მთავრობა ბავშვთა შიმშილობას აღიარებს, მაგრამ იხტიბარს მაინც არ იტეხს
“ბოლო რამდენი დღეა პოლიტიკურ წრეებში აქტიურად მიდის საუბარი, თუ რამდენი ბავშვი შიმშილობს და საერთოდაც, არსებობს თუ არა ეს პრობლემა ქვეყანაში. გაეროს ბავშვთა ფონდ “იუნისეფის” ბოლო, 2018 წლის მონაცემებით, საქართველოში 77 ათასი ბავშვი შიმშილობს, 300 ბავშვი კი ყოველწლიურად შიმშილით იღუპება. ამ საკითხის ასეთი გააქტიურება პარტია “ლელო საქართველოსთვის” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებამ გამოიწვია, რასაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რევაზ არველაძის გამოხმაურება მოჰყვა, რომ საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ და “თუ ვინმე შიმშილობს, ესე იგი, ოპოზიციამ აშიმშილა ძველიდან მოყოლებული”. არველაძის ამ განცხადებას ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატაიაში სათაურით მთავრობა ბავშვთა შიმშილობას აღიარებს, მაგრამ იხტიბარს მაინც არ იტეხს.
“ქართულ ოცნებას” ჰყავს სამარცხვინო დეპუტაცია, თავად მილიონერები არიან, დალხენილი ცხოვრება აქვთ და თურმე ბავშვების შიმშილობას და სიღარიბეს ამ ქვეყანაში ვერ ხედავენ. ჩვენ ვითხოვთ პროპორციულ არჩევნებს, პროტესტი არ გაჩერდება და არ უნდა გაჩერდეს, ვიდრე რასაც დაგვპირდნენ იმას არ მივიღებთ”, - განაცხადა სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებელმა ალეკო ელისაშვილმა. 5 თებერვალს რევაზ არველაძემ პარლამენტში “მინისტრის საათის” ფარგლებში მისულ ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს კითხვით მიმართა განმარტებისთვის, შიმშილობენ თუ არა საქართველოში ბავშვები? რაზეც მინისტრმა თქვა, რომ ბავშვების შიმშილობის საკითხი დღესაც მწვავედ დგას. “შიმშილობენ თუ არა ბავშვები საქართველოში? - წლების განმავლობაში ნამდვილად იყო ეს საკითხი მწვავე თემა. ეს საკითხი დღესაც მწვავედ დგას. უნდა აღვნიშნო, რომ 2019 წლის იანვრიდან ხუთჯერ გაიზარდა ბავშვებზე გაწეული დახმარება. ასევე არსებობს საკვები ვაუჩერები, მაგრამ ჩვენ ნამდვილად ვთვლით, რომ ეს არ არის საკმარისი და ჯერ აღმასრულებებლ ხელისუფლებასაც ძალიან ბევრი აქვს სამუშაო იმისთვის, რომ ჩვენი ბავშვები არა მხოლოდ არ შიმშილობდნენ, არამედ მათი კეთილდღეობისთვის ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი”, - განაცხადა მინისტრმა, რომლის აზრით “ეს ჩვენი ყველას საზრუნავია”, - აღნიშნავს გამოცემა.
„დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალებით და იმ მოტივაციებით, რაც გაგვაჩნია, უახლოეს მომავალში ჩვენ შევძლებთ ამ პრობლემატიკის დაძლევასაც, რადგან ჯანდაცვის სამინისტროს ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია და პარტნიორი უდგას მხარში, გვეხმარებიან, რომ გავაანალიზოთ ის პრობლემები, რაც გვაქვს და ვმუშაობთ იმ გამოსავლებზე, რომელიც კეთილგონიერი იქნება”, - განაცხადა მინისტრმა. “იუნისეფის” მონაცემებით, საკვების მწვავე დეფიციტის, ან მასთან დაკავშირებული სხვადასხვა მიზეზით (როგორიცაა ორსულთა ანემია, ახალშობილთა მცირეწონიანობა, ფოლიუმის მჟავის ნაკლებობასთან ასოცირებული თანდაყოლილი ანომალიები, არასრულფასოვანი ძუძუთი კვების გამო და სხვა,) საქართველოში ყოველწლიურად 300 ბავშვი იღუპება. დაახლოებით 77 ათასი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ამ კვლევის შედეგად გაირკვა, რომ „ბავშვიანი ოჯახები არიან უფრო ღარიბნი და დაუცველნი, ვიდრე საზოგადოების სხვა ჯგუფები. და არსებული სოციალური დაცვის მექანიზმები, რომლებიც ქვეყანაში მოქმედებს, სათანადოდ ვერ ითვალისწინებს ბავშვების ინტერესებს”... ცნობისათვის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით საქართველოში 77 000 ბავშვი რომ შიმშილობს ეს არის ის პრობლემა, რომელიც მმართველმა პარტიამ ვერ მოაგვარა. როგორც პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, ეს ციფრები რეალობას არ შეესაბამება”, - დასძენს გამოცემა.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი