათზე ჩვენ კვლავ შევიკრიბებით და მოვითხოვთ კვლავ პროპორციულ, სამართლიან არჩევნებს. კიდევ ერთხელ მინდა მწუხარება გამოვთქვა ამ განუზომელი ტრაგედიის გამო, რომელიც გუშინ ღამით ბაღდათის რაიონში დატრიალდა.

 

ხვალ იმ ფორმით გავაპროტესტებთ, რა ფორმითაც ვაპროტესტებდით - ეს არის „სირცხვილის კორიდორი“.

 

ჩვენი გეგმები ტრაგედიის გამო გადაიდო და მგონი, ეს აბსოლუტურად ლოგიკურია. კიდევ ერთხელ მინდა, ჩვენს პარლამენტს ვთხოვო, იფიქროს და გადადოს დღევანდელი სხდომა ერთსულოვნების ნიშნად, რომ ტრაგედიის წინაშე ყველანი სოლიდარული და თანაზიარნი ვართ“,-განაცხადა უგულავამ.

 

შეგახსენებთ, ბაღდათში ხანძრის შედეგად, ექვსი ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულია დედა ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად. არსებული ინფორმაციით, ქალი ფეხმძიმედ იყო. კიდევ ერთი გარდაცვლილი ქალი კი არსებული ინფორმაციით, ოჯახის ახლობელია.

წაკითხვა 532 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.